აღმოსავლეთი ჩინეთი
აღმოსავლეთი ჩინეთი – აღმოსავლეთი აზიის ყველაზე მასიური და სუსტად დანაწევრებული რეგიონია, რომლის ბუნების ძირითად ნიშნებსაც განსაზღვრავს ტერიტორიის ტექტონიკურ აგებულებაში ბაქნური სტრუქტურების გაბატონება, სუბტროპიკული და ტროპიკული სარტყლების აღმოსავლეთ ოკეანურ სექტორში მდებარეობა და მასთან დაკავშირებული ატმოსფეროს მუსონური ცირკულაცია. მატერიკული აზიის ფარგლებში იგი ნათლად გამოიყოფა მუსონური ჰავითა და ადამიანის სანგრძლივ ბუნებათსარგებლობასთან დაკავშირებული ძლიერ სახეშეცვლილი ლანდშაფტებით. იგი ჩინეთის ყველაზე ტყიანი და ყველაზე მჭიდროდ დასახლებული რეგიონია. იგი მოიცავს მდინარეების იანძის შუა და ქვემო და ხუანხეს ქვემო აუზების ტერიტორიას ჩ. გ. დაახლოებით 41 და I8° შორის. აღმოსავლეთიდან და სამხრეთიდან აკრავს წყნარი ოკეანის ზღვები (ყვითელი, აღმოსავლეთ ჩინეთისა და სამხრეთ ჩინეთის), დასავლეთიდან ესაზღვრება ცენტრალური აზია (ორდოსის უდაბნო ზეგანი და ტიბეტის მთიანეთი), ჩრდილოეთიდან ლიაოსის მთები.
სარჩევი |
რელიეფი
აღმოსავლეთ ჩინეთის თანამედროვე რელიეფი ჩამოყალიბდა ჩინეთის ბაქნის – ამ რეგიონის რელიეფის ნეოტექტონიკურ მოძრაობათა მიერ გაახალგაზრდავების შედეგად. მასში შერწყმულია დაბალი და საშუალო სიმაღლის ეპიბაქნური (აღორძინებული) მთები, ძველ მდგრად მასივებზე განვითარებული ვრცელი ქვაბულები, აგრეთვე აკუმულაციური ვაკე-დაბლობები და ნაოჭა-ლოდა მთიანეთები. მთიანი მასივების რელიეფი ნათლად ასახავს ხანგრძლივ კონტინენტურ განვითარებას, რასთანაც დაკავშირებულია მოსწორებული ზედაპირებისა და მოგლუვებული მწვერვალების ფართო განვითარება და ნეოტექტონიკურ ვერტიკალურ-დიფერენციალურ დარღვევით მოძრაობასთან დაკავშირებული, გაახალგაზრდავებული რელიეფი (ნაოჭა-ლოდა მთები და მთათაშუა ქვაბულები) და ვულკანიზმი.
მთავარი ოროგრაფიული ერთეულებიდან აღსანიშნავია: ვაკე-დაბლობებს შორის – დიდი ჩინეთის ვაკე და იანძის შუა და ქვემო დინების დაბლობი; ქვაბულებიდან – წითელი, ანუ სიჩუანის ქვაბული იანძის შუა დინებაზე; მთიანი მასივებიდან – ოროგრაფიულად ყველაზე მკაფიოდ გამოხატული და ყველაზე მაღალმთიანი (4000 მ-ზე მეტი) ცინლინის განედური ქედი, რომელიც წარმოადგენს ხუანხესა და იანძის წყალგამყოფს და ამავე დროს მნიშვნელოვან კლიმატ და ლანდშაუტგამყოუს. რეგიონის სამსრეთ-დასავლეთი ნაწილი უკავია გუიჯოუს და იუნანის მთიანეთებს. ეს უკანასევნელი ხასიათდება ტროპიკული კარსტის ფართო განვითარებით. შუა და ქვემო იანძის მარჯვენა აუზში მთელი სამხრეთ-აღმოსავლეთი ჩინეთი უკაეია ქაოტურად განლაგებულ, საშუალო სიმაღლის მრავალრიცხოვან მოგლუვებულთხემებიან მთებს და პლატოებს, რომლებიც ერთმანეთისაგან გამოყოფილია მდინარეთა განიერი და ღრმა ხეობებით, ამ მთიანი მხარის ცენტრალური, ყველაზე მაღალი (2000 მ-ზე მეტი) ნაწილი ცნობილია ნასლინის, ხოლო აღმოსავლეთი ნაწილი უიშანის სახელწოდებით.
მატერიკული ჩინეთის სამხრეთ-აღმოსაელეთი პერიფერიის გაყოლებით მრავალრიცხოვანი წვრილი კუნძული და ორი დიდი კუნძულია (ტაივანი და ხაინანი) მთიანი რელიეფით. ეს ორი კუნძული, რომელთა ჯამური ფართობი (შესაბამისად 36 და 34 ათას კმ) საქართველოს ტერიტორიის ტოლია, კონტინენტისაგან გამოყოფილია მათივე სახელწოდების სრუტეებით.
ძირითად მორფოსტრუქტურულ და ოროგრაფიულ ერთეულებს შორის გამორჩეული ადგილი უკავია (განსაკუთრებით ქვეყნის მეურნეობის განვითარების და უძველესი ჩინური ცივილიზაციის ჩამოყალიბების თვალსაზრისით) დიდი ჩინეთის ვაკეს, რომელიც წარმოიქმნა მესამეულის დამლევს ჩინეთის ბაქნის სინეკლიზის მდინარე ხუანხეს ალუვიური წყებებით ამოვსების შედეგად. მას სამი მხრიდან აკრავს დაბალმთიანი მასივები, ხოლო აღმოსავლეთიდან ყვითელი ზღვა. აკუმულაციური დაბლობის ბრტყელი ზედაპირის ერთფეროვნებაში უმნიშვნელო კორექტივები შეაქვს კრისტალური ფუნდამენტის გაშიშვლებით წარმოქმნილ ცალკეულ ჭიუხებს და მდინარეთა მშრალი კალაპოტების გასწვრივ განლაგებულ დიუნურ სერებს. იანძის შუა და ქვემო დინების დაბლობს, რომელიც დიდი ჩინეთის ვაკისაგან გამოყოფილია პენეპლენიზირებული შანდუნის მასივით, სხვადასხვა მიმართულებით კვეთენ დაბალი მთები, რის შედეგადაც წარმოქმნილია მთელი რიგი ვრცელი ბრტყელძირიანი ქვაბულები.
ჰავა
აღმოსავლეთი ჩინეთი მუსონური ჰავისა და ლანდშაფტების კლასიკური რეგიონია. მის ძირითად ნაწილზე მუსონური სუბტროპიკული ჰავაა, უკიდურეს ჩრდილო ნაწილში – მუსონური ზომიერი, ხოლო სამხრეთ პერიფერიაზე (ზღვისპირა) და მიმდებარე კუნძულებზე – მუსონურ-სუბეკვატორული, ჰაერის მასების და მასთან დაკავშირებით ატმოსფერული ნალექების მოსვლის ნათლად გამოხატული სეზონური რითმით. მდინარე იანძიდან ჩრდილოეთით წლიური ნალექების 70 % მოდის ზაფხულის მუსონზე. მდინარე იანძიდან სამხრეთით ზამთარშიც მნიშვნელოვანი რაოდენობის ფრონტალურ-ციკლონური ნალექი მოდის (ფრონტი წარმოიქმნება კონტინენტურ და წყნაროკეანურ-ბლვურ ჰაერს შორის) ამიტომ სამხრეთში ნალექები სეზონურად უფრო თანაბრადაა განაწილებული, ვიდრე იანძიდან ჩრღილოეთით. ნალექების წლიური რაოდენობა აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ და სამხრეთიდან ჩრდილოეთისაკენ კლებულობს 2000-დან 600 მმ- მდე.
ჰაერის ტემპერატურა (განსაკუთრებით ზამთრის თვეების) ნორმალურზე დაბალია, ვინაიდან ჩრდილოეთიდან თავისუფლად იჭრება ცივი ჰაერი. მხოლოდ ცინლინის განედური ქედი ქმნის მის წინაშე საკმაოდ ეფექტურ წინაღობას, რის გამოც მისგან ჩრდილოეთით ზამთრის თვეების საშუალო ტემპერატურა უარყოფითია (მინუს 4°-მდე), ხოლო სამხრეთით – დადებითი და აღწევს 18°. ჩრდილოეთიდან ცივი ჰაერის შემოჭრას რეგიონის ძირითად ნაწილზე ახლავს თოვლიანი ამინდი. ჰავის შიდა ტერიტორიული კონტრასტები ყველაზე ნათლად გამოხატულია ზამთრის ტემპერატურების განაწილებაში განედის მიხედეით. ზაფხული ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე ცხელი და მხუთვარეა. ივლისის საშუალო ტემპერატურა პლუს 24-10° ფარგლებში იცვლება. დასავლეთისაკენ ზაფხულის თვეების ტემპერატურა თანდათან მატულობს, ნალექები მცირდება.
აღმოსავლეთ ჩინეთში ჰავა და ძირითად ნაწილზე რელიეფიც ხელსაყრელია ზედაპირული ჩამონადენის წარმოქმნისათვის. მდინარეები ხასიათდება მუსონური რეჟიმით, თუმცა ჩამონადენში ზაფხულის მუსონურ წვიმებთან ერთად მნიშვნელოვანი წილი აქვს ნადნობ წყალს, ვინაიდან დიდ მდინარეებს სათავეები ტიბეტის მაღალ მთიანეთში აქვთ.
მცენარეული საფარი და ცხოველთა სამყარო
ბუნებრივად, აღმოსავლეთ ჩინეთის ტერიტორია თითქმის მთლიანად ეკავა ტყეების ლანდშაფტს, ძირითად ნაწილზე (ცილნინის განედური ქედიდან სამხრეთით) სუბტროპიკულ მუსონურ შერეულ ტყეებს ტყის ყომრალ ნიადაგებზე, ხოლო ჩრდილოეთ ნაწილში – ზომიერი ჰავის ფართოფოთლოვან (მუხა, წიფელი, ნეკერჩხალი და სხვა) ტყეებს და ტყესტეპებს ტყის ყომრალ და შავმიწა ნიადაგებზე სამხრეთ-აღმოსავლეთ პერიფერიაზე და კუნძულებზე განვითარებული იყო სუბეკვატორული ცვალებადტეხნიანი ტყეები ყვითელმიწა-წითელმიწა-ფერალიტურ ნიადაგებზე.
ამჟამად პირველადი (ველური) ტყის ლანდშაფტი შემოგვრჩა მხოლოდ ძნელად მისადგომ მთიან უბნებში, სხვაგან ტერიტორია ათვისებულია და ველური ლანდშაფტის ადგილი უკავია აგრო- ლანდშაფტებს (სიმინდი, ბამბა, ბრინჯი, ჩაი, არაქისი, თამბაქო, ბატატი და სხვა) და დასახლებულ უბნებს. მნიშვნელოვანი ფართობი უკავია აგრეთვე სამთამადნო კომპლექსებს. სამხრეთ- აღმოსავლეთ მთიან ზონაში ძირითადი ტყეშემქმნელი ჯიშებიდან აღსანიშნავია ქაფურის და სახდალოზის ხეები, ამბრის ხე, მაგნოლია, ხედაფნა, მარადმწვანე მუხები და სხვ. იუნანის მთიანეთში ქვედა ზონაში გავრცელებულია ფიკუსის ადგილობრივი სახეობა, არწივის ხე, ჰურის ხე, ჩინური ლილიოდენდრონი, ხავერდის ხე (ჩინური კორპის ხე) და სსვა. მთატყის ზედა ზონაში გაბატონებულია წიწვიანები (ფიჭვი, კედარი და სხვა). აღნიშნული ტყეების ბინადრებიდან აღსანიშნავია ბამბუკის დათვი (პანდა), ლემურები, გიბოსი, ენოტისმაგვარი ძაღლი, ჯიქი, ჰიმალაის შავი დათვი, მდიდარია ფრინველთა (განსაკუთრებით წყლის) ფაუნა. სანაპირო წყლებში თევზთა მრავალი სახეობაა.
ბუნებრივი რესურსები
აღმოსავლეთ ჩინეთის ბუნებრივი რესურსებიდან პირველ რიგში აღსანიშნავია ნიადაგკლიმატური, აგრეთვე წყლის რესურსები. რეგიონის ტერიტორია ასევე მდიდარია წიაღისეული (ფერადი ლითონები, ქვანახშირი, ნავთობი და სხვა) და ბიოლოგიური რესურსებით.