აჩაბეთის ციხე
აჩაბეთის ციხე - XVI-XVIII საუკუნეები. ციხე დგას მოვაკებულ ადგილას. ნაგებია რიყისა და ფლეთილი ქვით დუღაბზე. ციხის ნანგრევებში ჩანს მშენებლობის ოთხი ქრონოლოგიური ფენა. თავდაპირველად აქ იდგა კოშკი მცირე ზომის გალავნით. გალავანი გეგმით ნახევარწრეს უახლოვდება. მოგვიანებით მას სამხრეთიდან და აღმოსავლეთიდან მიაშენეს უფრო დიდი ზომის, გეგმით ისევ ნახევარწრეს მიახლოებული გალავანი. ციხის მესამე გალავანი მოიცავს 700 კვ.მ. ფართობს. გეგმით ტრაპეციას უახლოვდება. გალავანი შემორჩენილია ფრაგმენტულად. კოშკი არასწორი ფორმისაა. ქვედა ნაწილი ოთხკუთხედია, ზევით კუთხეები მომრგვალებულია. კოშკის შემორჩენილ კედლებზე ჩანს ოთხი სართულის კვალი. პირველი სართულის აღმოსავლეთ კედელში სწორკუთხა სარკმელია. შესასვლელი მეორე სართულზეა მოწყობილი. შესასვლელის მარცხნივ ბუხარი იყო. აღმოსავლეთ და დასავლეთ კედლებში, თითო სწორკუთხა სარკმელია. მესამე სართულის კედლებში ერთმაგი და ორმაგი სათოფურებია. მეოთხე სართულის კედლებიდან მხოლოდ ქვედა ნაწილებია შემორჩენილი. კოშკი ნაგებია რიყის ქვით. ჩრდილოეთი ფასადის ცენტრში ნახევარწრიული შვერილია – კონტრფორსის სახით. ციხის აღმოსავლეთ ნაწილში მცირე ზომის სამლოცველოა. ეკლესიიდან შემორჩენილია კედლების წყობის ქვედა ქვები. გეგმა არ იკითხება. ციხე ძლიერ არის დაზიანებული. ვახუშტის მიხედვით: „თირის მონასტრის ხევზედ, გორის ძირს, არს აჩაბეთი სასახლე და ციხე მეფეთა“.
წყარო
შიდა ქართლი:პატარა და დიდი ლიახვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა