აწყურის წმინდა გიორგის ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა აწყურის თეთრი გიორგის ეკლესია-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
აწყური.თეთრი გიორგის ეკლესია

აწყურის წმინდა გიორგის ეკლესია − („თეთრი გიორგი,“ X-XIII სს.), მდებარეობს სოფ. აწყურის (ახმეტის მუნიციპალიტეტი, ალავერდის ეპარქია) სამხრეთით 2 კმ. დაშორებით, პატარა ველზე.

კომპლექსში შედის ეკლესია, სამრეკლო, გალავანი და დამხმარე ნაგებობანი. ეკლესია და გალავანი განეკუთვნება X-XIII სს., სამრეკლო – XVI ს. ბოლოს – XX ს. დასაწყისს. გუმბათოვანი ეკლესია, „თავისუფალი ჯვრის“ ტიპისაა. აქვს ძლიერ წაგრძელებული აღმოსავლეთით და დასავლეთით მკლავები. ნაგებობა ქრონოლოგიურად განსხვავებულ სამ ძირითად ფენას შეიცავს, რომლებიც სხვადასხვა საშენი მასალითაა ნაწყობი. შენობის ნაწილთაგან უადრესია აღმოსავლეთ მკლავი, იგი მთლიანად მოზრდილი ზომის რიყის ქვითაა ნაგები, დანარჩენი მკლავები – თარაზულ რიგებად დაწყობილი შირიმის კვადრებით. გუმბათი XVI საუკუნისაა და მთლიანად აგურითაა აშენებული. 1988 წ. ინტერიერი მთლიანად მოხატეს.

თეთრი გიორგისადმი მიძღვნილი დღესასწაული 14 აგვისტოს იმართებოდა. ამ დღეს „ხატობა“ საღამოს იწყებოდა და მთელ ღამეს გრძელდებოდა. ხალხი რამდენჯერმე შემოუვლიდა ეკლესიას გალობით. ეკლესიის ეზოში ცეკვავდნენ თეთრად მორთული „ხატის მონები“, ზოგი ხატის უღლითა და მძიმე ჯაჭვით დატვირთული, ჩოქვით შემოუვლიდა ტაძარს და სანთლებს ამაგრებდა მის კედლებზე. ზოგი ქადაგად დაეცემოდა და ხალხს ხატის ნებას უცხადებდა. კარის ზღურბლზე წვებოდა „ხატის მონა“, რომელსაც ყველა შემსვლელი ფეხს ადგამდა. წირვის შემდეგ იკვლებოდა შეწირული საქონელი, ფრინველი, იმართებოდა პურობა, რომელიც თითქმის მთელ კვირას გრძელდებოდა.

ტაძარი დგას მაღალი გალავნით შემოზღუდული წრიული ნაკვეთის შუაში. შესასვლელი ორია: ერთი დასავლეთ მკლავის დასავლეთ კედელშია (ამჟამად გაუქმებულია) გაჭრილი, მეორე - დასავლეთ მკლავის ჩრდილოეთ კედელში. დასავლეთის კარს ადრე საგანგებო რიტუალის დროს იყენებდნენ. ჩრდილო და სამხრეთ მკლავები ორჯერ უფრო მოკლეა აღმოსავლეთ და დასავლეთ მკლავებზე. ეკლესია დაბალია (სიმაღლე იატაკიდან კამარის წვერამდე ოდნავ აღემატება თითოეული მკლავის სიგანეს). საკურთხევლის აფსიდა გეგმით არასრული ნახევარწრეა. მის წინ საკმაოდ ღრმა ბემაა. გუმბათქვეშა თაღები ჯვრის მკლავების გადაკვეთის კუთხეებში გამოყოფილ პილასტრებს ეყრდნობა. პილასტრებს შირიმის რთული პროფილის მაღალი კაპიტელები აქვთ. დასავლეთ მკლავის გრძივ კედლებზე ორ-ორი დეკორატიული თაღია, ჩრდილოეთ და სამხრეთ მკლავების გრძივ კედლებზე კი – თითო. ტაძრის ინტერიერი კარგადაა განათებული. აფსიდის ღერძზე და ბემის სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებში, ერთმანეთის პირდაპირ თითო თაღოვანი სარკმელია. თითო მსგავსი სარკმელია სამხრეთ და ჩრდილოეთ მკლავების სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებში, რომელთა თავზე თითო პატარა მრგვალი სარკმელია. ერთი მრგვალი სარკმელი დასავლეთ მკლავშია – ტაძრის მთავარი შესასვლელის თავზე. თითო თაღოვანი სარკმელია სამხრეთ და ჩრდილოეთ მკლავების აღმოსავლეთ კედლებში. გუმბათქვეშა კვადრატიდან გუმბათის წრიულ საფუძველზე გადასასვლელად გამოყენებულია ბრტყელი აფრები. თვით კვადრატი შემცირებულია დამატებითი შეკიდებული თაღებით. გუმბათის ყელში რვა განიერი და მაღალი თაღოვანი სარკმელია. გუმბათის ყელის საფუძველს პროფილირებული რგოლი შემოუყვება. ეკლესიის ფასადები შელესილი და შეთეთრებულია. ერთ დონეზე განლაგებულ ყველა თაღოვან სარკმელს ორმაგი ლილვის ჩარჩო აქვს შემოვლებული, მრგვალ სარკმლებსა და ჩრდილოეთით სწორკუთხა შესასვლელს თითო ლილვი შემოუყვება. დასავლეთის სწორკუთხა შესასვლელიც ლილვებითაა მოჩარჩოებული. ჩარჩოს ფორმა რთულია, ხელოვნური. შესასვლელი მოქცეულია ბურთულებიან ბაზისებზე დაყრდნობილ ლილვის ჩარჩოში. ჩარჩო ზემოთ, შუაში, გახსნილია და ებმის ნალისებური ფორმის პატარა ჩარჩოს, რომელიც გარს უვლის შესასვლელის ზღუდარის თავზე მდებარე ცხენზე ამხედრებულ წმ. გიორგის რელიეფურ გამოსახულებას. რელიეფის ქვემოთ, ზღუდარზე, ფონის ჩაღრმავებით ტოლმკლავა ჯვარია გამოყვანილი. კარის შემკულობას გარს ევლება მსგავსი ფორმის, მაგრამ გაცილებით განიერი და კედლის სიბრტყიდან მკვეთრად შვერილი ჩარჩო. ჩარჩოს გვერდები, რომლებიც ორ ლილვს შორის მოქცეულ ფართო ნახევარწრიული ღარისგან შედგება, მარტივი კაპიტელებითაა დასრულებული. ზედა ნაწილი სამმაგი ლილვისაა. იგი შუაში გახსნილია და ებმის შემაღლებულ თაღს, რომლის არეში მრგვალი სარკმელია მოქცეული.

ტაძრის გუმბათი არაპროპორციულადაა წაგრძელებული, მისი ცილინდრული ყელი სამი ჰორიზონტალური ლილვითა და ერთმანეთისგან თანაბარი მანძილით დაშორებულ ვერტიკალური ლილვებით დაყოფილია უჯრედებად. ქვედა უჯრედები კვადრატულია, თითოეულში წყობის შეღრმავებით თითო რომბია გამოყვანილი. ზედა უჯრედები ქვედაზე თითქმის სამჯერ მაღალია. მათში, ყოველ მესამეში, თითო თაღოვანი სარკმელია. სარკმლებს ზემოთ, ყელის ზედა ნაწილში, ნალესობით გამოყვანილია თითო კლასიცისტური ელემენტი (ორ სვეტზე დაყრდნობილი ფრონტონის იმიტაცია), რომელთა შორის თითო წრიული რგოლია მოთავსებული.

გუმბათის ყელის ლავგარდნის პროფილს შეადგენს შეზნექილი მრუდე ზედაპირი და ლილვი. ტაძარს შირიმის ლავგარდანი აქვს, რომლის პროფილს ქმნის თარო, შეზნექილი მრუდე ზედაპირი და ლილვი. სამრეკლო გალავნის ჩრდილოეთ კედელზეა მიდგმული, ნაგებია აგურით. სამსართულიანია. თავდაპირველი სახე შეცვლილი აქვს. ორი სართულის კედლების მნიშვნელოვანი ნაწილი XX ს. დასაწყისის საცხოვრებელი და სამეურნეო დანიშნულების მინაშენებითაა დაფარული. ქვედა ორი სართული გეგმით სწორკუთხაა (3.3 X 4.8 მ), ორივე სართულს შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. მესამე ცილინდრული ფორმის, რვამალიანი, გუმბათოვანი კამარით დასრულებული მაღალი ფანჩატურია. გადახურულია თუნუქით შემოსილი კონუსისებური სახურავით. ტაძარი მოქმედია.

თ. დვალი

ლიტერატურა

  • ბარდაველიძე ვ., აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის ტრადიციული საზოგადოებრივ-საკულტო ძეგლები, ტ. 1, ფშავი, თბ., 1974;
  • Чубинашвили Г. Н., Архитектура Кахетии, Tб., 1959.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები