ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
საქართველოს გუნდის მედროშე, ძიუდოისტი თამაზ კირაკოზაშვილი ზაფხულის II ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე. ნანძინი, 2014 წელი

ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები - ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ ორგანიზებული საერთაშორისო მულტისპორტული შეჯიბრებაა. როგორც ზაფხულის, ისე ზამთრის თამაშები 4 წელიწადში ერთხელ ტარდება. ზაფხულის თამაშებში 15-18 წლის 3500-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობს, 12 დღე გრძელდება და გარდა ოლიმპიური სახეობებისა, პროგრამაში შეიძლება ჩართული იყოს რამდენიმე არაოლიმპიური სახეობაც. ზამთრის თამაშებში იგივე ასაკობრივი ჯგუფის 1100-ზე მეტი სპორტსმენი გამოდის, თამაშები გრძელდება 10 დღე, პროგრამაშია ზამთრის 7 და რამდენიმე არაოლიმპიური სახეობა.

ახალგაზრდებისთვის ოლიმპიური თამაშების მსგავსი ასპარეზობის გამართვის იდეა 1998 წელს წამოაყენა ავსტრიელმა სამრეწველო მენეჯერმა იოჰან როსენზოფმა. ამ საინტერესო წინადადებას მხარი დაუჭირა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მაშინდელმა პრეზიდენტმა, ბელგიელმა ჟაკ როგემ, შემდეგ კი - სოკ-ის აღმასრულებელმა საბჭომ და 2007 წლის 6 ივლისს გვატემალაში გამართულმა სოკ-ის 119-ე სესიამ.

2010 წლის საინაუგურაციო ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ჩატარების ადგილად სინგაპური გამოაცხადდა, ზამთრის პირველი ახალგაზრდული თამაშების მასპინძლობის პატივი კი 1964 და 1976 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების დედაქალაქ ინსბრუკს ერგო. ინსბრუკმა სადებიუტო ახალგაზრდული ოლიმპიადა 2012 წელს მიიღო.

თამაშების გახსნაზე დელეგაციათა აღლუმი, დიდი ოლიმპიადის მსგავსად, მასპინძელი ქვეყნის ანბანის თანმიმდევრობით მიმდინარეობს. გამონაკლისია საბერძნეთი, რომელიც ტრადიციისამებრ სათავეში უდგას დელეგაციებს, ხოლო მასპინძელი ქვეყანა ბოლოს გამოდის. აქაც სრულდება ოლიმპიური ჰიმნი, აღიმართება ოლიმპიური დროშა, ინთება ოლიმპიური ცეცხლი, დებენ ოლიმპიურ ფიცს.

თამაშებში დაშვების კრიტერიუმს, შესაბამის საერთაშორისო სპორტულ ფედერაციებთან ერთად, განსაზღვრავს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი. იმისთვის, რომ შეჯიბრებებში ყველა ქვეყანა იყოს წარმოდგენილი, დაწესებულია შეღავათები შედარებით დაბალი კვალიფიკაციის სპორტსმენებისთვის. იგივე წესი ვრცელდება გუნდურ სახეობებზე. გარდა ამისა, რიგ სახეობებში სხვადასხვა ქვეყნის სპორტსმენებს ერთ გუნდად ასპარეზობის საშუალება ეძლევათ. გაერთიანებული გუნდის ჩემპიონობის შემთხვევაში აღიმართება ოლიმპიური დროშა და ჟღერს ოლიმპიური ჰიმნი. ასევე მედლები თამაშდება გენდერულად შერეულ გუნდებს შორის. ზაფხულის პირველ ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ აღიარებული 204 ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი იყო წარმოდგენილი, გარდა კუვეიტისა, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან ქვეყნის ოლიმპიურ მოძრაობაში ჩარევის გამო მოიკვეთა, თუმცა მათ სპორტსმენებს დამოუკიდებელი გუნდით და ოლიმპიური დროშით გამოსვლის უფლება მიეცათ. საინაუგურაციო თამაშების პროგრამა სპორტის 26 სახეობას მოიცავდა, სადაც მედლების 201 კომპლექტისთვის 3524 სპორტსმენი ჩაება.

ზამთრის პირველ ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებს 69 ქვეყნის 1022 სპორტსმენი ეწვია, რომლებმაც სპორტის 7 სახეობაში მედლების 63 კომპლექტი გაითამაშეს.

საქართველოს დელეგაცია ზაფხულისა და ზამთრის ყველა ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობდა.



წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები