ახალი ხელოვნება ამერიკაში

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გრანთ ვუდი. ამერიკული გოთიკა, 1930; ზეთი ბივერბორდზე, 74.3.X62.4 სმ. ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტი. ამერიკის ხელოვნების კოლექციის მეგობრები.

ახალი ხელოვნება ამერიკაში ორ მსოფლიო ომს შორის – ამერიკულ ხელოვნებაში ეროვნული ვიზუალური იდენტობის აუცილებლობა ორ მსოფლიო ომს შორის გაჩნდა. მაგრამ ვინაიდან ამერიკის შეერთებული შტატები უზარმაზარი ქვეყანა იყო, იქ მკვიდრი, მრავალი „იდენტობის“ მქონე, სხვადასხვა ერების მცდელობამ გაერთიანებულიყვნენ ერთი, გამოგონილი, არსობრივად მამაკაცური, ანგლო-საქსური ეროვნული მახასიათებლების გარშემო, კიდევ უფრო ძლიერად წარმოაჩინა აფრო-ამერიკელების, ემიგრანტების, ქალებისა თუ სხვათა შემოქმედებითი და ექსპერიმენტული ხელოვნება.

სარჩევი

ჰარლემის რენესანსი

ჯეიმს ვან დერ ზი. ენოტის ქურქებიანი წყვილი კადილაკთან, 1932; გადაღებულია ჰარლემის 127-ე ქუჩის დასავლეთით, ნიუ იორკი. დაბეჭდილია ჟელატინ-ვერცხლის ქაღალდზე

1930-იან წლებში, ასიათასობით აფრო-ამერიკელი ქვეყნის სასოფლო, ძირითადად აგრარული სამხრეთიდან, ურბანულ, ინდუსტრიულ ჩრდილოეთში გადავიდა საცხოვრებლად, რათა რასობრივ ჩაგვრას გაქცეოდა და დიდ სოციალურ და ეკონომიკურ შესძლებლობებს ზიარებოდა. ამ დიდმა მიგრაციამ საერთო ეროვნული New Negro (ახალ შავკანიანთა) მოძრაობის ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი, ნიუ იორკში კი ჰარლემის რენესანსი დაბადა. მათში აფრო-ამერიკელთა მეტი სოციალური და პოლიტიკური აქტივობისკენ მოწოდება ისმოდა.

1920-1930-იან წლებში, ჰარლემის საშუალო კლასის შეძლებულმა აფრო-ამერიკულმა თემმა ისეთი ფიგურები დაბადა, როგორიცაა ჯაზის მუსიკოსი დიუკ ელინგტონი, ნოველისტი ჯინ თუმერი და პოეტი ლენგსთონ ჰიუზი. მოძრაობის ინტელექტუალური ლიდერი კრიტიკოსი და ფილოსოფიის პროფესორი ალან ლოქი (Alain Locke, 1886-1954) ამტკიცებდა, რომ შავკანიანმა ხელოვანებმა თავიანთი შემოქმედებითი ფესვები ტრადიციულ აფრიკულ ხელოვნებაში უნდა ეძიონ და არ გაითქვიფონ ამერიკული ან ევროპული შემოქმედებითი ტრადიციების მეინსტრიმში.

სოფლის ამერიკა

1930-იან წლებში, ხელოვანები, რომლებიც უფრო ცნობილნი არიან რეგიონალისტების საერთო სახელით, წინა პლანზე წევენ შუა დასავლეთის თემატიკას. 1931 წელს, დიდი დეპრესიის ზეობისას, გრანთ ვუდი (Grant Wood, 1891-1942) - მოგვიანებით, ის აიოვას უნივერსიტეტში ასწავლიდა - ხატავს ცნობილ ტილოს, სახელწოდებით ამერიკული გოთიკა. ეს ნამუშევარი ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტმა შეიძინა და ამით, ვუდს საქვეყნო აღიარება მოუტანა. ამ სურათმა მოიცვა ყოველივე ის კარგი და ცუდი, რაც ქვეყნის შუაგულს ახასიათებდა 1930-იან წლებში. ვუდი გამოსახავს ასაკოვან მამასა და მის გაუთხოვარ ქალიშვილს, რომლებიც თავიანთი ნეოგოთიკური სახლის წინ დგანან. მათი სამოსი იმ დროისთვისაც კი ძველმოდურად გამოიყურება. სურათისთვის პოზირებენ ვუდის სტომატოლოგი და მისი და ნანი, რომელსაც ვუდის დედის კამეო ამშვენებს და არშიამოვლებული წინსაფრი მოსავს. შენობა მათ უკან, აიოვას პარტარა ქალაქ ელდონის რეალური მოკრძალებული სახლის მიხედვითაა შექმნილი. ქალიშვილის გრძელი, სევდიანი სახე მამისას ეხმიანება. ის გაუთხოვარია და სავარაუდოდ, ასეთად დარჩება. 1931 წლისთვის, შუა დასავლეთში ქმრის მოძებნა არ იყო მარტივი, რადგან ახალგაზრდა მამაკაცების უმრავლესობამ ფერმები მიატოვა და სამუშაოსთვის ჩიკაგოს მიაშურა. თავისი მკვრივად დაწერილი, აღწერითი ხასიათის დეტალებით, ეს ტილო იმ ფლამანდიური რენესანსის მხატვარებისადმი გამოხატავს პატივისცემას, რომლებიც ასე აღაფრთოვანებდნენ ვუდს.

კანადა

თომ თომსონი.Jack Pine (კანადური ფიჭვი), 1916-1917; ტილო, ზეთი, 127.9X139.8 სმ. კანადის ეროვნული გალერეა, ოტავა, ონტარიო. შეძენილია 1918 წელს

XIX საუკუნეში კანადელმა ხელოვანებმა, თავისი ამერიკელი (აშშ) კოლეგების მსგავსად, თანდათანობით ევროპული ხელოვნებისგან საკუთარი დამოუკიდებლობის წარმოჩენა დაიწყეს და საამისოდ, კანადის დიდებული, მოუთვინიერებელი, ველური ბუნების ხატვას მიჰყვეს ხელი. ზოგი მათგანი ფიგურატიული გამოსახულებების შესაქმენლად პარიზში შესწავლილ აკადემიურ რეალიზმს მიმართავდა, სხვები კი იმპრესიონიზმის პრიზმაში ხედავდნენ და გადმოსცემდნენ კანადურ პეიზაჟებს.

1910-იანი წლების დასაწყისში, ტორონტოს ახალგაზრდა შემოქმედთა ჯგუფი - მის წევრთა უმრავლესობა ერთი და იგივე კომერციული სახელოვნებო ფირმისთვის მუშაობდა - ერთად იწყებს ხატვას და თავის ნამუშევრებში, ეროვნული იდენტობის ნიშანად, კანადის ჩრდილოეთის მკაცრ პეიზაჟებს წარმოგვიდგენს. ამ მოძრაობის საკვანძო ფიგურა თომ თომსონი (1877-1917) იყო. 1912 წლიდან, ყოველი წლის თბილ თვეებს ის ტორონტოდან ჩრდილოეთით, 180 მილის სიშორეზე მდებარე ალგონქუინის პროვინციულ პარკში, ტყის უზარმაზარ ნაკრძალში ატარებდა. მხატვარი მცირე ზომის, მუყაოზე ზეთით სწრაფად დაწერილ უამრავ ჩანახატს ასრულებდა, ზამთრობით კი მათ საფუძველზე, სახელოსნოში სრულფორმატიან სურათებს ქმნიდა. 1916 წლის გაზაფხულზე შექმნილი ჩანახატი საფუძვლად დაედო ნამუშევარს JACK PINE (კანადური ფიჭვი). ეს მჭიდროდ კომპონირებული კომპოზიცია წარმოგვიდგენს სტილიზებულ ფიჭვს, რომელიც წინა პლანზე გამოსახული კლდოვანი ნაპირიდანაა ამოიზრდილი. ხე მკაფიო სილუეტად იკითხება ტბისა და ცის ნათელ ფონზე, რომელიც ჰორიზონტალზე, ცივი ლურჯით დაფერილი გორაკებითაა გაყოფილი. დასამახსოვრებელი მშვენიერების მქონე ტილოში დასადგურებულმა მოწიწების განსაკუთრებულმა განწყობამ, რომელიც განმარტოვებულ ჩრდილოურ პეიზაჟში ღვთაებრივის ყოფნას გვაგრძნობინებს, კანადის ეროვნული ხელოვნების ხატად აქცია ეს სურათი.

ადგილობრივი ამერიკული გავლენები

ემილი ქარი. დიდი ყორანი, 1931; ტილო, ზეთი, 87X114 სმ. ვანკუვერის ხელოვნების გალერეის კოლექცია. ემილი ქარის ტრასტი

ემილი ქარი (Emily Carr, 1871-1945), მხატვარი დასავლეთი სანაპიროდან, ბრიტანული კოლუმბიის ქალაქ ვიქტორიაში დაიბადა. ხელოვნებას ის სან ფრანცისკოში, ინგლისსა და პარიზში დაეუფლა. 1907 წელს ალასკაზე მოგზაურობისას, მხატვარი ჩრდილო-დასავლეთი სანაპიროს ადგილობრივ ინდიელთა მიერ შექმნილ, ხეზე კვეთილ მონუმენტურ ბოძებს წააწყდა და ამ „წარმავალ ხალხთა ხელოვნების ნამდვილი საგანძურის“ აღბეჭდვა გადაწყვიტა. შემდეგი 23 წლის განმავლობაში ქარმა ბრიტანული კოლუმბიის ოცდაათზე მეტი მხარე მოინახულა და მომავალი ფერწერული ნამუშევრებისთვის ფანქრითა და აკვარელით შესრულებული ჩანახატები შექმნა. კომერციულად წარუმატებელი გამოფენის შემდეგ, რომელზეც ადგილობრივ ინდიელთა ხელოვნების მისეული სურათები იყო წარმოდგენილი, 1913 წელს ქარი ვიქტორიაში დაბრუნდა, გახსნა პანსიონი და შემდგომი 15 წლის მანძილზე უმნიშვნელო დროს თუ უთმობდა ხატვას. თუმცა 1927 წელს, ის კანადის ეროვნულ გალერეაში მიიწვიეს, დასავლეთი სანაპიროს ხელოვნების გამოფენაში მონაწილეობის მისაღებად. გამოფენის გახსნაზე აღმოსავლეთით მოგზაურობისას, ქარი თომ თომსონის ყოფილი კოლეგების მიერ, 1920 წელს დაარსებული Group of Seven-ის (შვიდთა ჯგუფი) წევრებს შეხვდა. სწორედ მათ გააღვივეს ხელახლა ფერწერისადმი მისი ინტერესი. შვიდთა ჯგუფთან ერთად, ქარმა დრამატული, მძლავრი, სკულპტურული სტილი შემოიმუშავა, რომელიც ბნელი, მძიმე ენერგიით იყო განმსჭვალული. სურათი „დიდი ყორანი“, რომელიც მხატვარმა 1931 წელს, 1912 წლის აკვარელის საფუძველზე შექმნა, დედოფალ შარლოტას კუნძულზე მდებარე, მიტოვებულ სოფელს ასახავს, სადაც ქარმა ბოძზე დამაგრებულ, ხისგან გამოჭრილ ყორნის ფიგურას მიაკვლია. წყვილადი გამოსახულებიდან, რომელიც თავდაპირველად საფლავზე იყო აღმართული, მხოლოდ ეს ერთიღა იყო შემორჩენილი. ავტობიოგრაფიაში „ძველად და ლპობადად“ აღწერილი ყორანი, ქარმა სურათზე მძლავრ, დიდებულ არსებად წარმოადგინა, რომელიც დინამიკურად აღიმართება წრიულად ჩახვეულ მცენარეებზე, როგორც მტკიცე სულიერი ძალისა და ეროვნული სიამაყის სიმბოლო.

წყარო

ხელოვნების ისტორია XVIII საუკუნიდან დღემდე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები