ჰარლემის რენესანსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჯეიმს ვან დერ ზი. ენოტის ქურქებიანი წყვილი კადილაკთან, 1932; გადაღებულია ჰარლემის 127-ე ქუჩის დასავლეთით, ნიუ იორკი. დაბეჭდილია ჟელატინ-ვერცხლის ქაღალდზე

ჰარლემის რენესანსი - 1930-იან წლებში, ასიათასობით აფრო-ამერიკელი ქვეყნის სასოფლო, ძირითადად აგრარული სამხრეთიდან, ურბანულ, ინდუსტრიულ ჩრდილოეთში გადავიდა საცხოვრებლად, რათა რასობრივ ჩაგვრას გაქცეოდა და დიდ სოციალურ და ეკონომიკურ შესძლებლობებს ზიარებოდა. ამ დიდმა მიგრაციამ საერთო ეროვნული New Negro (ახალ შავკანიანთა) მოძრაობის ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი, ნიუ იორკში კი ჰარლემის რენესანსი დაბადა. მათში აფრო-ამერიკელთა მეტი სოციალური და პოლიტიკური აქტივობისკენ მოწოდება ისმოდა.

1920-1930-იან წლებში, ჰარლემის საშუალო კლასის შეძლებულმა აფრო-ამერიკულმა თემმა ისეთი ფიგურები დაბადა, როგორიცაა ჯაზის მუსიკოსი დიუკ ელინგტონი, ნოველისტი ჯინ თუმერი და პოეტი ლენგსთონ ჰიუზი. მოძრაობის ინტელექტუალური ლიდერი კრიტიკოსი და ფილოსოფიის პროფესორი ალან ლოქი (Alain Locke, 1886-1954) ამტკიცებდა, რომ შავკანიანმა ხელოვანებმა თავიანთი შემოქმედებითი ფესვები ტრადიციულ აფრიკულ ხელოვნებაში უნდა ეძიონ და არ გაითქვიფონ ამერიკული ან ევროპული შემოქმედებითი ტრადიციების მეინსტრიმში.

სარჩევი

ჯეიმს ვან დერ ზი

ფოტოგრაფი ჯეიმს ვან დერ ზი (James Van Der Zee, 1886-1983) რუდუნებით ქმნიდა ჰარლემის საშუალო კლასის ზედა ფენის წარმომადგენელთა პორტრეტებს. თავისი სტუდია მან 1916 წელს გახსნა, თუმცა ფოტო-რეპორტიორადაც განაგრძობდა მუშაობას. ფოტო ენოტის ქურქებიანი წყვილი კადილაკთან აღბეჭდავს შეძლებულ ქალსა და მამაკაცს, რომლებიც 1932 წელს, დიდი დეპრესიის პიკზე, თავის ახალ მანქანასთან პოზირებენ. ფოტოგრაფი ჰარლემის მომხიბვლელობას უფრო ასახავს, ვიდრე აფრო-ამერიკელების კულტურული ცხოვრების ცენტრს.

აარონ დუგლასი

ტოპეკელი (კანზასი) ფერმწერი აარონ დუგლასი (Aaron Douglas, 1898-1979) 1925 წელს გადმოვიდა ნიუ იორკში საცხოვრებლად. მის მიერ შემუშავებულ კოლაჟის სილუეტურ სტილს ბევრი აქვს ნასესხები აფრიკული ხელოვნებიდან. ეს სტილი წლების მანძილზე დიდ გავლენას ახდენდა აფრო-ამერიკელთა ხელოვანებზე. შავკანიანთა ცხოვრების ასპექტები: მონობიდან რეკონსტრუქციამდე დუგლასმა ნიუ იორკის საჯარო ბიბილიოთეკის ჰარლემის ფილიალისთვის შექმნა, "დეპრესიის ხანის საჯარო ხელოვნების ნამუშევართა პროექტი"-ს სპონსორობით. სურათის მარჯვენა კუთხეში, საიდანაც სინათლე კონცენტრულ წრეებად ასხივებს, მონები 1863 წლის გათავისუფლების პროკლამაციას ზეიმობენ. ცენტრში მდგომი ორატორი, დრამატული ჟესტით, უკანა პლანზე გამოსახულ შეერთებული შტატების კაპიტოლიუმზე მიუთითებს, რომელიც თითქოს მოუწოდებს ყველა აფრო-ამერიკელს, რომელთაგან ზოგი ახლაც ბამბის მოსავალს იღებს სურათის წინა პლანზე, ხმის მიცემის უფლება გამოიყენოს. მარცხნივ აშშ-ს არმია რეკონსტრუქციის შემდეგ ტოვებს სამხრეთს, ცხენებზე ამხედრებული, თეთრკაპიუშონებიანი კუ-კლუქს-კლანის წევრები კი გვახსენებენ, რომ სამოქალაქო უფლებებისთვის ბრძოლა ეს-ესაა დაიწყო.

აუგუსთა სევეჯი. ციტადელი: თავისუფლება, 1930; ბრინჯაო, 35.6X17.8X15.2 სმ. ჰოვარდის უნივერსიტეტის ხელოვნების გალერეა, ვაშინგტონი

აუგუსთა სევეჯი

მოქანდაკე აუგუსთა სევეჯის (Augusta Savage, 1892-1962) შემოქმედება იმ მირიადობით სირთულეს ასახავს, რომელთა წინაშეც აღმოჩნდნენ აფრო-ამერიკელები ხელოვნების სამყაროში. სევეჯი ნიუ იორკში, კუფერ იუნიონში სწავლობდა, მაგრამ მისი 1923 წლის განცხადება, რომელითაც ის ევროპაში სწავლის გაგრძელების ნებართვას ითხოვდა, რასობრივი კუთვნილების გამო, უკანვე დაუბრუნდა. საპროტესტო წერილში სევეჯი წერდა: "დემოკრატია უცნაური რამ არის. ჩემი ძმა საკმარისად კარგი აღმოჩნდა საიმისოდ, რომ მიეღოთ პოლკში, რომელიც საფრანგეთში მსახურობდა ომის დროს. მისი და კი, როგორც ჩანს, არ აღმოჩნდა იმ ქვეყნის სტუმრობის ღირსი, რომლისთვისაც ძმა იბრძოდა". საბოლოოდ, პარიზში სწავლის უფლება სევეჯმა 1930 წელს მოიპოვა. ამერიკის შეერთებულ შტატებში დაბრუნების შემდეგ, მან რამდენიმე აფრო-ამერიკელი პოლიტიკური ლიდერის, მათ შორის მარკუს გარვისა და უ.ე.ბ. დუბოისის პორტრეტები შექმნა.

1791 წლის ჰაიტის რევოლუცის ისტორიითა და მონების აჯანყებით შთაგონებულმა აუგუსტამ, შექმნა ქანდაკება ციტადელი: თავისუფლება. ეს არის თავისუფლების სიმბოლოდ გამოსახული ქალის ფიგურა, რომელსაც ხელი ცისკენ აქვს აღმართული და ზეცაში აფრენამდე, ცალი ფეხის თითის წვერზე ბალანსირებს. ციტადელი, ციხე-სიმაგრე და ჰაიტის პირველი, აფრიკული წარმომავლობის ლიდერის რეზიდენცია იყო. სევეჯისთვის ის თანასწორობისა და თავისუფლების შესაძლებლობასა და იმედს განასახიერებდა.

სევეჯმა ჰარლემში ხელოვნების პატარა კერძო სკოლა დაარსა და შრომის განვითარების ადმინისტრაციისგან (Works Progress Administration) ფედერალური დაფინანსება მიიღო, რათა ის ჰარლემის თემის ხელოვნების ცენტრად გარდაექმნა. ასეთი ტიპის ცენტრები საიმდროოდ, ასობით იხსნებოდა მთელი ქვეყნის მასშტაბით, მაგრამ სწორედ სევეჯის ცენტრი იქცა ჰარლემის ხელოვანების, პოეტების, კომპოზიტორების, მოცეკვავეებისა და ისტორიკოსებისთვის არაოფიციალურ სალონად.

ჯეიქობ ლოურენსი. სერია მიგრაციის შესახებ. პანელი №1: I მსოფლიო ომის დროს სამხრეთელი აფრო-ამერიკელების დიდი მიგრაცია ჩრდილოეთისკენ, 1940-1941; ტემპერა მეისონიტზე, 30.5X45.7სმ. ფილიფსის კოლექცია, ვაშინგტონი, კოლუმბიის ოლქი

ჯეიქობ ლოურენსი

ჯეიქობ ლოურენსი (Jacob Lawrence, 1917-2000) ჰარლემის თემის ხელოვნების ცენტრიდან გამოსული, ყველაზე ცნობილი ხელოვანია. მისი ადრეული ხანის მცირე ზომის, თხრობითი ხასიათის სურათების რამდენიმე სერიაში აფრო-ამერიკელების ისტორიაა ასახული. თითოეულ სერიას ტექსტი აქვს დართული. ლოურენსის თემები ჰარლემის ისტორიასა და ჰაიტელი რევოლუციონერების ლიდერის, თუსან ლ’უვერტიურისა და ამერიკელი აბოლიციონისტის, ჯონ ბრაუნის ცხოვრებას მოიცავს. ყველაზე დიდი სერია ლოურენსმა 1940-1941 წლებში შექმნა. სერია მიგრაციის შესახებ 60 პანელისგან შედგება და იმ დიდი მიგრაციის ქრონიკას წარმოადგენს, რომელმაც ლოურენსის მშობლები სამხრეთი კაროლინიდან ნიუ ჯერსის ატლანტამდე მიიყვანა. პირველ პანელში აფრო-ამერიკელი მიგრანტები სამხრეთის რკინიგზის სადგურის კარების გავლით, თავ-თავიანთი მიმართულებებით - ჩიკაგოში, ნიუ იორკში ან სენტ ლუისში მიედინებიან. დუგლასის ნამუშევრების მსგავსად, ლოურენსის თამამად აბსტრაგირებული, სილუეტური სტილი სიბრტყობრივი მოყვანილობებით და ფერთა ნათელი გამით, სრულიად ცნობიერად, პირდაპირ აფრიკული ხელოვნებიდან მომდინარეობს. მოგვიანებით ლოურენსმა ჰარლემის რენესანსის ავტორთა წიგნებიც დაასურათა.

წყარო

ხელოვნების ისტორია XVIII საუკუნიდან დღემდე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები