ახალსოფელი (ყვარლის მუნიციპალიტეტი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ახალსოფელი – (ინგლ. Akhalsopeli, რუს. Ахалсопели), სოფელი და ბალნეო-კლიმატური საკურორტო ადგილი საქართველოში, ყვარლის მუნიციპალიტეტში, ქ. ყვარლიდან 15 კმ-ში, სამხრეთ-აღმოსავლეთით, ალაზნის ველის მარცხენა მხარეს, მდინარე ავანისხევსა (მდ. ალაზნის მარცხენა შენაკადი) და მდინარე შაროხევს (მდ. ალაზნის მარცხენა შენაკადი) შორის, ზღვის დონიდან 440-450 მ-ის სიმაღლეზე. რელიეფი – ვაკე.

ჰავა – დაბალი მთის, სუბტროპიკული, ზომიერად ნოტიო. ზამთარი რბილია. იანვრის საშუალო ტემპერატურაა 1°C. იცის თბილი ზაფხული. აგვისტოს საშუალო ტემპერატურაა 23,6°C. საშუალო წლიური ტემპერატურაა 12,5°C. საშუალო წლიური ფარდობითი ტენიანობა შეადგენს 72%-ს, ხოლო ნალექების წლიური რაოდენობა – 991 მმ-ს. ნალექების მაქსიმუმი მოდის მაისზე, ხოლო მინიმუმი – იანვარზე.

ახალსოფლისა და მისი მიდამოების ტერიტორია დაფარულია ხეხილის ბაღებითა (ვაშლი, მსხალი, ატამი, ქლიავი და სხვ.) და ვენახებით. გარდა ამისა, საკურორტო ადგილის მიდამოებში, შემორჩენილია ლეშამბოიანი ტყეები, რომლებსაც ქმნის: დაბლობის მუხა, ვერხვი, იფანი, მურყანი, რცხილა და სხვ. უხვადაა: ლეშამბო, ეკალღიჭი, კატაბარდა, გარეული ვაზი, ღვედკეცი და სხვ. ნატყეურ, აუთვისებელ ადგილებში ველის მცენარეები და ძეძვნარია.

ახალსოფლის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორებია: დაბალი მინერალიზაციის (M-6,04 გ/დმ3) სულფატურ-კალციუმიან-ნატრიუმიანი მინერალური წყალი; დაბალი მთის ჰავა; აეროიონებითა და ფიტონციდებით გაჯერებული დაბალი მთის ჰაერი.

ახალსოფელში ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორების გამოყენების მეთოდებია: მინერალური წყლის პერორალური მიღება (დალევა) და კუჭ-ნაწლავის გამორეცხვები ამ წყლით; პასიური კლიმატოთერაპია.

ჩვენებები ახალსოფელში წასასვლელად: დასვენება; ღვიძლისა და ნაღველგამომყოფი გზების პათოლოგიები; ნივთიერებათა ცვლისა და ენდოკრინული სისტემის ფუნქციური დარღვევები; ფილტვების ქრონიკული, არასპეციფიკური და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები.


წყარო

მსოფლიო კურორტები და საკურორტო ადგილები: მცირე ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები