ახმეტელი მანანა
მანანა ახმეტელი − (7.IV.1937, თბილისი), მუსიკისმცოდნე, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (2009), ღირსების ორდენის კავალერი (1997), სიღნაღის საპატიო მოქალაქე (2017), „ხელოვნების ქურუმი“ (2018). დიდი ქართველი რეჟისორის სანდრო ახმეტელის შვილიშვილი.
1962 დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მუსიკისმცოდნეობის ფაკულტეტი. 1965-2003 ხელმძღვანელობდა ჟურნალ „საბჭოთა ხელოვნების“ მუსიკისა და ქორეოგრაფიის განყოფილებას. 1985-1990 იყო. საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის გამგეობის მდივანი. 2000-იდან საქართველოს მუსიკალური საზოგადოების თავმჯდომარე. ავტორია წიგნისა „ცხოვრება ხელოვნებაში“(2008), მრავალრიცხოვანი პუბლიკაციების, ტელე-რადიო გადაცემებისა და პროექტებისა. მისი თაოსნობით დაარსდა თბილისის სულხან ცინცაძის სახელობის კამერული ანსამბლების კონკურსი (2000, 2003). საფუძველი ჩაეყარა თბილისის კამერული მუსიკის ყოველწლიურ ფესტივალს (2006-იდან დღემდე), საქართველოს სამუსიკო სკოლების რეგიონალური კონკურსი (2015-იდან), რუბრიკით „უნიკალური ჩანაწერები“ გამოიცა კომპაქტდისკები: „თენგიზ ამირეჯიბი“(2003), „დავით გამრეკელი“(2005), „მერი ნაკაშიძე“ (2005), „მარინე იაშვილი“(2008), „მედეა ამირანაშვილი“ (2008), „იოსებ კეჭაყმაძე“ (2010) და „XX ს-ის ქართველი ტენორები“ (2012), ვ. დოლიძის ოპერა „ქეთო და კოტე“ (2017). ახმეტელის ბიოგრაფია შეტანილია ენციკლოპედიაში „საქართველო“, „ქართული მუსიკის ენციკლოპედიურ ლექსიკონში“ და ცნობარში „ვინ ვინაა საქართველოში“.