ახტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ახტი – (ინგლ. Akhti, რუს. Ахты), ბალნეო-კლიმატური საკურორტო ადგილი რუსეთის ფედერაციაში, დაღესტანში, ახტის რაიონში, ქ. დერბენდიდან 110 კმ-ში, სამხრეთ-დასავლეთით და ქ. მაჰაჭყალიდან 250 კმ-ში. სამხრეთ-აღმოსავლეთით. მდებარეობს მდინარე ახტიჩაის ხეობაში, იქ, სადაც აღნიშნული მდინარე ერთვის მდინარე სემურს, ზღვის დონიდან 1050-1100 მ-ის სიმაღლეზე. რელიეფი –მთაგორიანი.

ჰავა – ზომიერად კონტინენტური, შუა მთის ქვედა სარტყლის. ზამთარი რბილია. იანვრის საშუალო ტემპერატურაა 1,3°C. ზაფხული თბილია. ივლისის საშუალო ტემპერატურაა 21,5°C. საშუალო წლიური ტემპერატურაა 10,8°C. ნალექების წლიური რაოდენობა შეადგენს 399 მმ-ს. ნალექების მაქსიმუმი მოდის წელიწადის თბილ პერიოდზე (მაისი-სექტემბერი), ხოლო მინიმუმი – ზამთარზე. მზის ნათების ხანგრძლივობა 2553 საათია წელიწადში.

ახტის ტერიტორია დაფარულია ხეხილის ბაღებით (გარგარი, ბალი, მსხალი, ქლიავი და კენკროვანი მცენარეები). საკურორტო ადგილის მიდამოებში გავრცელებულია ველური ვაშლის ხეები და ბალახეულობის სხვადასხვა სახეობა (გლერძი, ჭანგა, ნაცრისფერ-ყვითელი ნარშავი, დაღესტნური პირთეთრა და სხვ.).

ახტის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორებია: ტუტე მინერალური წყლები, შუა მთის ქვედა სარტყლის ჰავა და აეროიონებით გაჯერებული მთის ჰაერი.

ახტიში გამოვლენილია მინერალური წყლის 14 წყარო. ეს წყლები შესაძლებელია დაიყოს 3 ძირითად ჯგუფად: გოგირდწყალბადიანი (სულფიდური), რადონული და იოდობრომიანი. გარდა ამისა, გამოვლენილია ჰიდროკარბონატული მინერალური წყალი. №№1-10 წყაროების წყალი თერმულია, №11-ის – სუბთერმული, ხოლო №№12-14-ის – ცივი.

ახტის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორების გამოყენების მეთოდებია: მინერალური წყლის აბაზანები და პერორალური მიღება (დალევა); ინჰალაციები, გამორეცხვები და შესხურებები აღნიშნული წყლით; პასიური კლიმატოთერაპია.

ჩვენებები ახტიში წასასვლელად: დასვენება; კუჭ-ნაწლავის, ღვიძლისა და ნაღველგამომყოფი გზების, საყრდენ-სამოძრაო აპარატის, პერიფერიული ნერვული სისტემის, კანის, შარდ-სასქესო ორგანოებისა და ფილტვების ქრონიკული, არასპეციფიკური დაავადებები; შაქრიანი დიაბეტის ინსულინდამოუკიდებელი ფორმა; ნივთიერებათა ცვლისა და ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციური დარღვევები.

ტურისტული ობიექტები:

ახტისა და მის მიდამოებში (მეჩეთები – ახტისა (VIII საუკუნე) და ჯუმასი (1899 წელი) (უნდა აღინიშნოს, რომ ახტის მეჩეთი წარმოადგენს გადაკეთებულ V საუკუნის ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას, ხოლო ჯუმას მეჩეთი – გადაკეთებულ VI საუკუნის ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას); XVII საუკუნეში აშენებული 8 მეჩეთი, რომელთაგან 4 დღესაც ფუნქციონირებს; ციხესიმაგრე (1839 წელი); ხიდები მდინარე ახტიჩაიზე (XX საუკუნის დასაწყისი); მუზეუმები − მხარეთმცოდნეობის, კულტურისა და ხელოვნების; თაგირ ხრიუგსკის სახლ-მუზეუმი; პარკები და სხვ.) და ქ. დერბენდსა და მის მიდამოებში (დერბენდის კედელი (III-IV საუკუნეები); ჯუმას მეჩეთი (VIII- XIV საუკუნეები); მინარეთ-მეჩეთი (XIV-XIX საუკუნეები); მედრესე (XV-XIX საუკუნეები); სინაგოგა (XX საუკუნის II ნახევარი); კამაროვან-გუმბათოვანი აბანოები (XVII-XVIII საუკუნეები); ხანის მავზოლეუმი (XVIII საუკუნე); დერბენდის ციტადელი „ნარინ-ყალას“ (Vსაუკუნე) ნაშთები და ამ ციტადელში ხანის სასახლის (XVIII საუკუნე) ნანგრევები; სახვითი ხელოვნების მუზეუმი; დერბენდის სახელმწიფო ნაკრძალი-მუზეუმი და სხვ.).


წყარო

მსოფლიო კურორტები და საკურორტო ადგილები: მცირე ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები