ახშარუმოვი დიმიტრი
დიმიტრი ივანეს ძე ახშარუმოვი − (11.(22).10.1785 – 13.(25).01.1837), გენერალ-მაიორი (19.02.1820).
პაპამისი - გიორგი ახშარუმოვი იყო ქართველი აზნაური, რომელიც მეფე ვახტანგ VI კარის თარჯიმანი იყო და მისი ამალის შემადგენლობაში ჩავიდა რუსეთში 1725 წელს და დასახლდა ქ. ასტრახანში. მსახურობდა თარჯიმნად ქ. ყიზლარში, სადაც კომპაქტურად სახლობდნენ ქართველები და სომხები. გარდაიცვალა 1773 წელს.
დიმიტრი ახშარუმოვმა დაამთავრა კადეტთა I კორპუსი. მსახურობდა ჩერნიგოვის ქვეით პოლკში და მონაწილეობდა 1806-1807 წლების კამპანიაში აღმოსავლეთ პრუსიასა და 1808-1811 წლებში ოსმალეთთან ომში.
შემდეგ მსახურობდა ჯერ ეგერთა მე-20 პოლკში, მერე კი ეგერთა ლაიბ-გვარდიის პოლკში, მიიღო მონაწილეობა 1812 წლის რუსეთის სამამულო ომში. დაწინაურდა ბრძოლებში სმოლენსკთან, ბოროდინოსთან, ტარუტინოსთან და განსაკუთრებით მალოიაროსლავცესთან. შემდგომში დაწინაურთა რუსეთის არმიის საზღვარგარეთის ლაშქრობებში ევროპაში 1813-1814 წლებში.
1813 წლის 20 ოქტომბერს 28 წლის ასაკში მიენიჭა პოლკოვნიკის სამხედრო წოდება.
1814 წელს მიჰყვებოდა მოკავშირე არმიებს პარიზამდე და როცა დამთავრდა სამხედრო მოქმედებები, დარჩა საზღვარგარეთ რუსეთის ჯარების კორპუსის მორიგე შტაბ-ოფიცრის თანამდებობაზე.
1819 წელს მან გამოაქვეყნა თავისი წიგნი „1812 წლის ომის აღწერა“. ამ შრომას თავის დროზე ჰქონდა დიდი მნიშვნელობა.
1820 წელს თებერვალში დაინიშნა მე-17 ქვეითი დივიზიის მე-2 ბრიგადის მეთაურად, მაგრამ უკვე იმავე წლის 8 დეკემბერს გადავიდა სამოქალაქო უწყებაში და 1821 წლის 8 ნოემბერს დაინიშნა კომისარიატის დეპარტამენტის ვიცე-დირექტორად
აქ ის დაკავდა „სამხედრო დადგენილებათა მეთოდურ შედგენას“.
ასეთი დადგენილებების გამოცემა დიდი ხანია უკვე იგრძნობოდა, მაგრამ ამ მიმართულებით 1826 წლამდე არანაირი ნაბიჯი გადადგმული არ იყო, მანამ, სანამ დიმიტრი ახშარუმოვის მეცადინეობით არ დაიძრა ეს საკითხი.
1827 წელს დიმიტრი ახშარუმოვი მიწერილ იქნა მთავარ შტაბთან. იმპერატორ ნიკოლოზ I პირადი დავალებით მან მიიღო თანამშრომელთა მწირი შტატი ამ სამუშაოთა შესასრულებლად.
ამ უმძიმეს შრომას მან მოანდომა 8 წელი, მაგრამ თვითონ უკვე ვეღარ მოესწრო ამ კაპიტალური ნაშრომის ნახვას.
ის გარდაიცვალა 52 წლის ასაკში. დაკრძალულია სანქტ-პეტერბურგში, დიდი ოხტის გიორგის სასაფლაოზე.
თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ თავისი ცხოვრების 52 წლიდან 11 წელი მან მოანდომა ამ შრომის შექმნას, მაშინ უნდა ვაღიაროთ, რომ მან ფასდაუდებელი მყარი საფუძველი ჩადო სამხედრო დადგენილებათა კოდიფიკაციის ფუნდამენტში.
ახშარუმოვის საკოდიფიკაციო დამსახურებათა შეფასება არ მოგვეჩვენება გაზვიადებულად თუ მოვიგონებთ იმას, რომ სამხედრო დადგენილებათა კრებული XIX საუკუნეში ვერა და ვერ გამოიცა (მთლიანი სახით), ხოლო ახშარუმოვმა შეადგინა მთლიანი კრებული 1827-1835 წლებში, სულ რაღაც 8 წელიწადში
საბრძოლო დამსახურებისთვის დაჯილდოებული იყო:
წმ.გიორგის IV ხარ. ორდენთ (20.10.1813) და ოქროს ხმლით წარწერით „მამაცობისათვის“ (13.02.1813);
და წმ. ვლადიმერის IV ხარ.(ბაფთით).