ახჩქა-ბერდი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ახჩქა-ბერდ-ი (სომხ. Աղջկա բերդ – „ქალიშვილთა ციხე“) – სომხურ მითოლოგიურ გადმოცემათა ციხეები, რომლის კედლებში, თითქოს, ჩაშენებულნი არიან ქალწულები ან ქალები. ასეთი ტანჯვით სიკვდილის გარეშე, მოგვითხრობს გადმოცემები, მსგავსი ნაგებობის აშენება შეუძლებელია.

ახჩქა-ბერდის მითი მსოფლიოს მრავალ ხალხში გავრცელებულ სამშენებლო მსხვერპლშეწირვის მითოლოგემას წარმოადგენს. ამ თვალსაზრისით ძალზე მნიშვნელოვანია სომხური თქმულება სასუნის ხიდზე, რომლის თანახმად, ხიდი ვერაფრით ვერ ააგეს, ვიდრე ოსტატმა ბათმანმა, სიზმრის კარნახით, მის ბურჯში საყვარელი ქალი არ ჩააშენა, და როცა მშენებლობა დასრულდა, „ხიდის სამხრეთ ნაწილში მის თვალწინ თანდათან გამოისახა ქალის სასწაულებრივი ქანდაკი, რომლის მკერდიდან რძის ნაკადი გადმოდიოდა“.

ასეთივე სიუჟეტის შემცველია კოთერას ხიდთან დაკავშირებული შემდეგი ლეგენდა: „დიდხანს ცდილობდა ხალხი ხიდის აგებას, მაგრამ უშედეგოდ, – ევფრატის მღვრიე წყალი ხიდის ბურჯებს მალევე ანგრევდა. არც თრდატ-ღალფას – ხიდების განთქმულ მშენებელს – გაუმართლა; გულაჩვილებულ ოსტატს თავის მოკვლაც კი უნდოდა, მაგრამ მისმა თექვსმეტი წლის ქალიშვილმა – არეკნაზმა – სიზმრად იხილა ვიღაც წმინდანი, რომელმაც უთხრა: „ნუ შეეცდება მამაშენი ხიდის აგებას; ხიდი მხოლოდ მაშინ აშენდება, როცა თავს თექვსმეტი წლის ქალიშვილი ან ვაჟი გაწირავს“. სიზმარი ორჯერ განმეორდა, მესამის შემდეგ, ოსტატის ასულმა თავგანწირვა გადაწყვიტა. მამა აპროტესტებდა, მაგრამ არეკნაზი თავისას არ იშლიდა, და აი, მასზე უკვე ქვებს აწყობენ, ხიდი თანდათან მაღლდება, გოგო კი მღერის:

„მამა, კედლები ამოჰყავთ,
იგი მუხლამდე მწვდება.
მამა, კედლები ამოჰყავთ,
იგი მკერდამდე მწვდება.
მამა, კედლები ამოვიდა,
მან ჩემს თვალებამდე მოაღწია“.

ანალოგიური გადმოცემები ფართოდ იყო გავრცელებული ბალკანეთის (ბერძნებში და რუმინელებში იგი დღემდეა შემონახული), წინა აზიისა და კავკასიის ხალხებში (მათ შორის ქართველებში).

თქმულების (ბალადის) ევროპული ვარიანტების ფაბულა დაფუძნებულია მშენებლის შესახებ მითოპოეტურ თხრობაზე: ოსტატი მშენებარე ნაგებობის ან ქალაქის (ციხის) კედელში (ვერიანტი: ხიდის ბურჯში) თავის ცოლს ჩააშენებს. აღნიშნული მოტივი, რომლისთვისაც მეცნიერები შესაძლო ისტორიულ პირველსახეს ვარაუდობენ, სამშენებლო მსხვერპლშეწირვის არქეტიპული რიტუალიდან მომდინარეობს.


ლიტერატურა

Дорога Мгера. Армянские легенды и предания. М., 1990.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები