აჯიქენდი
აჯიქენდი – (ინგლ. Ajikend, რუს. Аджикенд), კლიმატური სამთო-სათხილამურო კურორტი აზერბაიჯანში, ჰანლარის რაიონში, ქ. განჯიდან 24 კმ-ში, სამხრეთით, მცირე კავკასიონის ჩრდილო-აღმოსავლეთ ფერდობებზე, ზღვის დონიდან 1000-1235 მ-ის სიმაღლეზე. რელიეფი – მთაგორიანი.
ჰავა – შუა მთის ქვედა სარტყლის. ზამთარი ზომიერად ცივია, თოვლის საფარი მდგრადია. იანვრის საშუალო ტემპერატურაა -2°C. ზაფხული მზიანი, მშრალი და ზომიერად თბილია. ივლისის საშუალო ტემპერატურაა 21°C. საშუალო წლიური ტემპერატურაა 10°C. ნალექების წლიური რაოდენობა შეადგენს 600-640 მმ-ს, ხოლო მზის ნათების ხანგრძლივობა 2450-2500 საათია წელიწადში. კურორტის მიდამოები დაფარულია ფოთლოვანი (მუხა, რცხილა) და წიწვოვანი (ნაძვი, ფიჭვი) ტყეებით.
აჯიქენდის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორებია: შუა მთის ქვედა სარტყლის სუბტროპიკული ჰავა და აეროიონებითა და ფიტონციდებით გაჯერებული მთის ჰაერი.
აჯიქენდში ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორების გამოყენების მეთოდია პასიური კლიმატოთერაპია.
ჩვენებები აჯიქენდში წასასვლელად: დასვენება; თხილამურებით სრიალი და ციგურაობა ზამთარში; ფილტვების ქრონიკული, არასპეციფიკური და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები; ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციური დარღვევები.
ტურისტული ობიექტები:
აჯიქენდის მიდამოებში (ქვისა და ბრინჯაოს ხანის ნაგებობები და სამარხები, სადაც ნაპოვნია აღნიშნული ეპოქების ყოფა-ცხოვრების საგნებისა და იარაღის ნაშთები, მთა კილიდაგთან, დაბა ხანლარის მიდამოებში; გეკგიოლის (გეიგელის) ტბა და სხვ.), განჯასა და მის მიდამოებში (განჯის ციხესიმაგრეთა კედლების, კოშკებისა და ხიდების (XII-XIII საუკუნეები) ნაშთები; ქალაქის ჭიშკარი (1063 წელი); ჯომარდ გასაბის მავზოლეუმი (656-661 წლები); XIV-XVII საუკუნეების ჰოი-იმამის (იმამზადეს) საკულტო კომპლექსი – მავზოლეუმი, მეჩეთი და აკლდამა; ჯუმა მეჩეთი (1606 წელი); მარადგოლისა და ჯეირანგოლის ტბები; ნიზამის ძეგლი (1946 წელი) და მავზოლეუმი (1947 წელი) და სხვ.).