ბაგრატის ტაძრის წარწერები (X-XVIII )

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბაგრატის ტაძრის წარწერები- X–XVIII სს. ქართული ეპიგრაფიკული ძეგლების ჯგუფი. 20-ზე მეტი წარწერა ბაგრატის ტაძრის (ქ. ქუთაისში) კედლებსა და ტაძრის მიდამოებში არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილ ძეგლებზე. მათგან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტაძრის აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ ფასადებზე ამოკვეთილი და სამშენებლო კერამიკაზე შესრულებული წარწერები. ტაძრის მთავარი, შინაარსით საამშენებლო, წარწერა ამოკვეთილია აღმოსავლეთ ფასადზე. იგი შესრულებულია კიდურწაისრული დამწერლობით, ადგილ-ადგილ ასოთა შეწიაღებით. მას აშკარად გარკვეული მხატვრული ფუნქცია აკისრია და ფასადის დეკორატიული გაფორმების ნაწილია. ტექსტი ასეთია:

† შეწევნითა ღმრთისაჲთა. ბაგრატისაგან – ნებითა ღმრთისაჲთა აფხაზთა და ქართველთა მეფ[ისა და კურაპალატისა და დედისა მა]თისა – გუარანდუსტ დედოფლისა, აღეშენა წმიდაჲ ესე საყდარი ჴელითა…“.

ტექსტში იხსენიებიან ფეოდალური ხანის ერთიანი საქართველოს პირველი მეფე ბაგრატ III (975/78-I014) და დედამისი გურანდუხტ დედოფალი. ბაგრატ III-ის ტიტულის მიხედვით, წარწერა 1001-08 თარიღდება. კედლიდან ქვების ჩამოცვენის გამო ტექსტის შუა და ბოლო ნაწილი ნაკლულია. ეს ქვები ამჟამად არსად ჩანს (წარწერა ასეთი ნაკლული იყო მისი პირველი შესწავლის დროსაც – XIX ს. 30-იანი წლები). ტექსტის შუა ნაწილის აღდგენა ადვილად შეიძლება სხვა წარწერებით (ხცისის, ნიკორწმინდის, კაცხის და სხვ.) რომლებშიც ბაგრატ III იხსენიება. ტექსტის ბოლოს მოთავსებული ყოფილა ხუროთმოძღვრის სახელი (შეიძლება ტაძრის აშენების თარიღიც).

ტაძრის ჩრდილოეთ ფასადზე, კედლის აღმოსავლეთ მონაკვეთში ჩასმულ დიდი ზომის ქვის ფილაზე ამოკვეთილია ორი წარწერა. შედარებით ვრცელია მარცხენა, 6 სტრიქონიანი წარწერა:

† ჵ, მეუფეო, მფლობელო ყოველთა სუფევათაო, უმეტესად ადიდე ძლიერი ბაგრატ კურაპალატი, აფხაზთა და ქართველთა მეფჱ, თანა: მამით, დედით, დედოფლით და ძით მათით, ამენ“.

წარწერა შინაარსით მემორიალურია – ბაგრატ III-ის განმადიდებელი ტექსტია. მასში, ყველა სხვა წარწერისაგან განსხვავებით, რომლებშიც ბაგრატ III იხსენიება, მეფის ტიტული – კურაპალატი პირველ ადგილზეა აღნიშნული. ამიტომ წარწერა ბაგრატ III-თვის ბიზანტიური ტიტულის, კურაპალატის მინიჭებასთან დაკავშირებით უნდა იყოს შესრულებული და დაახლოებით 1001 თარიღდება. მარჯვნივ ამოკვეთილი წარწერა ორსტრიქონიანია: „† ოდეს განმტკიცნა იატაკი, ქრონიკონი იყო 223“, ე. ი. 1003. იატაკის დაგება მშენებლობის ბოლო ეტაპია და, ამდენად, წარწერა მიუთითებს ტაძრის მშენებლობის დამთავრების დროს. ტექსტი მნიშვნელოვანია იმითაც. რომ მე-2 სტრიქონში თარიღი აღნიშნულია ინდურ-არაბული ციფრებით და არა ასოებით, როგორც იმჟამად საყოველთაოდ იყო გავრცელებული. ითვლება, რომ ეს არის თარიღის დასმისას ინდურ-არაბული ციფრების გამოყენების პირველი შემთხვევა არა მარტო ქართულ წერილობით ძეგლებში, არამედ მთელ ქრისტიანულ აღმოსავლეთში.

ტაძრის გარშემო არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩნდა ძველი სამშენებლო კერამიკის ნარჩენები რელიეფური წარწერებით, რომელთაგან მნიშვნელოვანია ანტეფიქსებზე შესრულებული ორი ჯგუფი. პირველი ჯგუფის ტექსტია: „ქრისტე, ადიდე გიორგი მეფე“, ხოლო მეორე ჯგუფის ერთადერთ მოღწეულ ანტეფიქსზე იკითხება: „ანტონი შეიწყალე (ან: ადიდე) ღმერთმან“. პირველში მოხსენიებული გიორგი მეფე არის გიორგი I (1014-27), ხოლო მეორეში მოხსენიებული ანტონი უნდა იყოს სასულიერო პირი, შესაძლებელია, პირველი ქუთათელი მღვდელმთავარი, რომელსაც მონაწილეობა მიუღია ტაძრის გადახურვაში. ანტეფიქსები პირველი ჯგუფის წარწერებით, როგორც ჩანს, ტაძრის მშენებლობის მეორე ეტაპის – კარიბჭეების თავდაპირველი გადახურვის ნაშთებია.

ვ. სილოგავა


ლიტერატურა

  • ქართული წარწერების კორპუსი, ტ. 2. შეადგინა და გამოსაცემად მოამზადა ვ. სილოგავამ, თბ. 1980;
  • ვ. სილოგავა ეპიგრაფიკული მასალა ბაგრატის ტაძრიდან და მისი მიდამოების არქეოლოგიური გათხრებიდან. – „ქუთაისის სახელმწ. უნ-ტის მოამბე“. 1995. ტ. 4 (ქართ. და ინგლ. ენებზე).

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები