ბავშვთა სიყრუის დიაგნოსტიკა
ბავშვთა სიყრუის დიაგნოსტიკა — ადრეულ დიაგნოსტიკას უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს ბავშვის მომავალი რეაბილიტაციისათვის. თუმცა, ახალშობილის სმენის ტესტირების დადებითი შედეგი, არ არის სმენის შენარჩუნების გარანტი, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ სმენის დაქვეითება შესაძლოა განვითარდეს ნებისმიერ ასაკში. ამიტომ სასურველია, ყურადღებით ვიყოთ ჩვენი პატარა პაციენტების მიმართ.
ტესტირება დაბადების პირველ დღეებში
სმენის ტესტის ჩატარება დაბადებისთანავე, პორტატული აუდიომეტრით, რომელიც 70-80 დბ.-ს გამოსცემს, გვაჩვენებს ბავშვის რეაქციას ხმაურზე. ამ რეაქციის არარსებობა არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს გარანტირებულ სიყრუეს. უბრალოდ, მიგვითითებს გამოწვეული პოტენციალების ტესტის ჩატარების აუცილებლობაზე. ამიტომ არ ღირს დაყრდნობა მხოლოდ ამ გამოკვლევაზე. თუმცა, ის ხშირად ავლენს სმენის ნაადრევ პათოლოგიას. ბევრი სკოლა ამ ტესტირებას მხოლოდ მაღალი რისკის პაციენტებს უტარებს, კერძოდ:
- — პათოლოგიური ორსულობის შედეგად დაბადებულ ახალშობილებს;
- — სამშობიარო ტრავმით გაჩენილ ახალშობილებს;
- — ჰიპოქსიაში გაჩენილ ბავშვებს;
- — ბავშვებს მაღალი ბილირუბინით;
- — სხვადასხვა მალფორმაციით გაჩენილ ახალშობილებს;
- — მენინგიტიან ბავშვებს;
ყველა ამ კვლევის შედეგების მიუხედავად, ჩვენი აზრით, ბავშვის გასაკონტროლებლად დაბარება და მისი სმენის შემოწმება აუცილებელია 6-9 თვის ასაკშიც.
ჩვილების და მოზრდილი ბავშვების სმენის კვლევები სიყრუის გამორიცხვის მიზნით
მაგალითად, საფრანგეთში ჩვილი ბავშვების სმენის კონტროლი 6-24 თვემდე კანონით არის გათვალისწინებული. ურიგო არ იქნებოდა ასეთი კანონის შემოღება საქართველოშიც. ხშირად გვხვდება ბავშვი, რომელსაც სიყრუე მხოლოდ სკოლის ასაკში უდასტურდება, როდესაც ნევრო-სოციოლოგიური პროცესები, სმენის დაქვეითების გამო, უკვე შორს არის წასული.
პედიატრიული სამსახურის მუშაკები აუცილებლად უნდა ატარებდნენ მშობლების გამოკითხვას ბავშვის სმენასთან დაკავშირებით. ეს შეკითხვები ეხება მარტივ, ცხოვრების თანმხლებ ხმაურზე ბავშვის რეაქციას (საყვირი, ტაში, კარების ხმაური). როგორც წესი, დედ-მამა აღნიშნავს ბავშვის უყურადღებობას ასეთი ტიპის ხმაურის მიმართ.
საავადმყოფოში, აუდიოლოგის მიერ სხვადასხვა ტიპის სათამაშოთი ჩატარებული ტესტები სმენის სხვადასხვა სიხშირით დაქვეითების დონეზე მიუთითებს და უფრო მდიდარ ინფორმაციას იძლევა.
მოგითხრობთ ამ ტესტის შესახებ: ჩვილი პაციენტი მოთავსებულია ბავშვის მაგიდაზე, სახით დედის ან მამისკენ. გამომცდელი მის ზურგს უკან დგას. მაგიდაზე დევს სხვადასხვა სათამაშო. როდესაც თამაშის დროს გამომცდელი ახდენს ხმის აღმოცენებას, პაციენტი, თუ მას სმენა აქვს, წყვეტს თამაშს და იყურება ხმაურის წყაროსკენ. ეს ტესტი ტარდება ხან მარცხნიდან, ხან მარჯვნიდან.
საბავშვო ბაღის ასაკის ბავშვებში, სმენის ტესტი შესაძლებელია ჩატარდეს სხვადასხვა სურათის საშუალებით – ბავშვს წინ ვუდებთ რამდენიმე სურათს, რომლის სახელიც მან კარგად იცის. შემდეგ, ვასახელებთ სურათს და ვთხოვთ გვაჩვენოს იგი ისე, რომ ბავშვი ჩვენ ვერ გვხედავდეს.
6 წლის ასაკიდან, ბავშვის სმენის გამოკვლევა შესაძლოა ჩატარდეს სპეციალური აპარატით – აუდიომეტრით. მხოლოდ გარკვეულ შემთხვევებში, როდესაც პაციენტი არაადეკვატურია, (აუტიზმი, ცერებრალური დამბლა და ა.შ.) საჭირო ხდება ობიექტური აუდიომეტრიის განხორციელება.
NOTA BENE
|