ბაიყუში

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბაიყუში (ლათ. Asio flammeus Pontoppidan, 1763) − ფრინველი ბუსნაირთა რიგიდან.

ბაიყუში საშუალო სიდიდის ფრინველია, ფრთა 280-325 მმ-ია, ნისკარტი – 14-15 მმ, წონა 320-430 გ. დედალი დიდია მამალზე. შეფერილობით მამალი ოდნავ უფრო ღია ფერისაა, ვიდრე დედალი. თხემის ბუმბულების კონები შედარებით მოკლეა და ხშირად მიტმასნილია თავზე. ზრდასრული ფრინველის შეფერილობა ცვალებადობს მკრთალი ჟანგმიწისფერი ან თითქმის თეთრიდან, მოჟანგმიწისფრო-ყვითლამდე. თავსა და ზურგზე აქვთ მუქი მურა ფართო ღერძულა ლაქები. ზოგიერთი ბუმბულის მარაოზე ღია ფერის არშიები და წყვილი ნათელი ლაქებია. ეს ლაქები ხშირად ერთმანეთს ერწყმიან და განივ ფართო ლაქას წარმოქმნიან. თეთრი ლაქებია მხრებისა და ფრთების ზემო მფარავების გარეთა მარაოებზეც. პირველი რიგის მომქნევები მოქარცისფრო-ცვილისფერია, განივი ზოლებით. პირველი მომქნევის გარეთა მარაოზე მამალს სამი მოგრძო მუქი ლაქა აქვს, ხოლო დედალს – 6. საჭის ბუმბულები მკვეთრი მოჟანგისფრო-ცვილისფერია, ფართო მურა განივი ზოლებით. სახის დისკო ღია ფერისაა, მაგრამ თვალების ირგვლივ ფართო მუქი რგოლებია. სხეულის ქვემო მხარე უფრო ღიაა, მკერდზე ფართო, ხოლო მუცელზე ვიწრო მუქი მურა გასწვრივი ზოლებით. გალო და თითები შემოსილია ბრჭყალებამდე. ნისკარტი და ბრჭყალები შავია, თვალები – ყვითელი.

აღწერილია 9 ქვესახეობა. საქართველოში მოიპოვება ჩვეულებრივი ბაიყუში – A. f. flammeus Pontop., 1763.

სარჩევი

გავრცელება

სახეობის ბუდობის არეალი მეტად ვრცელია. იგი მოიპოვება თითქმის მთელ ევროპაში, ტუნდრიდან ხმელთაშუა ზღვამდე (არაა ირლანდიაში, ესპანეთში, პორტუგალიასა და საბერძნეთში); აზიაში მოიპოვება – ჩრდილოეთით ტუნდრამდე, აღმოსავლეთით კამჩატკასა და სახალინზე, სამხრეთით პალესტინაში, მცირე აზიაში, მესოპოტამიაში, მონგოლეთში. ამერიკაში ჩრდილოეთი ალასკიდან, სამხრეთით პერუმდე, ბოლივიამდე და ბრაზილიამდე, აგრეთვე გალაპაგოსის, კაროლინისა და ჰავაის კუნძულებზე. საქართველოში ცნობილია როგორც მობინადრე ფრინველი.

ბიოტოპი

საქართველოში გავრცელებულ ბუსნაირთა შორის ერთადერთი სახეობაა, რომელიც ტყეში არ შედის და ხეზე არ ჯდება, ეტანება ღია ადგილებს. გამრავლების დროს ირჩევს უპირატესად წყალსატევების მახლობელ ჭალებს, სანაპირო მდელოებს, თუმცა მოიპოვება ტუნდრაში და მშრალ ველებზეც. ვერტიკალურად ვრცელდება 2350 მ-მდე ზ. დ.

გამრავლება

ბუსნაირთა სხვა სახეობებისაგან განსხვავებით, ბუდეს თვითონ იკეთებს, რომელიც მოთავსებულია მიწაზე, ბუჩქის ძირში; გაკეთებულია ხმელი ბალახისაგან. აპრილის შუა რიცხვებში დებს 3-5 კვერცხს, მაგრამ თაგვისებური მღრღნელების მაღალი რიცხობრიობის დროს კვერცხების რაოდენობა 9-10-მდე აღწევს. ამასთან შეიძლება წელიწადში ორჯერ გამრავლდეს. კრუხად ჯდება მხოლოდ დედალი, ხოლო მამალს მოაქვს საკვები. საინკუბაციო პერიოდი 27-29 დღეს გრძელდება.

კვება

ტიპური მიოფაგი ფრინველია. დანარჩენ ცხოველურ საკვებს მის რაციონში შემთხვევითი ხასიათი აქვს. ამიტომ ამ ფრინველის რიცხობრიობა მთლიანად თაგვისებური მღრღნელების რიცხობრიობაზეა დამოკიდებული. ნადირობს შებინდების შემდეგ, თუმცა ჩრდილოეთში დღისითაც აქტიურია.

მნიშვნელობა

მავნე მღრღნელების მასობრივი განადგურებით დიდი სარგებლობა მოაქვს სოფლის მეურნეობისათვის.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები