ბაყაყები (არისტოფანეს კომედია)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

„ბაყაყები“ – ძველი ბერძენი კომედიოგრაფის არისტოფანეს კომედია.

„ბაყაყები“ ათენში 205 წელს დაიდგა, მალევე ევრიპიდეს გარდაცვალების შემდეგ. არისტოფანემ სწორედ ეს გარემოება გამოიყენა კომედიის სიუჟეტში, რომლის მიხედვითაც ღმერთი დიონისე, იმ მიზეზით, რომ მიწაზე არცერთი ნამდვილი პოეტი აღარ დარჩა, ჰადესში ჩადის ახალგარდაცვლილი ევრიპიდეს დასაბრუნებლად. დიონისეს გადაწყვეტილება იმთავითვე ირონიულად ჟღერს, რადგან პოლიტიკოსების შემდეგ, სწორედ ევრიპიდე იყო არისტოფანეს სატირის ერთ-ერთი ძირითადი სამიზნე. „ბაყაყებიდან“ ჩანს, რომ არისტოფანეს ერიპიდეს მიმართ იგივე პრეტენზიები აქვს, რაც სოკრატეს მისამართით „ღრუბლებში“. ჰადესში მას ქურდები, ნაძირალები და მამის მკვლელები უჭერენ მხარს – სწორედ ისინი, რომლებიც მისი ტრაგედიის მსოფლმხედველობაზე გაიზარდნენ. ეს მოგზაურობა არისტოფანესთვის თავისი ესთეტიკური, პოლიტიკური თუ მორალური შეხედულებების გადმოცემის საშუალება ხდება.

„ბაყაყებში“ არისტოფანე კომედიის ნაწილების ტრადიციულ კომპოზიციას ცვლის, მოქმედებას ეპიზოდებით იწყებს, ხოლო აგონი მეორე ნაწილში გადააქვს. პირველ ნაწილს კლოუნადისა და ბუფონადის ფორმა აქვს, მისი გმირები – ორი „ჯამბაზი“ – ღმერთი დიონისე და მისი მსახური ქსანთია არიან. დიონისე მხდალი ბატონია, ქსანთია კი გაიძვერა მოსამსახურე. დიონისეს ჰერაკლესავით ლომის ტყავი აქვს მოსხმული, ხელში კი დიდი კომბალი უჭირავს. ქსანთია მძიმე ბარგს მოათრევს და მუდმივად წუწუნებს. ღვინის ღმერთმა ჰერაკლეს სამოსი იმიტომ ჩაიცვა, რომ იმედი აქვს, გმირის ნიღბით ჰადესის ურჩხულებისა და ღმერთებისაგან უკეთ დაიცავს თავს, მათ რიდსა და პატივისცემას დაიმსახურებს, ჰერაკლემ ხომ ჯოჯოხეთის ძაღლი კერბერი შებოჭა და მიწისქვეშა სამეფოდან მოიტაცა. თუმცა ჰერაკლედ გადაცმა გაროზგვისაგან მაინც ვერ დაიხსნის მას. პირიქით, ეაკი, ჰადესის სასახლის კარისკაცი (მითოლოგიაში კი ცოდვილთა მრისხანე მსაჯული), ძაღლის მოტაცებას გაუხსენებს თვითმარქვია გმირს. კომედიის პირველ ნაწილში ქორო ბაყაყების გუნდს განასახიერებს, რომლებიც მიწისქვეშა სამეფოში მოგზაურობისას დამცინავი ყიყინით მიაცილებენ ბატონსა და მსახურს, მეორე ნაწილში გუნდი ელევსისის დემეტრასა და პერსეფონეს კულტს ნაზიარები მისტებისაგან შედგება, რომლებსაც ჰადესში განსაკუთრებული პატივი და მდგომარეობა აქვთ. მისტების გუნდი პარაბასაში პოეტის სახელით მოუწოდებს ათენელებს, დაივიწყონ ძველი პოლიტიკური უთანხმოებები და სახელმწიფოს კეთილდღეობაზე იზრუნონ. ჰადესში დიონისე და ქსანთია ესქილესა და ევრიპიდეს შორის გამართული დავის მოწმენი გახდებიან. ევრიპიდე მოითხოვს, რომ ტრაგედიის ტახტი დაუთმონ. დიონისეს, როგორც თეატრის ღმერთს, პლუტონი დავის მსაჯულობას სთხოვს. იწყება კომედიის ძირითადი ნაწილი – ესქიელსა და ევრიპიდეს პოეტური შეჯიბრი. ამ პაექრობის მსვლელობისას, არისტოფანე ტრაგედიის პოეტიკის, მისი მიზნის, ენისა თუ სტრუქტურის თავის ხედვას წარმოაჩენს. ესქილეს ის მაღალფარდოვნებას უწუნებს, ხოლო ევრიპიდეს რიტორიკულობასა და ზედმეტ სიტყვაკაზმულობას.

პაროდირება და კრიტიკა ორივე პოეტის სტილის განსხვავებულ სისუსტეებს გამოავლენს, ამიტომ, დიონისე ლექსებს „ყველივით“ აწონის – ესქილეს სტროფები მიწამდე ხრის სასწორის პინას, ევრიპიდეს პოეზია კი „მჩატე“ აღმოჩნდება. თუმცა, დიონისე არც ამ ზომას დასჯერდება და ფინალურ გამოცდას აწყობს – მიწაზე იმას დააბრუნებს, ვინც „ალკიბიადეთი დასნეულებული“ ქალაქის ხსნის უკეთეს გზას მონახავს.

ასეთი, რა თქმა უნდა, ესქილე აღმოჩნდება, რომელსაც დიონისე დედამიწაზე დააბრუნებს, რათა ტრაგედიას ძველი დიდება დაუბრუნოს და ათენის მოქალაქეები ჭეშმარიტი სამოქალაქო და ადამიანური ღირებულებებით აღზარდოს, სულის სიმტკიცე და სიმამაცე ჩაუნერგოს მათ. ტრაგედიის ტახტს ესქილე სოფოკლეს უთმობს, თვითონ კი მიწაზე ბრუნდება თეატრისა და ტრაგედიის აღორძინებისათვის.

ესქილეს ჰადესიდან ამოყვანა ერთგვარი სიმბოლური აქტია, რომელიც ათენის დემოკრატიის საუკეთესო დღეებზე არისტოფანეს ნოსტალგიას გადმოსცემს. არისტოფანეს პოლიტიკური შეხედულებები ნაკლებად რადიკალურია, ის პოლიტიკური თანხმობის პლატმორფაზე დგას და მიუხედავად არსებული მმართველობის კრიტიკისა, კომპრომისული ზომების მომხრეა. ხელისუფლების შეცვლას ის მშვიდობიანი პოლიტიკის გატარებას, სამოქალაქო თანხმობას, ვაჭრობის განვითარებას და მოკავშირეების მიმართ ლოიალურ საგადასახადო პოლიტიკას ამჯობინებს (ესქილეს გეგმა „ბაყაყებში“).


თამარ ბოკუჩავა


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები