ბეთა ლირი
ბეთა ლირ-ი (ინგუშ. Бета лир) – ინგუშური ნართული ეპოსის ეპიზოდური პერსონაჟი, მთვარის ქალიშვილი, მარად უბერებელი მზეთუნახავი, რომლის მსგავსი ღმერთს არაფერი შეუქმნია; როცა წყალს სვამს, ჩანს როგორ გადის მის ყელში სითხე; მამასთან ერთად ცხოვრობს ქვეყნიერების განაპირას მდგარ ცამდე აწვდილ კოშკში, რომელსაც ცხრათავიანი ურჩხული იცავს. კოშკში ანთია ცეცხლი, რომლის ალსაც ბეთა ლირი, სურვილის შემთხვევაში, ზეცაში აჰყავს. ქალიშვილს, მიუხედავად მამის სურვილისა, გათხოვება არ უნდა. მისი მოტაცებაც პრაქტიკულად შეუძლებელია, მაგრამ სესქა სოლსა მას, სელა სათას, ბოტყი შირტყას, არწივისა და ლომის დახმარებით, ცოლად ირთავს. მრავალი წლის შემდეგ, როცა ცოლ-ქმარი უკვე ცოცხალი აღარ იყო, ბეთა ლირის სხეულს ნათელი გამოეყო და ზეცაში მთვარესთან ავიდა. ზოგჯერ, შუაღამისას მისი ნახვა მთვარის ბაკმის სახით შეიძლება, – გვამცნობს თქმულება.
ლიტერატურა
- Сеска Солса и Бетта Лир // Антология ингушского фольклора. Т. I. Нальчик, 2003;
- Дахкильгов И. А. Ингушский нартский эпос. Нальчик, 2012.