ბზეწვია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბზეწვია (ლათ. Motacilla cinerea Tunstall, 1771) − ფრინველი ბეღურასნაირთა რიგიდან.

ბზეწვია პატარა ზომის ფრინველია, ფრთა 80-90 მმ-ია, კუდი – 75-105 მმ, ნისკარტი – 10-13 მმ, წონა – 14-21 გ. მამალი ცოტათი დიდია დედალზე. სქესთა შორის განსხვავება არის შეფერილობაშიც. ზაფხულში მამლის თავი, ყურების მფარავები, კისერი და ზურგი ნაცრისფერ-რუხია; წელი და კუდზედა ბუმბულები მოყვითალო-მწვანე; მომქნევები მოშავო-მურა. მეორე რიგის უკანასკნელ მომქნევებს გარეთა მარაოებზე მოთეთრო ან მორუხო არშიები აქვთ. მურა ფერის ფრთებზე თეთრი განივი ზოლები წარმოქმნილია მეორე რიგის მომქნევების თეთრი ძირებით. ფრთების პატარა მფარავები რუხია, საშუალო და დიდი – მუქი მურა, ღია ფერის არშიებით. საჭის ბუმბულები მოშავო-მურაა, კიდურა სამი წყვილი თეთრია, მაგრამ მეორესა და მესამეს გარეთა მარაოებზე არის მურა ფერის არეებიც. ნისკარტის ძირიდან თავის გვერდებზე 2 თეთრი ზოლია: ერთი თვალების ზემოთ, ხოლო მეორე – ლოყების ქვემოთ. ნიკაპი და ყელი შავია. დანარჩენი ქვემო მხარე − ყვითელი. ფრთების ქვემო მფარავები და იღლია თეთრია, ნისკარტი და ბრჭყალები – შავი, ფეხები − ღია მურა. შემოდგომით შავი ნიკაპი და ყელი თეთრით იცვლება. ზრდასრული დედალი ქვემო მხარეს ღია ყვითელია, ნიკაპი და ყელი თეთრი აქვს. თეთრი წარბები უფრო ვიწროა.

აღწერილია 2-დან 6-მდე ქვესახეობა. საქართველოში მოიპოვება ევროპული ბზეწვია – M. c. cinerea Tunst., 1771.

სარჩევი

გავრცელება

სახეობის ბუდობის არეალი მდებარეობს ბრიტანეთის კუნძულებზე, სკანდინავიის სამხრეთ სანაპირო ზოლში, ევროპის მთების სისტემებზე, ხმელთაშუა ზღვამდე და მის კუნძულებზე; კანარისა და აზორის კუნძულებზე, მაროკოში და მთელ სამხრეთ აფრიკაში, მადაგასკარზე; მცირე აზიაში, ირანში, ავღანეთში, ჩრდილოეთ ჩინეთსა და მანჯურიაში; სსრ კავშირში – კარპატებიდან და ყირიმიდან – შუა აზიაში, კამჩატკაზე, სახალინსა და კურილის კუნძულებამდე. ზამთრობს უპირატესად სამხრეთ აფრიკაში, აზიის სამხრეთ ნაწილში და ინდო-ავსტრალიის კუნძულებზე. საქართველოში ცნობილია როგორც მობინადრე ფრინველი.

ბიოტოპი

მთის მდინარეების, ნაკადულებისა თუ სხვა წყალსატევების სანაპიროები ტყეში, ბუჩქნარებში, ქვა-ღორღიან ადგილებში. გვხვდება ქალაქებსა და სხვა დასახლებულ პუნქტებშიც, უფრო მრავლადაა 600-800 მ-ის სიმაღლეზე, თუმცა გვხვდება 2500-3000 მ-დეც ზ. დ. ზამთარში მთებიდან დაბლობებში ინაცვლებს.

გამრავლება

ბუდობს ცალკეულ წყვილებად. ბუდეს იკეთებს მიწაზე, ზოგან ქალაქებში მდინარის მახლობელი სახლების სახურავებს ქვეშ. წელიწადში მრავლდება 2-ჯერ (დასავლეთ ევროპაში 3-ჯერაც). პირველად მარტის ბოლოს ან აპრილის დასაწყისში, ხოლო მეორედ ივნისის შუა რიცხვებში დებს 5-6 კვერცხს. კრუხად მორიგეობით ჯდება ორივე სქესის ფრინველი. საინკუბაციო პერიოდის ხანგრძლივობა 12-14 დღემდე აღწევს.

კვება

უპირატესად იკვებება წყლისპირა მწერებითა და მათი ლარვებით, აგრეთვე კიბოსნაირებით. ხშირად პოულობს პატარა ზომის მწერებს წყლიდან მოშორებით ქვებზე, კლდეებსა და ფლატეებზეც.

მნიშვნელობა

კვების ხასიათის მიხედვით უთუოდ სასარგებლო ფრინველია.

წყარო

საქართველოს ფრინველების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები