ბოლნისის მამათა მონასტერი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბოლნისის მამათა მონასტერი

ბოლნისის მამათა მონასტერი – (ინგლ. Bolnisi Fathers Monastery), ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, ბოლნისის ელიას მთის წმ. პეტრე და პავლე მოციქულთა სახელობის მამათა მონასტერი. მდებარეობს ბოლნისის ცენტრიდან 2 კილომეტრში – ბოლნისის სიონისკენ მიმავალ გზაზე. კომპლექსში შემავალი ნაგებობებია: მამათა მონასტერი, სამრეკლო, სატრაპეზო, მარანი.

მშენებლობა მიმდინარეობდა 2008-2015 წლებში. ეკლესია, კვარცხლბეკივით ამაღლებულ მთაზეა აგებული. გადმოცემით, ამ ადგილს წმინდა ელიას მთას ეძახდნენ. აქ ოდითგანვე ტაძარი იდგა, რომელიც წმინდა პეტრე და პავლე მოციქულების სახელობის ყოფილა. ბოლნელი ეპისკოპოსის მეუფე ეფრემის (გამრეკელიძე) ლოცვა-კურთევით, ნატაძრალზე აიგო ეკლესია მოციქულების სახელზე და აქვე დაფუძნდა მამათა მონასტერი.

გასულ საუკუნეში, ბოლნისში მცხოვრები ბერძნები აღნიშნავდნენ აქ პეტრე-პავლობის დღესასწაულს. მათი საქართველოდან წასვლის შემდეგ შეწყდა ხალხის მსვლელობაც და ღვთისმსახურებაც. ტაძარიც ნანგრევებად იქცა. მხოლოდ დარჩენილი ბერძენი და, ნაწილობრივ ქართველი, მოსახლეობა ანთებდა სანთლებს და საკლავს კლავდა. ამას ხელს უწყობდა ამ ადგილის მდებარეობა. აქედან ბოლნისის შემოგარენის საუკეთესო ხედები იშლება.

ტაძრის მშენებლობის დროს ბოლნისიდან ყოველდღიურად ამოდიოდა ხალხი და მონაწილეობას ღებულობდა ამ საღვთო საქმეში. მშენებლობამ ბევრი ადამიანი მოაბრუნა სარწმუნოებისკენ და განაცდევინა ის სულისკვეთება, რითაც ჩვენი წინაპრები სალოცავებს აშენებდნენ.

ძველი ქართული უნიკალური სამშრიანი კერამიკული ნაკეთობის ფრაგმენტი: 1-კერამიკა, 2-გამომწვარი თიხა; წმ. პეტრე და პავლე მოციქულთა სახელობის მამათა მონასტრის ეზო, ქ. ბოლნისის მახლობლად, საქართველო

ბოლნისის მამათა მონასტრის კომპლექსი ორ დონეზეა განლაგებული. ირგვლივ მას ორმაგი გალავანი აქვს შემორტყმული. ქვედა ტერასა სამეურნეო და საცხოვრებელ ნაგებობებს უკვავიათ, ხოლო ზედაზე საკუთრივ ტაძარი და სამრეკლოა განთავსებული. პეტრე და პავლე მოციქულების სახელობის ეკლესია თავისებურად საინტერესო ნაგებობაა. გეგმით მართკუთხა მოხაზულობის ტრადიციული ჯვარგუმბათოვანი ტაძარი სამსაფეხურიან ცოკოლზეა აღმართული. შესასვლელი სამხრეთი და დასავლეთი მხრიდან მიშენებული კარიბჭეებიდან აქვს. აქ ყურადღებას იქცევს ტაძრის გუმბათი. მაღლა ატყორცნილ ჯვრის მკლავებს ტრადიციული, გარედან წახნაგოვანი გუმბათის ყელის ნაცვლად ცილინდრული ფორმის გუმბათის ყელი აგვირგვინებს, რაც იშვიათია ქართული ხუროთმოძღვრებისთვის (უფრო გვიანი შუასაუკენეების რამდენიმე ძეგლში გვხვდება). გუმბათის ყელი გარედან თითქოს შეკრულია ორი ერთლილვიანი სარტყლით – ერთი მაღლა, კარნიზის ქვეშ, ხოლო მეორე ყელის ძირში. სხვა, უახლესი დროის საეკლესიო ნაგებობებისგან ბოლნისის პეტრე-პავლეს ეკლესიას ფასადთა თავისებური მხატვრული გადაწყვეტაც გამოარჩევს. არქიტექტორს თითქოს სურდა გადმოეცა მთელი ერის უშუალო მონაწილეობა მშენებლობაში და ტაძარი საგანგებოდ არათანაბარი ზომისა და ფორმის, უხეშად დამუშავებული, სხვადასხვა ფერის ქვით ააგო. ნახვისას ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ეკლესიის ფასადები ხალხის ხელით სათითაოდ მიტანილი ქვითაა შემოსილი. ასეთი კედლების ფონზე უჩვეულოდ, თეთრი ლაქებივით გამოიყურება სუფთად გათლილი ღია ფერის ქვისგან გაკეთებული სარკმელთა საპირეები, კარიბჭეების თაღები, რელიეფურ ჯვრებიანი ფილები, ტაძრის სადა კარნიზები. სამშენებლო მასალისა და არქიტექტურული ელემენტების ასეთი თამამი შეხამებით ეკლესიის მშენებელმა შექმნა ფასადთა თავისებური, სხვებისგან გამორჩეული მხატვრული სახე. ტაძრის ინტერიერი გუმბათის ყელსა და ოთხივე ფასადზე გაჭრილი სარკმლებით ნათდება. აქედან, აღმოსავლეთ და დასავლეთ ფასადებზე სამ-სამი, ხოლო სამხრეთსა და ჩრდილოეთზე სრულიად სადა საპირით მოჩარჩოებული თითო-თითო ვიწრო და მაღალი თაღოვანი სარკმელია გაკეთებული. ანალოგიური ღიობები აქვს გუმბათის ყელსაც. უნდა აღინიშნოს, რომ სარკმელთა ამგვარი განთავსება და ფორმაც ასევე გვიანი შუასაუკუნეების ხუროთმოძღვრული ძეგლებისთვისაა დამახასიათებელი. ტაძრის აღმოსავლეთი და დასავლეთი ფასადების მნიშვნელობა, სამ-სამი სარკმლის გარდა, კედლის წყობაში ჩართული სუფთად გათლილი კვადრატული ფორმის ღია ფერის ქვითაცაა ხაზგასმული, რომელზეც განედლებული რელიეფური ჯვრებია გამოკვეთილი. ინტერიერში ყურადღებას იქცევს აფსიდის მოხატულობა. ტაძრის საკურთხეველი მოხატა ხატმწერმა მიქაელ ღოღობერიძემ.

2017 წლის ზაფხულში, დამოუკიდებელმა მკვლევარ-დიზაინერმა კახაბერ ხმელიძემ ახლადაშენებული ტაძრის ეზოში, აღმოაჩინა უძველესი სამშრიანი (კომპოზიტური) კერამიკული ნაკეთობის ნარჩენები. ნაკეთობა წარმოადგენს თანამედროვე კლასიკური კომპოზიტური სამფენიანი კონსტრუქციის სახეობას, რომლის გარე შრეები გამომწვარი თიხისაა, ხოლო შუა კერამიკული შრის დანიშნულება, ალბათ, ნაკეთობის სიმტკიცის გაზრდა იყო. ნაპოვნი ექსპონატის მრუდი ფორმა გვაფიქრებინებს, რომ ეს მასალა გამოიყენებოდა დიდი ტევადობის ქვევრების დასამზადებლად. კარგი იქნება, თუ შესაბამისი დარგის მკვლევარები გარკვეულ დროს დაუთმობენ აღნიშნულ ფაქტს, შეისწავლიან ნაკეთობას და ექსპერიმენტული კვლევების საფუძველზე დაადგენენ მის ასაკს. დიდია ალბათობა იმისა, რომ ექსპონატის ადგილი საქართველოს რომელიმე მუზეუმი გახდეს.

წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები