ბორა (ძერძერუკი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბორა (ძერძერუკი)

ბორა (ძერძერუკი) (ლათ. Milvus milvus Linnaeus, 1758) — ფრინველი ქორისებრთა ოჯახიდან. საშუალო სიდიდის ფრინველია, ფრთა 480-520 მმ-ია, კუდი — 330-380 მმ, კუდის ამონაკვეთი — 71-95 მმ, ნისკარტი — 27-29 მმ, წონა — 1000 გ-მდე დედალი ოდნავ დიდია მამალზე. შეფერილობაში სქესშორის განსხვავება არაა. ზრდასრული ფრინველის თავი მოთეთროა, მურა-შავი შტრიხებით. სხეულის ზემო მხარე მოშავო-მურაა, მაგრამ ბუმბულებს აქვთ შავი ღეპეპები და მოჟანგისფრო არშიები. ეს არშიები უფრო ფართოა ბეჭებს შორის არესა და ფრთების მფარავებზე. სხეულის ქვემო მხარე მოწითალო-მურაა, მუქი გასწვრივი ზოლებით, რომლებიც მკერდზე უფრო ფართოა, ხოლო მუცელზე ვიწროვდება. პირველი რიგის მომქნევები შავია, მაგრამ შიგნითა მარაოების ძირში აქვთ თეთრი ლაქები. საჭის ბუმბულები ქარცია, მოშავო კიდეებითა და წვეროებით. ზრდასრული ფრინველის ნისკარტი მოყვითალოა, ფეხები – ყვითელი, ბრჭყალები — შავი. ახალგაზრდები უფრო მუქებია, მაგრამ აქვთ ჟანგ-მიწისფერი ლაქები.

აღწერილია 2 ქვესახეობა. საქართველოში მოიპოვება ჩვეულებრივი ბორა — M. m. milvus Linn., 1758.

სარჩევი

 [დამალვა

გავრცელება

სახეობის ბუდობის არეალი მოიცავს შუა და სამხრეთ ევროპას, ჩრდილოეთით აღწევს სამხრეთ სკანდინავიამდე. ბუდობს უკრაინაში, კავკასიაში, მცირე აზიაში, ჩრდილოეთ ირანში, აგრეთვე ჩრდილო-დასავლეთ აფრიკაში, მწვანე კონცხისა და კანარის კუნძულებზე. არეალის ჩრდილოეთი ნაწილიდან გადამფრენია, ხმელთაშუა ზღვის სანაპირო ქვეყნებში და უფრო სამხრეთით — მობინადრე. ზამთრობს სამხრეთ ევროპაში და აფრიკაში — საჰარის ჩრდილოეთით. საქართველოში მცირე რაოდენობით მობინადრეა.

ბიოტოპი

მაღალტანიანი ტყე კულტურული ლანდშაფტის მახლობლად. საკვების მოსაპოვებლად ხშირად გამოდის ღია ადგილებშიც. ეტანება ჩვეულებრივად დაბლობებს, თუმცა ამიერკავკასიაში შეიძლება შეგვხვდეს 2000 მ-ზე ზ. დ.

გამრავლება

ბუდეს იკეთებს ტყისპირებში მუხაზე, ფიჭვზე ან სხვა მაღალ ხეზე, ჩვეულებრივად ჰორიზონტალურ ტოტზე, ხმელი ჯოხებისაგან, ამოფენს მატყლით, ჩვრებით, ქაღალდებით და სხვ. ზოგჯერ იყენებს სხვა ფრინველთა ბუდეებსაც. აპრილის მეორე ნახევარში დებს 2 კვერცხს. კრუხად ჯდება დედალი, ხოლო მამალს მისთვის მოაქვს საკვები. საინკუბაციო პერიოდი ერთ თვემდე გრძელდება.

კვება

ბორას ძირითად საკვებს შეადგენენ პატარა ზომის ხერხემლიანები, უმთავრესად თაგვისებური მღრღნელები. მიმოფრენის დროს იჭერს მწყერს, ღალღას და სხვა ფრინველებს. მრავლად ჭამს მწერებს, ნაირგვარ ჭიებს, აგრეთვე ლეშსაც. ზოგჯერ იტაცებს შინაურ ფრინველს.

მნიშვნელობა

მეფრინველეობის ფერმების მახლობლად სასურველი არ არის. სხვა ადგილებში სასარგებლოა, მაგრამ მისი რიცხობრიობა დაბალია.


წყარო

საქართველოს ფრინველების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები