ბრენდეჯი ევერი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ევერი ბრენდეჯი
სოკ-ის პრეზიდენტი (1952-1972)

ბრენდეჯი ევერი - ამერიკელი სპოტსმენი, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი (1952-1972).

ევერი ბრენდეჯი დაიბადა 1887 წლის 28 სექტემბერს დეტროიტში, ქვის მჭრელის ოჯახში. 1909 წელს დაამთავრა ილიანოისის უნივერსიტეტი და ინჟინერ­მშენებლის დიპლომი მიიღო. იყო კარგი სტუდენტი, ასევე ­ წარმატებული ათლეტიც. განსაკუთრებით მოსწონდა მძლეოსნობა და ხელბურთი, მაგრამ სხვა სახეობებითაც იყო გატაცებული. სპორტისადმი დამოკიდებულებამ და მონდომებამ ევერი ბრენდეჯი 1912 წლის სტოკჰოლმის ოლიმპიურ თამაშებამდე მიიყვანა. ოლიმპიურ სარბიელზე ბრენდეჯი ხუთჭიდსა და ათჭიდში აშშ-ის ნაკრების ღირსებას იცავდა.

სტოკჰოლმის ოლიმპიური ბატალიებიდან 2 წლის შემდეგ ბრენდეჯმა ამერიკის ჩემპიონობა მოიპოვა ათჭიდის მსგავს დისციპლინაში „აბსოლუტურ ჩემპიონატში.“ იგივეს მიაღწია 1916 და 1918 წლებშიც, აქტიურად თამაშობდა ხელბურთს. ბრენდეჯი სპორტს წარმატებით უთავსებდა თავის პროფესიულ საქმიანობას. არქიტექტურულ ფირმებში მუშაობის შემდეგ, 1915 წელს საკუთარი სამშენებლო კომპანია ჩამოაყალიბა ჩიკაგოში, რომელმაც სამშენებლო ბუმის წყალობით, დიდი კაპიტალი დააგროვა.

1920­-იან წლებში ბრენდეჯს როგორც ამერიკის ასევე, საერთაშორისო სპორტულ მოძრაობაში სხვადასხვა ადმინისტრაციული თანამდებობები ეკავა. გარდა იმისა, რომ მონაწილეობდა სხვადასხვა სპორტული ასოციაციის საქმიანობაში, 1928-­1933 წლებში და 1935 წელს ასევე იყო ამერიკის სამოყვარულო სპორტის კავშირის პრეზიდენტი. 1928 წელს აირჩიეს აშშ-­ის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტად და ეს თანამდებობა 1953 წლამდე ეკავა. 1930 წელს მძლეოსნობის ფედერაციათა საერთაშორისო ასოციაციის (IAAF) ვიცე­პრეზიდენტად დაინიშნა, რომელსაც იმხანად სათავეში ედგა სოკ­ის მეოთხე პრეზიდენტი შვედი ზიგფრიდ ედსტრიომი.


ევერი ბრენდეჯმა საერთაშორისო ოლიმპიურ მოძრაობაში ოფიციალურად პირველად შეაბიჯა 1936 წელს, როდესაც ოლიმპიური კომიტეტის წევრად აირჩიეს აშშ-­დან. მოგვიანებით, ბრენდეჯმა ვიცე­პრეზიდენტის ადგილზე ზიგფრიდ ედსტრიომი ჩაანაცვლა, 1952 წელს კი ასევე ედსტრიომი ჩაანაცვლა სოკ­ის პრეზიდენტის თანამდებობაზე. ამასთან, გახდა ორგანიზაციის მეხუთე და პირველი ამერიკელი პრეზიდენტი და ასევე პირველი, რომელსაც ოლიმპიურ თამაშებში სპორტსმენის რანგში მონაწილეობის გამოცდილება ჰქონდა.

სოკ­ის უმაღლეს თანამდებობაზე არაერთხელ მოუწია რთულ, კრიზისულ მდგომარეობაში ყოფნა, მათ შორის ­ ორად გაყოფილი გერმანიის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობასთან დაკავშირებით, აგრეთვე, ჩინეთის რესპუბლიკის სადავო პოლიტიკური სტატუსისა თუ ორად გაყოფილი კორეის ნახევარკუნძულზე შექმნილი ვითარების, ასევე, 1972 წლის მიუნხენის ოლიმპიურ თამაშებზე ტერორისტთა თავდასხმის გამო. სოკ­ის პრეზიდენტობის პერიოდში, ევერი ბრენდეჯის ხელმძღვანელობით საკმაოდ წარმატებით ჩატარდა ზამთრის ხუთი და ზაფხულის ხუთი ოლიმპიური თამაშები. თითოეული ეს მულტისპორტული შეჯიბრება მნიშვნელოვან მოვლენად იქცა ოლიმპიური მოძრაობის ისტორიაში.

ბრენდეჯი სპორტის პოლიტიზების აქტიური მოწინააღმდეგე იყო. მკაცრი, შეუვალი ხასიათისა და საკამათო გადაწყვეტილებებისთვის მას ხშირად აკრიტიკებდნენ, მაგრამ ყველანი აღიარებდნენ, რომ ის ყოველთვის ერთგული იყო უმთავრესი ოლიმპიური ღირებულებისა. შემთხვევითი არ არის, რომ სწორედ ევერი ბრენდეჯი გახდა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ოქროს ორდენის პირველი კავალერი.

ერთ­-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელსაც სოკ­ში მოღვაწეობის პეროდში ევერი ბრენდეჯი განსაკუთრებული ყურადღებით ეკიდებოდა, იყო ოლიმპიურ მოძრაობაში სამოყვარულო სპორტის პრობლემატიკა. ეს იყო საკითხი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში აზრთა სხვადასხვაობას იწვევდა და არაერთხელ გამხდარა ცხარე პოლემიკის საგანი. ბრენდეჯი დოგმატურად მისდევდა პიერ დე კუბერტენის იდეალებს და მკაცრად იცავდა ოლიმპიური თამაშების „სამოყვარულო“ სტატუსს. ის სამოყვარულო სპორტის კოდექსს განიხილავდა, როგორც ერთგვარ ცხოვრებისეულ ფილოსოფიას და მთავარ ოლიმპიურ ფასეულობას: „ანტიკური ეპოქიდან ჩვენამდე მოტანილი სამოყვარულო კოდექსი ხელს უწყობს სხვადასხვა თაობის საუკეთესო ადამიანების ყველაზე კეთილშობილური მისწრაფებების გამოვლენას. ეს კოდექსი გამოხატავს მორალის ყველაზე საუკეთესო კანონებს, რომელსაც ვერ ნახავთ ვერც ერთ სხვა რელიგიასა თუ ფილოსოფიაში.“

ევერი ბრენდეჯს სოკ­ის პრეზიდენტის თანამდებობა ეკავა 1972 წლის ჩათვლით, შემდეგ კი, ორგანიზაციის საპატიო პრეზიდენტად აირჩიეს.

წყარო

ოლიმპიური ორტომეული

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები