ბრძანებითი წინადადება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბრძანებითი წინადადება – წინადადება, რომელიც გამოხატავს მთქმელის ნება-სურვილს, ბრძანებას. ბრძანებითი წინადადება შეიცავს ზმნის ბრძანებითი კილოს ფორმას, რომლითაც გადმოიცემა კატეგორიული ბრძანებაც („აიღე ფარ-ხმალი!“, გ. შატბერაშვილი), მოწოდება-წაქეზებაც, გაფრთხილებაც, თხოვნა-ვედრებაც… („ხელში გეჭიროს სიმართლის თასი, მასში მტევნები გრძნობის ნაწურე!”, გალაკტიონ ტაბიძე „ღმერთო, არ მისცე ყვავილთ ზიანი", ვაჟა-ფშაველა; „არ დაიდარდო, დედაო, ნუ მიეცემი სევდასა“, გ. ლეონიძე; „ნუ გამხდი ნაცარქექიად, ნუ დამსვამ ცივსა კერასა“, ა. წერეთელი).

ბრძანებით წინადადებას ახასიათებს სპეციფიკური ინტონაცია, რომელიც რამდენადმე იცვლება გადმოსაცემი შინაარსის შესაბამისად. მაგ. კატეგორიული ბრძანება გადმოიცემა მაღალი ტონით („აინთე ცეცხლით გული, მტერსა დაეცი მეხად!“, ი. ჭავჭავაძე), არაკატეგორიული კი (თხოვნა, რჩევა-დარიგება, ვედრება…) – შედარებით დაბალი ტონით („შრომა აიღე მახვილად და მოთმინება ფარადა“, ა. წერეთელი).

ბრძანებითი წინადადება, არის მტკიცების მიხედვით წართქმითი და უკუთქმითი. წართქმითი ბრძანებითი წინადადება გვიჩვენებს, რომ მთქმელი მოქმედების შესრულებას მოითხოვს („მოჰმადლე ქართველს ქართველის ნდობა და სიყვარული და აღუდგინე მშვენიერი ესე მამული. ი. ჭავჭავაძე), უკუთქმითი ბრძანებითი წინადადება კი მოქმედების შესრულებას კრძალავს („ნუ აიღებ სხვაზე მახვილს, ნურც უარყოფ შენსა ფარსა“, ა. წერეთელი).

ბრძანებით წინადადებაში ნაირგვარი სტილურ-ექსპრესიული მნიშვნელობის გამოსახატავად გამოყენებულია ლექსიკური საშუალებები, დამხმარე სიტყვები, ნაწილაკები („აბა, თავი მოიყარეთ სწავლისათვის თავის დროზე“, რ. ერისთავი), ბრძანებით წინადადებაში ზმნის ფორმა ზოგჯერ შეკვეცილია („გამო შეითამაშე“). ბრძანებითი წინადადება შეიძლება უშემასმენლოც იყოს („აბა, როზგები!)

ლ. კვანტალიანი


წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები