გალ-იერდი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გალ-იერდი – ქრისტიანობისდროინდელი ხუროთმოძღვრული ძეგლი ინგუშეთში, სოფელ ეგენტის მახლობლად, წყალგამყოფ ქედზე, სოფელ ხულისკენ მიმავალი სამანქანო გზიდან 1,5 კმ-ზე.

ჯერ კიდევ XIX ს-ის II ნახ-ში ინგუშეთში გამოვლინდა ქრისტიანობის დამადასტურებელი ფაქტები და მასთან დაკავშირებული რამდენიმე ძეგლი. სოფლის მოშორებით, შემაღლებულ ადგილზე შემორჩენილი ეკლესიის ნანგრევების მიხედვით, ნაგებობას გეგმით ოდნავ წაგრძელებული სწორკუთხედის ფორმა აქვს. წყობაში სხვადასხვა ზომის ქვა და კირის ხსნარია გამოყენებული. შესასვლელი სამხრიდან აქვს, კარს ნახევარწრიული თაღი აგვირგვინებს. ძეგლი ძლიერ დაზიანებულია. შიგნით და გარედან შელესილი ყოფილა კირის ხსნარით, გადახურული – ერთქანობიანი ფიქლის ფილებიანი სახურავით. ინტერიერში აღმოსავლეთ კედელთან მოწყობილ ქვის საკურთხეველში ერთმანეთის თავზე 2 ნიშია, როგორც ჩანს, ხატებისთვის დატანებული. გარს ერტყა გალავანი, რომლის კედელშიც დასაჯდომად განკუთვნილი 21 ნიში იყო გაკეთებული.

ინგუშები დიდ პატივს სცემდნენ გალ-იერდს, სწირავდნენ მას ნანადირევის რქებს, ახლად ჩამოსხმულ ტყვიებს, ანთებდნენ სანთლებს; ზაფხულობით სწირავდნენ ძროხას, თხას; აღნიშნავდნენ სადღესასწაულო დღეებს. თითოეული გვარი შესაწირავს გალავნის კედლებში მოწყობილ, მისთვის განკუთვნილ ნიშში დებდა. რიტუალი შერწყმული იყო წარმართულ ელემენტებთან.

გალ-იერდის არქიტექტურა, ერთი მხრივ, ინგუშეთში გავრცელებული შენობების ტიპური ნიმუშია, მეორე მხრივ, გადმოცემები და ტრადიცია მას ქრისტიანობას და საქართველოს უკავშირებს, რადგან ქრისტიანული გავლენა საქართველოდან მოდიოდა. მთის პირობებში ქრისტიანობას სხვა გზა არ ჰქონდა, იგი უნდა შერწყმოდა ადგილპბრივ წარმართულ ტრადიციას, რათა უფრო გასაგები და მისაღები გამხდარიყო მთიელთათვის.

ლიტერატურა

  • ანანია, მიტრ. საქართველოს ეკლესიის იურისდიქცია ჩრდილოეთ კავკასიაში, თბ., 2018;
  • ხუციშვილი ლ., გალ-ერდი – ქრისტიანობის დროინდელი ძეგლი ინგუშეთში, „ძეგლის მეგობარი“, 1983, №64.


წყარო

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია:ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები