გელათის ოთხთავი
გელათის ოთხთავი – შუა საუკუნეების ქართული ხელნაწერი წიგნის ერთ-ერთი გამორჩეული ნიმუში, რომელიც ტექსტობრივი, კალიგრაფიული და მხატვრულ-დეკორატიული სისტემის თავისებურებების საფუძველზე თარიღდება XII ს-ით. მაღალი ხარისხის, საგანგებოდ დამუშავებული ეტრატის 293 ფურცელზე, რომელთა ზომაც 27X19,5 სმ-ია, კალიგრაფიული ნუსხურით ერთ სვეტად გადაწერილი ეს წიგნი შემკულია ფურცლოვან ოქროზე შესრულებული 264 სიუჟეტური მინიატიურით, 347 დეკორირებული საზედაო ასოთი და 11 თავსამკაულით. შემკულობისთვის გამოყენებულია ოქრომელანი, ყავისფერი, სინგური და ლურჯი მელანი ოთხთავის თავდაპირველი ყდა დაკარგულია და მოგვიანებით, კერძოდ, მე-XIX ს. 20-იან წლებში იგი თბილისში ხელახლა ჩასვეს ვერცხლის ჭედურ ყდაში. ყდის ზედა ფრთაზე გამოსახულია ჯვარცმა, მარიამ ღვთისმშობლის, იოანე მახარებლისა და ანგელოზთა თანხლებით; ჯვარზე იკითხება განმარტებითი წარწერა: „ი(ეს)ო ნ(აზარეველ) ო, მ(ეუფე)ო ჰ(ურიათ)ა“. ქვედა ფრთაზე გამოსახულია აღდგომის კომპოზიცია, ხოლო ყუაზე მახარებლები. რამდენიმე ადგილას ამოკვეთილია ოსტატის დამღა. ყდა შემკულია თვლებით.
გელათის ოთხთავი ქართული მწერლობის კლასიკური ხანის ხელნაწერია, რომელიც შექმნილია მაკედონიური პერიოდის ბიზანტიური წიგნის კანონთა დაცვით. როგორც შემკულობა და შესრულების ხარისხი მიგვანიშნებს, იგი საგანგებოდაა დაკვეთილი და გადაწერილი. გადაწერის თანადროული ანდერძი დაკარგულია, რის გამოც უცნობია როგორც წიგნის დამკვეთ-დამფინანსებელთა და გადამწერთა ვინაობა, ასევე სკრიპტორიუმი, რომელშიც შეიქმნა ეს უნიკალური წიგნი. „გელათის ოთხთავი“ ეწოდა იმის გამო, რომ მუზეუმში გადატანამდე გელათის მონასტერში იყო დაცული. ოთხთავის ამ ნუსხის შექმნის დროისა და გადაწერის არეალის ლოკალიზაცია შესაძლებელი ხდება მისი მხატვრულ-დეკორატიული სისტემისა და შედგენილობის თავისებურებათა საფუძველზე.
სახარებას ტრადიციისამებრ უძღვის 4 გვერდზე (1r-2v) მთავრულით გადაწერილი ევსებიოსის წერილი კარპიანესადმი, 14 გვერდზე (3r-10V) – განაწილებული კანონები, ანუ კამარები, ხოლო მათ შემდგომ (11r) – ვედრების სამფიგურიანი კომპოზიცია. ოთხთავის ყოველი თავის დასაწყისში წარმოდგენილია მახარებელთა მინიატიურები: წმ. მათე (15v), წმ. მარკოზი (91v), წმ. ლუკა (144r) და წმ. იოვანე (223v).
მინიატიურებს ირგვლივ დაჰყვება ვრცელი განმარტებითი წარწერები თავების მიხედვით სიუჟეტური მინიატიურები ასე ნაწილდება: მათეს თავი – 75, მარკოზისა – 62, ლუკასი – 71, იოვანესი – 43 მინიატიურა. თითოეულ თავს უძღვის საკითხავთა ნუსხა, ხოლო ოთხთავის ბოლოს დართულია სადეკლამაციო-ლიტურგიკულ ნიშანთა განმარტება „ნიშანნი და ავაჯნი სახარებისანი და სამოციქულოისნი ბერძულსა გუარსა ზედა“ – ბერძნნულ და ქართულ ენებზე (279r-v) და საკითხავთა საძიებლები (280r-286r).
გელათის ოთხთავის ტექსტი გიორგი მთაწმიდლის რედაქციისაა, რის დასტურადაც მას უძღვის მთარგმნელ-რედაქტორისავე „სტიხონნი“ აკროსტიხად:
„განსაკრთომელთა ღმრთისა საქმეთა წიგნი,
ემბაზით მაღლითაჲთ აღმომშობელი ჩუენი,
ოკტკივრად გაქუს ოფლით ნამუშაკევი;
რომელთა გრწყურის, სუჰმდით წყალსა ცხოველსა,
გარნა ჩემდადცა იოხდეთ, რომლისასა
იტყჳან თავნი სტიხოსანთანი სახელსა“.
გელათის ოთხთავის ტექსტის დასასრულს (278v) იკითხება გიორგი მთაწმიდლის ანდერძი, რომელშიც საუბარია მის მიერ სახარების ახალი თარგმანის შესრულებასა და ადრე არსებულ ქართულ თარგმანებზე: „ესე საცნაურ იყავნ ყოველთა, რომელ ესე წმიდავ ოთხთავი ახლად გვითარგმნია ფრიადითა იძულებითა ძმათა ვიეთმე სულიერთალთა და ბერძულთა სახარებათა შეგჳწამებია ფრიადითა გამოწულილვითა და ვინცა ვინ დასწერდეთ, ვითა აქა ჰპოვოთ, ეგრე დაწერეთ.
თუ ამისგან ჯერ-გიჩნდეს დაწერათ, ღმრთისათჳს, სიტყუათა ნუ სცვალებთ, არამედ ვითარცა აქა სწერია, ეგრე დაწერეთ და თუ არა რაიმე გაქუნდეს, ჩუენნი ყოველნი სახარებანი პირველითგან წმიდად თარგმნილია და კეთილად, ხანმეტნიცა და საბაწმიდურნიცა, მუნით დაწერეთ და ღმრთისათჳს ერთმანეთსა ნუ გაჰრევთ. და გლახაკისა გეორგისთჳს, რომელმან ესე ვთარგმნე, ლოცვა ყავთ“.
გელათის ოთხთავის ტექსტსა და გიორგი მთაწმიდლის ანდერძს მოსდევს ქრისტიანულ მწერლობაში მეტად გავრცელებული აპოკრიფი „ავგაროზის ეპისტოლე“, რომელიც მოგვითხრობს ედესის ხელთუქმნელი ხატის ისტორიას. აპოკრიფის აღნიშნული ეპიზოდი გამოყოფილია დასათაურებით „წმიდისა მანდილისათჯს". თხზულების ეს ქართული თარგმანიც გიორგი ათონელის რედაქციისაა. „ავგაროზის ეპისტოლეს“ ტექსტიც შემკულია 11 სიუჟეტური მინიატიურით.
გელათის ოთხთავის ტექსტიცა და მხატვრულ-დეკორატიული სისტემაც დიდი ხანია იპყრობს მკვლევართა ყურადღებას. დღეისთვის აღიარებულია, რომ ეს მნიშვნელოვანი წიგნი ქართულ-ბიზანტიური კულტურული ურთიერთობების ის თვალსაჩინო ნიმუშია, რომელიც სრულად ასახავს XII ს. კონსტანტინოპოლსა და მის არეალში არსებულ საღვთისმეტყველო ტენდენციებს.
ნ. ჩხიკვაძე
ლიტერატურა
- ავგაროზის ეპისტოლე, ძველი ქართული რედაქციები, ნ. ჩხიკვაძის გამოც., თბ., 2007;
- კეკელიძე კ ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 1, თბ., 1980;
- მაჭავარიანი ე., შავი მთის მწიგნობრული სკოლის მხატვრული ტრადიციების ასახვა XII ს. გელათის ოთხთავში, მრავალთავი, ისტორიულ-ფილოლოგიური ძიებანი, XIX, თბ., 2001;
- ქავთარია ნ., გელათის ოთხთავი, საქართველოს სიძველენი 11, თბ., 2007;
- ქართული ოთხთავის ორი ბოლო რედაქცია, ი. იმნაიშვილის გამოც., თბ., 1979;
- ქართული ხელნაწერების ჭედური ყდები, თბ., 2015;
- ქართული ხელნაწერი წიგნი V-XIX სს. ალბომი, ნ. ჩხიკვაძის რედ., თბ., 2012;
- ყაუხჩიშვილი ს., ზოგი ქართული ხელნაწერის ბერძნული მინაწერები, „მიმომხილველი“, ტ. 2, თბ., 1951;
- წმიდა ოთხთავი, გიორგი ათონელის რედაქცია, ბაკმი, 2012;
- Kондаков H. П., История византийского исскуства иконографии по миниатюрам rpeческих рукописей, Одесса, 1877;
- Кондаков Н., Бакрадзе Д., Опись помятников древности в некоторых храмах и монастырях Грузии, СПБ., 1890;
- Подоведова., Программа декора Гелатского Евангелия как отражение идейных движений второй половины XII века, ქართული ხელოვნებისადმი მიძღნვსილი 2. საერთაშორისო სიმპოზიუმი თბ., 1977.,
- Покровскиé H. В., Миниатюры евангелия гелатского Гелатского монастыря XII Beкa, Cпб, 1887;
- მისივე, Описаниe миниатюр гелатского евангелия, Записки Отдела Pycской и славянской археологии имп. Русского археологического общества, 4;
- Саминский., Мастерская грузинской и греческой книги в Константинополе XII начала XIII века, Myзей 10, Mocква, 1987. ფოტოასლი