გელსუნდა
გელსუნდა – სოფელი ასპინძის მუნიციპალიტეტში, ტოლოშის თემში, ზღვის დონიდან 1200 მ სიმაღლეზე. საქართველოს მთავრობის 2015 წლის N 671 დადგენილების მიხედვით შესულია მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში. მოსახლეობის რიცხოვნობა – 81, რიცხობრივად უპირატესი ეროვნება – ქართველი (2002). სოფლის მიდამოებშია კლდეში ნაკვეთი კომპლექსი – ქვაბნი.
ადგილობრივ შეიძლება ხშირად გაიგონოთ ტოპონიმ გელსუნდას გადააზრიანებული ვარიანტი – გულსუნდა – ე.ი. გულს სურს, გულისთვის სასურველი (ადგილი). მაგრამ ადგილობრივი ხალხური ლექსის მიხედვით გულსუნდა სულაც არ ყოფილა სანატრელი, სიკეთით სავსე სოფელი. ხალხური მთქმელი აშკარად წუხს აქაური მიწის მოუსავლიანობისა და სიმწირის გამო:
- „გელსუნდისა მოსავალი ვარიაში ჩავყარეო,
- სათესლე ზედ დავაყარე, ნახეგრად ვერ მოვყარეო“
გულსუნდა, ჩვენი ფიქრით, ქართული „ტბა-წუნდის" (წუნდის ტბა) თურქიზებული ფორმა უნდა იყოს: გელ (гел) „ტბა“, სუნდა – „წუნდა“.