მთქმელი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მთქმელი – ხალხური შემოქმედების ნაწარმოებთა შემსრულებელი, გადმომცემი.

მთქმელთა სხვადასხა ტიპი არსებობს: ერთი ტიპის მთქმელები ზეპირსიტყვიერების ტრადიციაში რიტუალის, ძველი წესჩვეულების, ხალხური ცოდნის დაცვის, წესის შესრულების ამოცანას ისახავენ მხოლოდ. ცდილობენ მაქსიმალური სიზუსტე დაიცვან. მეორე ტიპის მთქმელები მაღალი არტისტიზმით დაჯილდოებული ოსტატები არიან, მათთვის ხალხური ნაწარმოების შესრულება ესთეტიკური მოთხოვნილების დაკმაყოფილებაა. ასეთი მთქმელები ავითარებენ, სცვლიან და აქტიურად განაგრძობენ ხალხური შემოქმედების ცოცხალი განვითარების გზას. მესამე ტიპის მთქმელები უბრალო გადამცემნი არიან, შემოქმედებითი გადამუშავების უნარი ნაკლებ გააჩნიათ და მათ მიერ შეტანილი ცვლილებანი ზოგჯერ ტექსტის დაკნინებას იწვევს.

მთქმელის პროფესიულობა

მთქმელთა ერთი ჯგუფისათვის ზეპირსიტყვიერი ნაწარმოების შესრელება ძირითად საარსებო წყაროს წარმოადგენდა, პროფესია იყო. აედები, ფილები, ბარდები, სკალდები, ჟონგლიორები, სკომოროხები, შპილმანები, მიმები, ჰისტრიონები, მუტრიბნი, მუშაითი, დასტანჩი, აშუღები – პროფესიული შემსრულებლები იყვნენ. პროფესიონალად შეიძლება ჩავთვალოთ კარის მეზღაპრენიც. პროფესიული მთქმელის ჩამოყალიბება შრომის განაწილების საფუძველზე მოხდა. იგი პოეზიის განვითარების მაღალ საფეხურზე ჩნდება. მეორე ჯგუფი მთქმელებისა ნახევრად პროფესიონალებისაგან შედგება. ამ დროს ზეპირსიტყვიერი ნაწარმოების შესრულება შემოსავლის გარკვეულ წყაროს წარმოადგენს, მაგრამ ასეთ მთქმელთა არსებობის მთავარი წყარო მაინც სოფლის მეურნეობა ან სხვა საქმიანობაა. ქართველ მესტვირეთა, მეჭიბონეთა და მეჩონგურეთა უდიდესი ნაწილი, უკრაინელი კობზარები, ბერძენი რაფსოდები ნახევრად პროფესიონალები იყვნენ.

ე. ვირსალაძე

ლიტერატურა

  • ქ. სიხარულიძე, ქართული ხალხური საგმირო-საისტორიო სიტყვიერება, თბ., 1949, გვ. 269-271;
  • ე. ვირსალაძე, ქართველ მთიელთა ზეპირსიტყვიერება, მთიულეთ-გუდამაყკარი, თბ., 1958, გვ. 42-47;
  • მ. ჩიქოვანი, ქართული ფოლკლორი, 1946.

წყარო

ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი II

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები