შპილმანი
შპილმანი – (გერმ. spielmann, spielen – თამაში და mann – ადამიანი) – შუა საუკუნეების მოხეტიალე მსახიობ-მუსიკოსები გერმანულენოვან ქვეყნებში (გერმანია, ავსტრია და სხვ.); ქმნიდნენ და ასრულებდნენ ეპიკურ სიმღერებს. შპილმანები წარმოდგენებს მართავდნენ ბაზრობებზე, სახალხო დღესასწაულების დროს ქალაქებსა თუ სოფლებში. მათ ხშირად იწვევდნენ სასახლისკარის ზეიმებზე. ამან განაპირობა მათი რეპერტუარის მრავალფეროვნება. ისინი ამუშავებდნენ ძველ თქმულებებს, იყენებდნენ აღმოსავლურ და ბიზანტიურ მოტივებს, გმირულ ხალხურ ეპოსს, თხზავდნენ ნოველებს და შვანკებს (სატირულ ზღაპრებს) და თავადვე ასრულებდნენ. შპილმანი ერთდროულად იყო პოეტი, მსახიობი, მომღერალი, აკრობატი, მუსიკოსი, მოცეკვავე. ქალაქების ზრდასთან ერთად, შპილმანები ძირითადად ქალაქებში დამკვიდრდნენ და ამქრებად გაერთიანდნენ.
შპილმანების ხელოვნება, არცთუ იშვიათად, შეიცავდა ანტიკლერიკალურ და ანტიფეოდალურ განწყობილებას, რის გამოც ისინი განიცდიდნენ დევნას როგორც ეკლესიის, ისე ხელისუფლების მხრიდან. ავსტრიაში მათი გაერთიანება არსებობდა 1787 წლამდე.
შპილმანების ხელოვნებასთან ახლოს იდგა ჟონგლიორების ხელოვნება საფრანგეთში, სპელმანებისა – სკანდინავიაში, სკომოროხებისა – რუსეთში, ბერიკებისა – საქართველოში.