გიორგი VI (იმერეთის მეფე)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გიორგი VI – იმერეთის მეფე 1703–1711 წწ., 1713 წწ., 1714–1716 წწ., 1719–1720 წწ.(დათარიღება: ვახუშტი 1707. 1712-1713, 1719-1720; მ.რეხვიაშვილი - 1707-1711, 1712-1713, 1714-1716, 1719-1720; მ. სურგულაძე, მ. ქავთარია - 1703-1711, 1713; ჩხატარაიშვილი - 1703-1711, 1713, 1716-1720), ალექსანდრე IV-ის ძე.

მიუხედავად ქართლის მეფის, ვახტანგ VI-ის მხარდაჭერისა, გიორგი VI-ის მდგომარეობა ერთობ მძიმე იყო. თურქეთი კვლავ ენერგიულად ცდილობდა თვისი გავლენის განმტკიცებას მთელ დასავლეთ საქართველოში, თან სამეფო ტახტის ხან ერთ, ხან მეორე მაძიებელს ემხრობოდა, ბრძოლა კი ამ ტახტისათვის პრაქტიკულად არ ცხრებოდა.

გიორგის გამეფებისას ქვეყანას სინამდვილეში მალაქია აბაშიძე განაგებდა, მეფე კი ქუთაისის ციხეში იყო გამოკეტილი. 1707 წ. აბაშიძის აღზევებით უკმაყოფილო თავადებმა გიორგი ციხიდან გამოიყვანეს და სამეფო ტახტი ჩააბარეს. მეფემ აბაშიძეს სამეფოს დატოვება მოსთხოვა. პასუხად თავადი ლევან ლიპარტიანს დაუკავშირდა, რომელიც 1707 წ. რაჭის ერისთავთან ერთად ფარცხანაყანევში იდგა და აბაშიძეს ელოდა. მეფემ მათი გეგმა შეიტყო, მთელი ღამე იარა, მტერს მოულოდნელად დაესხა თავს და სასტიკად დაამარცხა. ამის შემდეგ კაცხის ციხეს მიადგა, რომელიც აბაშიძის ძემ პაატამ უომრად ჩააბარა: სვერის ციხე კი ვეღარ აიღო და უკან გაბრუნდა. ამის შემდეგ მეფე რაჭაში გადავიდა. მრავალი ადგილი დაარბია, მაგრამ ვერ დაიმორჩილა. იმერეთში დაბრუნდა და აბაშიძეების ციხეს - ნავარძეთს მიადგა. მოალყე მეფეს კაციამ და ბეჟანმა მამის - ლიპარტიანის წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარება სთხოვეს. გიორგი ნავარძეთს ქველი წერეთელი დატოვა, თვითონ კი ოდიშისაკენ გაეშურა. ლიპარტიანი აფხაზეთში გაიქცა, მისმა მდევრებმა კი შერვაშიძესთან ზავი დადეს.

ცოტა ხანში ლიპარტიანმა დადიანობა დაიბრუნა. მეფემ შემოარიგა და მასთან ერთად რაჭა დალაშქრა (1711 წლის აგვისტო), მაგრამ ლაშქრობა ბოლომდე ვერ მიიყვანა ლიპარტიანის ღალატის გამო, რომელიც მამია გურიელს, შოშიტა რაჭის ერისთავსა და ზურაბ აბაშიძეს დაუკავშირდა. შეთქმულებმა გიორგი VI გააძევეს და მამია III გურიელი გაამეფეს (1711 წლის ოქტომბერი). გიორგი VI ქართლში, ვახტანგ VI -თან გადავიდა, რომელმაც იგი აბაშიძესთან დააზავა. 1712 წლის ივნისში მეფემ მამია გურიელი ჩხართან დაამარცხა და კვლავ გამეფდა. მამია რაჭაში გადავიდა. ზურაბ აბაშიძის დაბეზღებით მეფემ გიორგი ნიჟარაძეს თვალები დასთხარა, ცოლი გაუშვა და მისი ცოლი შეირთო, მალე გურიელი, დადიანი, რაჭის ერისთავი და სხვა დიდებულები მეფის წინააღმდეგ გაერთიანდნენ და 1713 წ. ოკრიბასთან ბრძოლაში სძლიეს მას. გიორგი ისევ ქართლში გაიქცა. 1714 წელს, მამია გურიელის გარდაცვალების შემდეგ, გიორგი კვლავ გამეფდა, მაგრამ 1717 წ. იმერეთში ჯარით შემოსულმა ახალციხის ფაშამ სიმონეთთან ბრძოლაში მეფე დაამარცხა და გიორგი IV გურიელი გაამეფა. გიორგი VI კი სტამბოლში წავიდა, საიდანაც 1719 წელს დაბრუნდა. ისაყ ფაშამ სულთნის ბრძანებით გიორგი მეფეს ჯარი მისცა, რომლის დახმარებითაც მან ოკრიბასთან მდგომი გიორგი IV გურიელისა და მისი მომხრეების რაზმი სასტიკად დაამარცხა. ამით, ფაქტობრივად, დასრულდა გურიელთ 50 წლიანი მძლავრობა იმერეთის ტახტზე. დადიანი და ზურაბ აბაშიძე ოდიშს გაიქცნენ. შოშიტამ კი რაჭას შეაფარა თავი. ოსმალებმა უამრავი მებრძოლი დახოცეს, მრავალი ციხე და კოშკი დაარბიეს, მერე კი ოდიშში გადავიდნენ და იქაურობა მოაოხრეს. გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდნილი სამეგრელოს მთავარი დაუზავდა მეფეს, რომელიც ქუთაისში დაბრუნდა, იმერეთი შემოიმტკიცა და ოსმალნი დაითხოვა.

გაზაფხულზე შოშიტა ერისთავმა და ზურაბ აბაშიძემ მეფეს კვლავ სიმონ აბაშიძე მიუჩინეს, რომელმაც გიორგი თხმელის ციხეში დაპატიჟა და ნადიმზე ვერაგულად მოაკვლევინა (1720)

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები