გიულდენშტედტი იოჰან ანტონ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

იოჰან ანტონ გიულდენშტედტი – (26 პრილი (7 მაისი). 1745, რიგა, – 23. მარტი (3. აპრილი). 1781, პეტერბურგი), გერმანელი მეცნიერი, მოგზაური. პეტერბის მეცნიერებათა აკადემიის წევრი (1771), „თავისუფალი ეკონომიური საზოგადოების“ პრეზიდენტი (1780- იდან).

სწავლობდა ბერლინის სამედიცინო-ქირურგიულ სასწავლებელში. ოდერის ფრანკფურტის უნივერსიტეტში მიიღო დოქტორის ხარისხი (1767). რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის მიწვევით პეტერბურგში ჩავიდა 1768-74 ექსპედიციებში მონაწილეობის მისაღებად. გიულდენშტედტის ექსპედიციამ, რომელსაც დავალებული ჰქონდა ჩრდილოეთ კავკასიისა და საქართველოს ყოველმხრივი გამოკვლევა-შესწავლა, 1770 იანვრიდან 1771 აგვისტომდე მოიარა ჩრდილოეთ კავკასია და სექტემბერში საქართველოში ჩამოვიდა, სადაც 1772 ოქტომბრამდე დარჩა. გიულდენშტედტმა მოიარა მთელი ქართლი, კახეთი, იმერეთი, რაჭა, იყო გურია-სამეგრელოს საზღვრებზე; შეხვდა ერეკლე II-სა და სოლომონ I-ს. 1772 ნოემბრიდან 1773 ივლისამდე გიულდენშტედტი კვლავ ჩრდილოეთ კავკასიაში იყო. 1775 წლის 2 მარტს პეტერბურგში დაბრუნდა.

გიულდენშტედტის გარდაცვალების შემდეგ აკადემიკოსმა ჰ. პალასმა ორ ტომად გამოსცა მისი ჩანაწერები, „მოგზაურობა რუსეთსა და კავკასიის მთიანეთში“. ამ ნაშრომში მრავალი ცნობაა დაცული საქართველოსა და ჩრდილოეთ კავკასიის შესახებ, მ. შ. ყველაზე დიდი ადგილი ქვეყნის გეოგრაფიულ და მინერალოგიურ აღწერას ეთმობა. კუთხეებისა და პუნქტების დასახელებისას გიულდენშტედტმა ისინი ისტორიულადაც მიმოიხილა, აღწერა არქიტექტორული ძეგლები, წარმოადგინა ფოლკლორული მასალა, დაწვრილებით შეეხო ადგილობრივ ფლორასა და ფაუნას. გიულდენშტედტის მიერ ზედმიწევნითი სიზუსტით შედგენილი საქართველოს რუკა უაღრესად დიდი მნიშვნელობისაა (ვახუშტი ბაგრატიონის რუკასთან ერთად). ავტორმა უხვად მოგვაწოდა ცნობები საქართველოს სამეფო-სამთავროთა პოლიტიკური მდგომარეობის, სახელმწიფო წყობილების, სოციალური ურთიერთობების, სოფლის მეურნეობის, ადგილობრივი სარეწების, ვაჭრობა-ხელოსნობის, ბაზრებისა და ფასების, მიმოქცევაში არსებული მონეტების, ზომა-წონის ერთეულების, სწავლა-განათლების, კანონმდებლობის შესახებ. ასევე მნიშვნელოვანია გიულდენშტედტის ნაშრომში დაცული ეთნოგრაფიული ცნობები (ქორწილი, დასაფლავება, საცხოვრებელი სახლები, ტრანსპორტი, ღვინის დაყენების წესი, მკურნალობა და სხვ.). და ბოლოს, იგი ახასიათებს ცნობილ ისტორიულ პიროვნებებს (მეფეებს, მოხელეებს, რეზიდენტებს და ა. შ.).

კავკასიაში მოგზაურობის დროს გიულდენშტედტმა შეკრიბა ლექსიკური მასალა და შეადგინა კავკასიაში გავრცელებული ენების შედარებითი სიტყვათა კონები. თითოეული ასეთი კონა შეიცავს 340-მდე სიტყვას (არსებითი სახელები, ნაცვალსახელები, რიცხვითი სახელები, ზედსართავები, ზმნები). სიტყვები დალაგებულია თემატურად. მთის მრავალი იბერიული-კავკასიური ენის ლექსიკური მასალა ასე ვრცლად პირველად იქნა ჩაწერილი, ამიტომ მათი შესწავლის ისტორიაში ამ დოკუმენტაციას დიდი ღირებულება აქვს. ლექსიკური მასალის შედარების საფუძველზე გიულდენშტედტმა გამოყო ენათა ექვსი ჯგუფი: 1. ქართული (ქართული, მეგრული, სვანური), 2. ქისტური (ჩაჩნური, ინგუშური, თუშური), 3. ლეკური (ხუნძურ-დიდოური, ანწუხური, ჭარული, ყაზიყუმუხური, ახუშური), 4. ჩერქეზული (ყაბარდოული და აფხაზური), 5. ოსური, 6. თათრული. მან ეს ენები ჯგუფებად დაყო და ცალკეული ჯგუფის წევრთა შორის ნათესაური ურთიერთობის საკითხი პირველმა. დასვა.

გ· გელაშვილი



სარჩევი

თხზულებები

მოგზაურობა საქართველოში, გ· გელაშვილის გამოცემა, ტ. 1-2, თბ, 1962–64.

ლიტერატურა

ჩიქობავა არნ. იბერიულ-კავკასიურ ენათა შესწავლის ისტორია, თბ., 1965;

იხილე აგრეთვე

გიულდენშტედტი (Güldenstaedt) იოჰან ანტონ

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები