გორდელი ოთარ
გორდელი ოთარ მიხეილის ძე - (18. XI. 1928, თბილისი, – 9. XII. 1994, თბილისი), ქართველი კომპოზიტორი, პედაგოგი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე.
1951 დაამთავრა თბილისის კონსერვატორია საკომპოზიციო (პროფ. ი. ტუსკიას კლასი) და საფორტეპიანო (პროფ. ა. ვირსალაძის კლასი) განხრით, 1955 – მოსკოვის კონსერვატორიის ასპირანტურა (კომპოზიცია, ხელმძღვანელი ს. ბოგატირიოვი). 1959-იდან თბილისის კონსერვატორიის პედაგოგია (პოლიფონია), პროფესორი, 1967-87 იყო საქართველოს მუსიკალური და ქორეოგრაფიული საზოგადოების თავჯდომარე. 1968-73 კომპოზიტორთა კავშირის გამგეობის მდივანი.
მისი ნაწარმოებებიდან გამოირჩევა: საფორტეპიანო კონცერტი (1952), კონცერტი ფლეიტისათვის (1958), ვოკალურ სიმფონიური პოემა „რაზედ ბუტბუტებს მტკვარი“ (1964), „საზეიმო უვერტიურა“ სიმფონიური ორკესტრისათვის, ოპერეტები „ნატვრისთვალი“ (1980), „ჩემი საყვარელი ბიძა“ (1983), მუსიკა კინოფილმებისათვის, საესტრადო სიმღერები და სხვ. (გ. ტორაძე)