გურჯაანის კვირაცხოვლის ეკლესია
გურჯაანის კვირაცხოვლის ეკლესია – (გვიანდელი შუა საუკუნეები), არქიტექტურული ძეგლი, დგას სოფ. გურჯაანის (გურჯაანის მუნიციპალიტეტი, გურჯაანისა და ველისციხის ეპარქია) ჩრდილო-აღმოსავლეთით 100 მ-ზე.
ეკლესია დარბაზულია (5 მ X 3,5 მ). ნაგებია საშუალო ზომის რიყისა და ნატეხი ქვით. 1998 წ. ნახევრად დანგრეული ეკლესია (შემორჩენილი იყო 1,5-2 მ სიმაღლეზე) აღადგინეს სოფლის მცხოვრების, მ. ზვერიაშვილის ხარჯით (არქიტექტორ-რესტავრატორი ნ. მინდორაშვილი).
ეკლესიას შესასვლელი სამხრიდან ჰქონდა. აღმოსავლეთით, ნახევარწრიულ აფსიდში, შიგნიდან თაღოვანი, ხოლო გარედან სწორკუთხა სარკმელია გაჭრილი, რომლის ორივე მხარეს თითო პატარა სწორკუთხა ნიშია. აფსიდი წესიერი კონქითაა გადახურული, ხოლო დარბაზი ცილინდრული კამარით. სამხრეთ და დასავლეთ კედლებში მოწყობილია თითო შიგნიდან თაღოვანი, გარედან კი სწორკუთხა სარკმელი. ეკლესიის იატაკი ქვის ფილებითაა მოგებული.
კედლები გარედან დასრულებულია თაროსებრი ლავგარდნით.
თ. მარკოზაშვილი
ლიტერატურა
საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-I, თბ., 2013.