გურჯაანის მიქაელ მთავარანგელოზის ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გურჯაანის მიქაელ მთავარანგელოზის ეკლესია – (XIX ს.), არქიტექტურული ძეგლი დგას სოფელ გურჯაანის შუა ნაწილში, ე.წ. ხევისუბანში (გურჯაანის მუნიციპალიტეტი, გურჯაანისა და ველისციხის ეპარქია).

გურჯაანის მიქაელ მთავარანგელოზის ეკლესია

2009 წ. ეკლესიას ჩაუტარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები და დაუბრუნდა პირვანდელი სახე, კეთილმოეწყო მიმდებარე ტერიტორია ეკლესიის სამხრეთით, 10 მ-ზე, აშენდა ორსართულიანი სამრეკლო და ერთსართულიანი ნაგებობა, რომელიც მას სამხრეთიდან ეკვრის.

ეკლესია დარბაზულია (14,9 მ X 8,9 მ), ნაგებია აგურითა და კირის დუღაბით. აქვს ორი თაღოვანი შესასვლელი: დასავლეთიდან და სამხრეთიდან. ორივე კარი ხისაა. ძეგლი უაფსიდოა, აღმოსავლეთით დასრულებულია სწორი კედლით, რომელშიც განიერი და მაღალი თაღოვანი სარკმელია გაჭრილი. ამ სარკმლის გარდა, ინტერიერს კიდევ შვიდი თაღოვანი სარკმელი აშუქებს. მათგან ერთი დასავლეთ კედელშია, შესასვლელის ზემოთ, ხოლო სამ-სამი – ერთმანეთის სიმეტრიულად გრძივ კედლებში. ამ უკანასკნელთაგან განაპირა, შუა სარკმელთან შედარებით, უფრო დაბალია და კედლის ქვედა ნაწილშია მოქცეული. შიგნით, ოთხივე სასარკმლის ქვემოთ, მოწყობილია თითო სწორკუთხა ნიში. შიდა სივრცე ერთიანია, გადახურულია შეისრული კამარით, რომელიც ეყრდნობა იმავე ფორმის ოთხ საბჯენ თაღს, ხოლო თაღები – ერთმანეთისგან თანაბარი მანძილებით დაცილებულ პილასტრებს, რომელთა შორის კედელი საფეხურით ღრმავდება და დასრულებულია შეისრული თაღით. საკურთხეველი დანარჩენი სივრცისგან ხის მოჩუქურთმებული კანკელითაა გამოყოფილი. საკურთხეველში, აღმოსავლეთ სარკმლის ქვემოთ, კედელზე, ოთხკუთხა ტრაპეზია მიდგმული, ჩრდილოეთ კედელზე კი – მსგავსი ფორმის სამსხვერპლო. საკურთხევლის ბაქანი დარბაზის იატაკზე ორი საფეხურით მაღალია და შუაში ნახევარწრიული ამბიონი აქვს მოწყობილი.

2005-2006 წწ. ეკლესიის საკურთხეველი მოხატა ეკლესიის წინამძღვარმა მიქაელ ხიხაძემ.

ეკლესიის ოთხივე ფასადი ერთმანეთის მსგავსადაა გაფორმებული ნახევარსვეტებზე დაყრდნობილი თითო განიერი და მაღალი თაღით. გრძივ ფასადებზე თაღები გამოყვანილია კედლის ოდნავ შვერილ ნაწილზე, რომელიც განაპირა სარკმლებს შორისაა მოქცეული და სიგანით განივი ფასადის ტოლია. ოთხივე თაღის არეში ჩასმულია გაცილებით მცირე ზომის თაღები. სამხრეთ და დასავლეთ ფასადებზე ამ თაღებში ეკლესიის შესასვლელებია მოქცეული, ხოლო დანარჩენ ორში – საფეხურით შეღრმავებული ყრუ თაღი. მათგან აღმ. ფასადის თაღში წყობის შეღრმავებით გამოსახულია საფეხურებიან ბაზისზე დაყრდნობილი მაღალი ჯვარი. ამ ჯვრის გარდა, ფასადზე კიდევ ორი ჯვარია, რომლებიც მცირე თაღის ორივე მხარეს ოდნავ ზემოთ არის განლაგებული. ორივე ჯვარს წაწვეტებული მკლავები აქვს და ირგვლივ ორსაფეხურიანი საპირე ევლება. ფასადის ზედა ნაწილში, ღერძზე საკურთხევლის სარკმელია, რომელსაც ასევე საპირე აქვს შემოვლებული. საპირე დაყრდნობილია წყობიდან გამოშვერილი აგურების ორი რიგით გამოყვანილ სამკუთხედზე, რომელიც წვერით პატარა როზეტზეა დაბჯენილი. ანალოგიურადაა გაფორმებული დასავლეთი და გრძივი ფასადების ზედა ნაწილში გაჭრილი სარკმლებიც. წყობიდან საფეხურით შვერილი საპირე ევლება გრძივი ფასადების ქვედა ნაწილში მოქცეულ სარკმლებსაც, თუმცა მათი ძირი გახსნილია.

ეკლესიის ოთხივე ფასადის ერთ დონეზე სიმეტრიულად განლაგებულია საჰაერო ხვრელები.

კედლები დასრულებულია ლეკალური აგურით ნაწყობი ლავგარდნით, რომლის პროფილს შეადგენს ლილვი და წრეთარგი.

ეკლესიის სახურავის კეხზე (დასავლეთ კიდეში) შემორჩენილია აგურის სამრეკლოს წრიული საფუძველი. ეკლესია დაბურულია თუნუქით.

სარჩევი

1827 წ. შედგენილ ტაძრის აღწერა

1827 წ. შედგენილ ტაძრის აღწერაში ვკითხულობთ: „გურჯაანის შტატის ეკლესია. ეკლესიასა ამას აქუს ტაძრის სახელდება მთავარანგელოზის მიხეილ და გაბრიელისა, ფიცრის, ახლად აშენებული ამა სოფლისაგან 1817 წელს. მდგომარეობს საბატონო ადგილსა ზედა არა ვითარნიმე ჰქონან მამულნი, ამავე სოფლის შტატ გარეთ ეკლესია იოანე ღვთისმეტყველისა, არს ქვიტკირისა, აღშენების წელნი არა ცნობილნი არიან. მდგომარეობს საბატონო ადგილსა ზედა, არა ვითარნიმე ჰქონან მამულნი. ამა შტატის ეკლესიას ჰყავს სამრევლო სახლნი 94 კომლი, ამათში: საბატონო 85, საეკლესიო – 2, თავისუფალი – 7“.

1887 წ. შედგენილ ტაძრის აღწერაში ვკითხულობთ: „გურჯაანის მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია, აშენდა ახლიდან 1872 წელს მრევლის მიერ. იკურთხა 1872 წლის 16 სექტემბერს საქართველოს ეგზარქოს ევსევის (ილინსკი) მიერ. შენობა არის ქვის. უგუმბათო. სამრეკლო არა აქვს. მასზე მიწერილია გურჯაანის წმ. იოანე ღვთისმეტყველის ეკლესია, სადაც სიძველის გამო მსახურება არ ტარდება“.

1922 წ. ტაძარი მოქმედი იყო. დაახლოებით 1923 ან 1924 წ. ის დაიხურა. 1926 წ. ეპისკოპოსმა სტეფანემ (კარბელაშვილი) ჩაატარა ბოდბის ეპარქიის აღწერა, სადაც გურჯაანის ტაძრებზე ვკითხულობთ: „გურჯაანის წმ. იოანე ნათლისმცემლისა და მთავარანგელოზთა ეკლესია – 1200 კომლი, გაუქმებული, წინამძღვარი, დეკ. პოლიევქტოს კარბელაშვილი“.

აქედან მოყოლებული 60 წლის განმავლობაში ტაძარში ხან სპორტული დარბაზი იყო, ხან პურის საცხობი, ხან კი – ნაბდების საამქრო. 1988 წ. დაიწყო მიქაელ მთავარანგელოზის ტაძრის აღდგენა, რასაც სათავეში მღვდელი გიორგი გეთიაშვილი ჩაუდგა.

2009 წ. 22 სექტემბერს ცნობილი საეკლესიო მოღვაწის, დეკანოზ წმ. პოლიევქტოს კარბელაშვილის ნეშტი გურჯაანის საერო სასაფლაოდან გადაასვენეს მიქაელ მთავარანგელოზის ტაძრის ეზოში, სადაც იგი ბოლოს მოღვაწეობდა. დეკანოზმა მიქაელ ხიხაძემ, გურჯაანის ყველაწმიდის მონასტრის ბერებთან ერთად, გადაიხადა პანაშვიდი და ჩაასვენა მამა პოლიევქტოსის და მისი შვილის ნეშტები ახალ სამყოფელში, ტაძრის ეზოში.

ტაძრის წინამძღვრები იყვნენ

1808-1840-იანი წლები მღვდელი აბრაამ დემურიშვილი
27.02.1867-14.04.1898 მღვდელი სამსონ კოპაძე
16.08.1898-22.01.1903 მღვდელი სიმონ ექვთიმიშვილი
22.01.1903-1925 დეკანოზი იოსებ ახალშენიშვილი
1925-1930 დეკანოზი პოლიევქტოს კარბელაშვილი
8.08.1988-21.11.1994 დეკანოზი გიორგი გეთიაშვილი
21.11.1994 წლიდან დღემდე დეკანოზი მიქაელ ხიხაძე

თ. დვალი


წყაროები და ლიტერატურა

  • სცსა, ფ. 487, აღწერა 1, საქმე №62095; საქმე №41261;
  • ხეც., ვ. კარბელაშვილის ფონდი, საქმე №74.
  • საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-I, თბ., 2013.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები