დადა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჰუგო ბალი საზეიმოდ კითხულობს პოემას ქარავანი, ფოტო გადაღებულია კაბარე ვოლტერში. ციურიხი, 1916 წელი

დადა – ხელოვნების რაობაზე სვამს შეკითხვებს 1914 წლის აგვისტოში დიდი ომი დაიწყო. ევროპელი ლიდერების უმრავლესობა მის დასრულებას საშობაოდ ელოდა. ორივე მხარე თავის მოქალაქეებს არწმუნებდა, რომ მათი არმიების ეფექტური მოქმედებები და ჯარისკაცების სიმამაცე სიტუაციის სწრაფ მოგვარებასა და პოლიტიკური status quo-ს აღდგენას უზრუნველყოფდა, თუმცა იმედები ილუზორული აღმოჩნდა. I მსოფლიო ომი ყველაზე უმოწყალო და ძვირადღირებული ომი იყო კაციობრიობის ისტორიაში. დასავლეთის ფრონტზე, მხოლოდ 1916 წლის განმავლობაში გერმანიამ - 850 000, საფრანგეთმა - 700 000, დიდმა ბრიტანეთმა კი - 400 000 მეომარი დაკარგა. კონფლიქტი ჩიხში შევიდა ყველა ფრონტზე, ვინაიდან მხარეები სულ უფრო მეტად სრულყოფდნენ მასობრივი განადგურების ტექნოლოგიებს: ტყვიამფრქვევებს, ცეცხლსატყორცნებს, საბრძოლო ავიაციას და მომწამლავ გაზს. მთავრობებმა ზურგში კონტროლი დააწესეს მრეწველობასა და მშრომელებზე, რათა ეფექტურად ემართათ საომარი რესურსები. შესაბამისად, რიგითი მოქალაქეები იძულებულნი გახდნენ აეტანათ ნორმირებული კვება, პროპაგანდის შემოტევები და ურცხვი სპეკულაციები ომის თემაზე.

საშინელმა სისხლიანმა სასაკლაომ მრავალ ფრონტზე წარმოშვა შიში და ძრწოლა. ერთ-ერთი პირველი მხატვრული მიმდინარეობა, რომელიც ადამიანების ხოცვასა და ამით გამოწვეულ მორალურ საკითხებს შეეხო იყო დადა - ტრანსნაციონალური მოძრაობა მკაფიო ადგილობრივი გამოხატულებით, რომელიც თითქმის ერთდროულად გაჩნდა ციურიხში, ნიუ იორკში, პარიზსა და ბერლინში. თუ ახალი ხელოვნება აქამდე ხელოვნების ტრადიციებზე სვამდა შეკითხვებს, დადა უფრო შორს წავიდა და ხელოვნების, როგორც ასეთის, რაობის საკითხი დააყენა. იყო რა მოწმე იმისა, თუ როგორ იოლად, გაუაზრებლად ნადგურდებოდა სანგრებში ადამიანების სიცოცხლე, დადა დასცინოდა რაციონალური აზრის აბსურდულობას და თანამედროვე საზოგადოების საფუძვლებს. ის თავის თავში მოიცავდა „დამცინავ ხატმბერძოლეობას“ სახელწოდებაშიც კი, რომელსაც არ ჰქონდა რეალური ან მუდმივი მნიშვნელობა.

დადა გერმანულად ბავშვის ლაპარაკს ნიშნავს, ფრანგულად - სათამაშო ცხენს, რუსულად და რუმნილად - დიახ, დიახს, აფრიკულ კრუს დიალექტზე კი წმინდა ძროხის კუდს. დადაისტები ანადგურებდნენ ხელოვნების, როგორც რაღაც ღირებულის ტრადიციულ გაგებას და მას უცნაური და ირაციონალური ხელოვნებით ანაცვლებდნენ, რომელიც იდეებისა და ქმედებების ხელოვნება უფრო იყო, ვიდრე ობიექტებისა.

სარჩევი

ჰუგო ბალი და კაბარე ვოლტერი

დადა, როგორც მიმდინარეობა შესაძლოა, კაბარე ვოლტერში დაიბადა, პოეტ ჰუგო ბალის პოემის „ქარავანი“ პირველი წარმოდგენისას.

კურთ შვითერსი. MERZBILD 5ბ (სურათი-წითელი-გული-ეკლესია), 1919 წელის 26 აპრილი; კოლაჟი, ტემპერა და პასტელი მუყაოზე, 83.4X60.3სმ. სოლომონ გუგენჰაიმის მუზეუმი, ნიუ იორკი

ბალი (Hugo Ball, 1886- 1927) და მისი კომპანიონი, ღამის კლუბის მომღერალი ემი ჰენინგსი (გარდაიცვალა 1949 წელს) I მსოფლიო ომის დაწყებისთანავე გადასახლდნენ გერმანიიდან ნეიტრალურ შვეიცარიაში და 1916 წლის 5 თებერვალს, ციურიხში კაბარე ვოლტერი გახსნეს. კაბარე ვოლტერი, თავისი ლაღი, თავაწყვეტილი ხასიათით, ძალიან ჰგავდა ომამდლი ბერლინისა და მიუნხენის ბოჰემურ არტისტულ კაფეებს. მისი შეშლილი, ირაციონალური სამყარო სხვადასხვა ეროვნების იმ უამრავი დევნილი, ავანგარდული მწერლისა და ხელოვანის თავშეყრის ადგილად გადაიქცა, ვინც ომისადმი ბალისა და ჰენინგის ზიზღს იზიარებდა.

სწორედ აქ წაიკითხა ბალმა საზეიმოდ თავისი ხმოვანი პოემა „ქარავანი“. დეკლამირებისას, ის უცნაურად იყო ჩაცმული ფეხები და სხეული ლურჯი მუყაოს მილებით ჰქონდა შეფუთული, თავზე კი ლურჯ-თეთრი, როგორც თავად უწოდებდა, „ჯადოქარი ექიმის ქუდი“ ეხურა. მხრებზე უზარმაზარი, ოქროსფრად შეღებილი მუყაოს ლაბადა ჰქონდა მოსხმული, რომელიც ტყაპუნის ხმას გამოსცემდა, როდესაც ბალი თავის მუყაოს ხელებს და კიბორჩხალისებურ მუყაოს მტევნებსა თუ მარწუხებს ამოძრავებდა. ბალის პოემის ტექსტი, რომელიც ჩართულია საღამოს ამსახველ დოკუმენტურ ფოტოში, უაზრო ბგერების რიგისგან შედგება, ის უარყოფს „ენას, რომელიც განადგურდა და ჟურნალისტიკამ გამოუსადეგარი გახადა“ და დასცინის ტრადიციულ პოეზიას. ბალმა შეგნებულად თქვა უარი ზრდასრული ადამიანის ცხოვრების რაციონალურობაზე და შექმნა ახალი და სრულიად გაუგებარი, საკუთარი, შემთხვევითი ბგერებისგან შედგენილი ენა, რომელიც ბავშვის ლუღლუღს უფრო მოგაგონებდათ.

დადა ბერლინში 1917 წლის დასაწყისში ჰუგო ბალმა და რუმინული წარმოშობის პოეტმა ტრისტან ტცარამ (1896-1963) ციურიხში გახსნეს დადას გალერეა. ტცარა ასევე რედაქტორობდა ჟურნალს დადა, რომელმაც სწრაფად მიიპყრო თანამოაზრე ხელოვანებისა და მწერლების ყურადღება ევროპის რამდენიმე დედაქალაქსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. მოძრაობა კიდევ უფრო ფართოდ გავრცელდა ომის შემდეგ, როდესაც ჰუგო ბალის შვეიცარიული ჯგუფის დევნილი წევრები თავიანთ სამშობლოს დაუბრუნდნენ. მაგალითად, რიჩარდ ჰიულსენბექმა (1892-1974) დადა გერმანიაში ჩაიტანა, სადაც 1918 წლის აპრილში დადას ბერლინის კლუბის დაარსებაში მიიღო მონაწილეობა.

დადას ყველა ძირითად ცენტრს ერთმანეთისგან ოდნავ განსხვავებული დღის წესრიგი ჰქონდა და შესაბამისად, თითეულ მათგანში მან რამდენადმე განსხვავებული ფორმა შეიძინა. ბერლინის დადას ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული თავისებურება მისი აგიტაციურ-პროპაგანდისტული ხასიათი იყო. დადას სხვა, უფრო ლიტერატურულ ფორმებთან შედარებით, ის სახვითი ხელოვნების უჩვეულოდ მრავალრიცხოვან ნიმუშებს ქმნიდა, განსაკუთრებით კოლაჟსა და ფოტომონტაჟს (ფოტოგრაფიული კოლაჟი).

ჰანნა ჰოხი. გამოჭრილია დადაისტური სამზარეულოს დანით, ასახავს ვაიმარის ლუდით გაბერილი სტომაქების ბოლო კულტურულ ეპოქას გერმანიაში, 1919; კოლაჟი, 114X90 სმ. ეროვნული გალერეა, ბერლინის სახელმწიფო მუზეუმი, ბერლინი

კურთ შვითერსი

კურთ შვითერსი (Kurt Schwitters, 1887-1948), რომელიც 1919 წელს შეხვდა ჰიულსენბექს და სხვა დადაისტებს, ვიზუალური პოეზიის შესაქმნელად, მატარებლის გადაგდებულ ბილეთებს, საფოსტო მარკებს, სასურსათო ტალონებს, ლუდის ეტიკეტებს და ქუჩაში ნაპოვნ სხვა ნარჩენებს იყენებდა. ის ინდუსტრიული სამყაროს უსარგებლო, ერთჯერადი ნაბეჭდი პროდუქცისგან შექმნილ, თავის ორ და სამგანზომილებიან ნამუშევრებს Merzbilder-ს უწოდებდა, რაც გერმანულად „ნარჩენ სურათს“ ნიშნავს. ამ ნამუშევრებში შვითერსი გაზეთის ფრაგმენტებს და სხვა ნაბეჭდ პროდუქციას ნახატ ან ფერწერულ გამოსახულებებთან აერთიანებდა. იგი წერდა, რომ ნაგავს ისეთივე უფლებები ჰქონდა, როგორიც ფერწერას. თავის კოლაჟში MERZBILD 5ბ შვითერსი თავის დამოკიდებულებას გამოხატავს დამარცხებული გერმანიის ომის შემდგომი არეულობისადმი და საამისოდ, ქუჩაში ნაპოვნ იმ გაზეთის ნაგლეჯებსა და ბეჭდურ ფრაგმენტებს იყენებს, რომლებიც შინაარსობრივად, ამ მოვლენებს ეხმიანება. ერთ-ერთი ფრაგმენტი აღწერს სასტიკ ჩამოშლას ბრემენის სოციალისტური რესპუბლიკისა, რომელმაც სულ ცოტახანს იარსება.

ჰანნა ჰოხი

ჰანნა ჰოხი (Hannah Höch, 1889-1978) კიდევ უფრო მწვავე პოლიტიკურ ფოტომონტაჟებს ქმნიდა. 1916-1926 წლებში, ის ბერლინის უმსხვილესი საგამომცემლო სახლისთვის, ფერლაგისთვის (Verlag) მუშაობდა, დეკორატიულ მოტივებს ქმნიდა და ქალთა ჟურნალისთვის ხელსაქმეზე წერდა სტატიებს. ჰოხი 1920-იანი წლების ქალთა მოძრაობის ნაწილად მიიჩნევდა თავს და გმობდა მას-მედიით გავრცელებულ, სტერეოტიპულ წარმოდგენებს ქალებზე. როგორც ერთადერთ ქალს, მას ბერლინელ დადაისტებს შორის ადგილის დამკვიდრებისთვისაც უწევდა ბრძოლა. ერთ-ერთმა მათგანმა ძალზე დამამცირებლად აღწერა დადაისტთა ცხოვრებაში ჰანას მონაწილეობა და ის მხოლოდ სენდვიჩებისა და ლუდის ჯადოსნურ მომპოვებლად წარმოაჩინა. ნამუშევარში: გამოჭრილია დადაისტური სამზარეულოს დანით, ასახავს ვაიმარის ლუდით გაბერილი სტომაქების ბოლო კულტურულ ეპოქას გერმანიაში, ჰოხი აერთიანებს პოპულარული გაზეთებიდან და პოლიტიკური პლაკატებიდან ამოჭრილ გამოსახულებებს, ფოტოებსა და სიტყვებს, რათა შექმნას 1919 წლის ვაიმარის რესპუბლიკის რაც შეიძლება სრული, მძაფრი, ბრაზით სავსე კრიტიკა.

ამ ფოტომონტაჟში ჰოხი გვიჩვენებს ქალს, რომელიც ნაწილებად ჭრის გერმანული გავლენიანი წრეების ლუდით გაბერილ წარმომადგენლებს; გვიჩვენებს მარქსს, ლენინს და ასევე, საკუთარი თავისა და რამდენიმე სხვა ბერლინელი დადაისტის დადაისტური ხასიათის, ჰერმაფროდიტულ პორტრეტებს. ნამუშევარი სურვილს აჩენს გავერკვეთ, თუ რომელ მხარეს დგანან, ჰოხის აზრით, მისი დადაისტი ამხანაგები.

წყარო

ხელოვნების ისტორია XVIII საუკუნიდან დღემდე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები