დადიანების სასახლე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დადიანების სასახლე

დადიანების სასახლე − (ინგლ. Zugdidi Da-diani Palace), საქართველოს საერო ხუროთმოძღვრების შესანიშნავი ძეგლი, ზუგდიდის დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი. მდებარეობს დასავლეთ საქართველოში, სამეგრელოს მხარეში, ქ. ზუგდიდის ცენტრში. კომპლექსში შემავალი ნაგებობებია: დედოფლის სასახლე, ნიკო დადიანის სასახლე, კარის ეკლესია და ბოტანიკური ბაღი.

სამეგრელოს მთავრი დავით დადიანი

ეს ისტორიული სასახლე სამეგრელოს მთავრების, დადიანების რეზიდენცია იყო. პირველად სამთავრო რეზიდენცია ააგო ოდიშის მთავარმა ლევან II დადიანმა (1611-1657 წწ.), ხოლო ჩვენამდე მოღწეული კომპლექსის შემქმნელები არიან სამეგრელოს მთავრი დავით დადიანი (1813-1853 წწ.), მისი მეუღლე ეკატერინე ჭავჭავაძე-დადიანისა (1816-1882 წწ.) და მათი ვაჟი ნიკო დადიანი. დედოფლისეული სასახლის რეკონსტრუქცია XIX საუკუნის 60-იან წწ-ში ჩაატარა გერმანელმა არქიტექტორმა რაისმა, რომელმაც გოტიკური სტილი გამოიყენა სასახლის განახლებისას, ხოლო ნიკო დადიანის ორსართულიანი სასახლე XIX ს-ის 80-იან წწ-ში ააგო რუსმა არქიტექტორმა ლეონიდ ვასილევმა. მან ტრადიციულ რუსულ ექსტერიერს ოსტატურად შეუხამა ქართული ინტერიერი და იმდროინდელი საქართველოსათვის სრულიად უჩვეულო არქიტექტურული ნიმუში მიიღო. სასახლეს ამშვენებს აივანი, რომელსაც უნიკალური ხის ჭერი აქვს, მის შესამნელად ათიათასამდე ხის პატარა დეტალია ხელით დამუშავებული და ასეა შექმნილი დაახლოებით ხუთმეტრიანი მოზაიკა, სადაც ცენტრალური ადგილი შვიდკუთხა გეომეტრიულ ფიგურას უჭირავს. მთლიანად აივნის მოზაიკურ გაფორმებაში დაახლოებით 50 ათასამდე ხის პატარა ორნამენტია გამოყენებული, ზუსტად არ არის ცნობილი ვინ არის აივნის არქიტექტორი, თუმცა გადმოცემის მიხედვით, სამეგრელოს დედოფალს ეკატერინე ჭავჭავაძეს აივნის გასაკეთებლად ლაზეთიდან საუკეთესო ოსტატები მოუწვევია და მათთვის მანამდე არნახული არქიტექტურული ნიმუშის შექმნა დაუვალებია. ყოველი დეტალი თაფლში სხვადასხვა ტემეპრატურაზეა მოხარშული, რითაც მათ განსხვავებული ფერადოვნება აქვთ მიღებული და ამიტომაც აივნის მოზაიკა უმშვენიერესია სანახავად.

სასახლის ხის ჭერის მოზაიკა

გარდა დედოფლისა და ნიკო დადიანის სასახლეებისა კომპლექსს ამშვენებდა მიურატების, გორდის და სალხინოს სასახლეები, რომლებსაც სამწუხაროდ ჩვენამდე არ მოუღწევია.

მუზეუმის ინტერიერი

დადიანების სასახლის მუზეუმი უძველესია საქართველოში. დავით დადიანმა ჯერ კიდევ 1839 წელს დააფუძნა პირადი მუზეუმი, არქეოლოგიური, ნუმიზმატიკური, სამხედრო და ეთნოგრაფიული კაბინეტებით. ამჟამად მუზეუმში 50000-ზე მეტი ექსპონატი ინახება. მუზეუმის იშვიათ ექსპონატებს შორის დაცულია საფრანგეთის იმპერატორის ნაპოლეონ ბონაპარტის (1769-1821 წწ.) ბრინჯაოს ნიღაბი, რომელიც ჩამოსხმულია პარიზში 1833 წელს ანატომიის პროფესორის ფრანჩესკო ანტომარკის მიერ (ხელოსნები რიშარი და კენელი). მუზეუმს ამშვენებს ევროპელი მხატვრების უნიკალური ნამუშევრები, მათ შორის გერმანელი ფერმწერის ფრანც ვინტერპალტერის მიერ 1865 წელს შესრულებული ეკატერინე ჭავჭავაძის პორტრეტი, ასევე ფრანგი მხატვრის პიერ ბლანშარის რამდენიმე ნამუშევარი, რომელიც რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე II-მ საჩუქრად გადასცა სამეგრელოს მთავარ ნიკო დადიანს.

ნაპოლეონ I-ის ბრინჯაოს ნიღაბი

მუზეუმის ოქროს ფონდში განთავსებულია XI-XIX საუკუნეების ოქრომქანდაკებლობისა და ოქრომჭედლობის უბრწყინვალესი ნიმუშები − თამარ მეფის დედის ბურდუხან დედოფლის ხატი (XII ს.), წმინდა გიორგის კარედი ხატი ქტიტორის კირილე ჟუანიძის გამოსახულებით (XVI ს.), ხუნძი პოლიტიკური და რელიგიური მოღვაწის, კავკასიის მთიელ ხალხთა მეთაურის, იმამ შამილის ხმალი, ფრანგული ისტორიისა და კულტურის უნიკალური ნივთები, ბულის, როკოკოსა და ამპირის სტილის ავეჯი, ქართული, იაპონური, ჩინური, ბროლის, ქაშანურის ჭურჭელი, მოვერცხლილი ლარნაკები, ალბომი ოქროს ყდით, ანტიკური და შუასაუკუნეების ოქრომჭედლობის ნიმუშები, ფულის მდიდარი კოლექცია (კოლხური თეთრი, რომაული, ბიზანტიური მონეტები, რომის იმპერატორის იუსტინიანე I-ის (527-565 წწ.) მონეტა, ძვ.წ. I - ახ.წ. I-II საუკუნეების კოლხური ოქროს მონეტა), ქართული საეკლესიო ნაქარგების ნიმუშები, ლევან II დადიანის ბრძანებით დამზადებული გარდამოხსნა, გიორგი მეფის სამწერობელი (XI ს.), XVI-XIX საუკუნეების უნიკალური ხელნაწერი წიგნები, ძველი და ახალი ქვის ხანის იარაღები (თაგილონის განძი) და მრავალი სხვა.

ეკატერინე ჭავჭავაძის პორტრეტი

ზუგდიდის მუზეუმის საგანძურს წარმოადგენს უდიდესი ქრისტიანული სიწმინდე − ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კვართი, რომელიც ბიზანტიის იმპერიის დაცემის შემდეგ (1453 წ.) საქართველოში გადმოუტანიათ. იგი ჯერ ბედიის ტაძარში, შემდეგ კი ხობის ეკლესიაში დაუბრძანებიათ, 1533 წლიდან კი ლევან I დადიანს სამეგრელოს სამთავრო სასახლეში გადმოუსვენებია. აქ კიდევ მრავალი სიწმინდეა დაცული: წმინდა მარინეს მკლავი, წმინდა კვირიკეს ხელის მტევანი, წმინდა გიორგის ბარძაყის ძვლის ნაწილი, წმინდა იოანე ნათლისმცემლის ძვლის ნაწილი. წმინდა ნაწილები მოთავსებულია ვერცხლით მოჭედილ პატარა ზომის ლუსკუმაში, რომელიც შემკობილია ძვირფასი თვლებით და ღვთისმშობლის ოქროს რელიეფური გამოსახულებით.

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კვართი

ზუგდიდის არქიტექტურული ანსამბლის მშვენებაა 1840 წლიდან დავით დადიანისა და მისი მეუღლის ეკატერინე ჭავჭავაძის მიერ სასახლის ირგვლივ გაშენებული ბოტანიკური ბაღი, რომელსაც 67 ჰა ტერიტორია უჭირავს. ეკატერინეს ბაღის გასაშენებლად ევროპიდან მოუწვევია ტრიესტელი სპეციალისტი მებაღე ჟოზეფ ბაბინი და იტალიელი მებაღე-დეკორატორები ძმები გაეტანო და ჯიოვანო ზიმბერლეტები. თესლეული და ნერგები საფრანგეთის ვერსალის ბაღიდან იქნა ჩამოტანილი. ამიერკავკასიაში საუკე-თესო ბაღი ყვავილნარებით, გაზონებით, ხელოვნური პეიზაჟებითა და ჭადრების ხეივნებით (სურ. 7. ბოტანიკური ბაღი), ფრანგული სიმეტრიული სტილითა და იტალიური განაშენიანების პრინციპით მოეწყო. სამწუხაროდ, 1856 წელს ოსმალი სარდლის ბრძანებით ისკანდერ ფაშამ აჩეხა და გააჩანაგა ბაღი, თუმცა ეკატერინე დედოფალს ფარხმალი არ დაუყრია, ბაღი აღადგინა და ძველებური ხიბლიც დაუბრუნა. ბაღს დღესაც ამშვენებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან (იაპონია, იტალია, ინდოეთი, ჩრდილოეთ ამერიკა და სხვ.) ჩამოტანილი ხეები და დეკორატიული მცენარეები, რომლებიც შესანიშნავად შეეთვისა ქართულ კლიმატს და განუსაზღვრელ სიამოვნებას ანიჭებენ მნახველებს.

დადიანების სასახლის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს მთავრისეული ეკლესია, რომელიც 1825-1830 წლებში აუშენებიათ და სამეგრელოს მთავრის ოჯახის კარის ეკლესია იყო. აქ დასვენებულ ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატს ირგვლივ შემოვლებული ჰქონია წმინდა სარტყელი, რომელიც XI საუკუნეში ბიზანტიიდან ჩამოუტანია საქართველოს მეფის (1027-1072 წწ.) ბაგრატ IV-ის მეუღლეს − ელენეს.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები