დავითგარეჯის მონასტერი XIX-XX საუკუნეებში

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დავითგარეჟის ლავრა XIX ს-ის 70-იანი წლები

დავითგარეჯის მონასტერი XIX-XX საუკუნეებში − 1801 წ. კათოლიკოს-პატრიარქ ანტონ II-ის ლოცვა-კურთხევით ნინოწმინდელმა მიტროპოლიტმა მიქაელმა (ინასარიძე) მღვდელ-მონაზონ ილარიონს არქიმანდრიტის წოდება მიანიჭა და დავითგარეჯის მონასტრის წინამძღვრად დანიშნა. საეკლესიო საბუთებში მონასტრის წინამძღვრად იგი პირველად იხსენიება 1801 წ. 5 მაისით დათარიღებულ დოკუმენტში. მის დანიშვნაზე პლატონ იოსელიანიც საუბრობს თავის ნაშრომში, „ცხოვრება გიორგი მეცამეტისა“: „თომა გარსევანიშვილი, წინამძღვარი დავით გარესჯისა; ამას წაართო წინამძღვრობა დავით ბატონიშვილმა, და მისცა ილარიონ ბებურიშვილსა“. ახალგაზრდა წინამძღვარი ენერგიულად შეუდგა მონასტრის მართვა-გამგეობას. 1808-1810 წწ. მან ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფის, გიორგი XII-ის ვაჟის, ბატონიშვილ იოანეს ფინანსური მხარდაჭერით წამოიწყო დავითგარეჯის ლავრის კაპიტალური რემონტი. 1811 წ. განაახლეს ამავე ლავრის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძრის სამხრეთ კედელი, რომლის დროსაც აღმოჩნდა წმ. დავით გარეჯელის მიერ იერუსალიმიდან ჩამოტანილი სიწმინდე“, რომელიც საუკუნეების მანძილზე დაკარგულად ითვლებოდა.

ქვათახევის მონასტრის წინამძღვარი, წმ. კათოლიკოს ანტონ II-ის ნათლული, გამოჩენილი მწიგნობარი და კალიგრაფი, არქიმანდრიტი ტარასი (ალექსი-მესხიშვილი, 1793-1874) თავის ნაშრომში „უდაბნო ღირსისა მამისა ჩუენისა დავით გარესჯელისა“ – ამ შემთხვევის შესახებ წერდა: „და შემდგომთა მრავალთა წელთა გარდაცუალებისა მისისათა არა ვინღა უწყოდა ვითარება და სადაობა ქვისა მის, არცა ძმათა წმიდისა მის სავანისათა, და არცა სხუათა ვიეთმე წერილით, გინა ზეპირ მოთხრობით ვიდრე 1811 წლადმდე. ხოლო ამა წელსა შინა, სიძველის გამო, ინება ეკლესიის სამხრეთის კედლის განაახლება საფუძველითგან, მისვე სავანის წინამძღუარმან არხიმანდრიტმან ილარიონ, გვარად ვაჩნაძემ; და იწყორა მან საფუძველითგან შენება მისი, მოსთხოვა საჭიროებამან გასწორება კანკლისა თანა საკურთხეველის ძველის ოთხკუთხედის სვეტისა მის, რომელ არს ფერხით კერძო წმიდისა დავითისა, და განვრცელებაცა კამარისა მის, რომლისა ქვეშე არს ლუსკუმა ღირსისა ამის, ხოლო ჩამოიქცა რა ნახევარი სვეტისა მის ფერხით კერძო წმიდისა მის, გამოჩნდა კედელი გაჯით გალესილი, და მას ზედა დახატული ხატი წმიდისა დავითისა, და ღირსისა დოდოსი, რეცა ურთიერთარს ხელთა ამბორისმყოფელნი და მნიშვნელნი ახლად შემთხუევისა მათისანი მხიარულითა სახითა, რომელსაცა ცხადჰყოფდა მისვე გამოხატულებისა თავსა ზედა წარწერილი ესრეთ: „ხატი წმიდისა დავითისა იერუსალიმით მოსლვისა“. გარნა, კვალად ისაჭიროვა მის ჟამისა ეკლესიისა მის სრულიად განახლებამან კედლისაცა მის ჩამოქცევა ხატითურთ, გასასწორებლად კანკლისა თანა, და რაჟამს ჩამოქცეულ-იქმნა, გამოჩნდა კვალად სხუა კედელი და მას შინა თახჩა მცირე გაჯითავე გალესილნი, და მას თახჩასა შინა მცირე სორო, რომელსა შინა იდვა ქვა იგი პატიოსანი წმიდისა დავითისაგან იერუსალიმით მოხმული, სადაცა იჩვენებოდა ნანთებობა სანთლისა, და კვალად ნაღვენთნიცა სიძველისაგან უფერულქმნილნი“. მოგვიანებით, XIX ს. II ნახ-ში, იგივეს აღნიშნავდა გარეჯის მონასტერში მოღვაწე მღვდელ-მონაზონი კალისტრატე (ჩიჩუა), რომელმაც 1884 წ. მცირე ბროშურაც გამოსცა დავითგარეჯის ლავრის ისტორიის შესახებ. განსხვავება ის არის, რომ აღდგენის თარიღი მას 1816 წ. უწერია. იგივეს იმეორებს ექვთიმე ღვთისკაცი (თაყაიშვილი) თავის წერილში „დავითგარეჯის მონასტერი და მისი უდაბნოები“, სადაც წერს: „მარჯვნივ აქ, კლდის ძირში ფერისცვალების ეკლესია არის მოზრდილი.

არქიმანდრიტ ილარიონის წინამძღვრობის პერიოდში დავითგარეჯის მონასტერი ეკონომიკურად დაწინაურდა. მან თავის გარშემო დაიწყო ახალი საძმოს შემოკრება, რომელთა რიცხვმა მალე 20 კაცს გადააჭარბა.

1815 წ. 28 აპრილს არქიმანდრიტი ილარიონი გაათავისუფლეს წინამძღვრობიდან (თუმცა ოფიციალურად მაინც ითვლებოდა სავანის წინამძღვრად) და ოსეთის სასულიერო კომისიაში განაწესეს. თელავის მთავარეპისკოპოს დოსითეოსის (ფიცხელაური) ლოცვა-კურთხევით, იმავე წლის 29 აპრილს მონასტრის მართვა დროებით მღვდელ-მონაზონ ზოსიმეს (სამსონიძე) დაევალა.

1816 წ. 27 მარტს საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორის პროკურორი ჭილაშვილი იმყოფებოდა გარეჯის ლავრაში და იქიდან, ჩავიდა რა სოფელ ხაშმში, სინოდალურ კანტორას გაუგზავნა წერილი. იგი მიიჩნევდა, რომ მონასტრის წინამძღვრის გარეშე დატოვება არ იყო – გამართლებული და საძმოს სჭირდებოდა ახალი იღუმენი. ასეთ კანდიდატად იგი მოიაზრებდა გარეჯის ნათლისმცემლის მონასტრის მღვდელ-მონაზონ იოსტოსს (ანდრონიკაშვილი). ეს ის იოსტოსია, რომელიც თან ახლდა ფარნაოზ ბატონიშვილს 1804 წ. აჯანყების დროს, და მასთან ერთად დააპატიმრეს. თავის მხრივ, სინოდალურმა კანტორამ გაუგზავნა შეკითხვა მეუფე დოსითეოსს და სთხოვა თავისი აზრი გამოეთქვა ამ საკითხთან დაკავშირებით. 1816 წ. 17 მაისს მეუფე დოსითეოსმა კანტორას აცნობა, რომ მამა ზოსიმე თავის მოვალეობას ასრულებს კეთილსინდისიერად და პატიოსნად, არ აქვს არანაირი დარღვევები და არის გამოცდილი მოღვაწე. თანაც, შეიძლება გარკვეული დროის მერე მამა ილარიონი კვლავ დაუბრუნდეს თავის ძველ ადგილს და გამართლებული არ იქნება, რომ მას წავართვათ წინამძღვრობაო. საქმე დაიხურა და მამა იოსტოსი მხოლოდ მონასტრის რიგით წევრად გადაიყვანეს.

არქიმანდრიტ ილარიონის წინამძღვრობისას, 1818 წ., რუსეთის წმ. სინოდის განკარგულებით, დავითგარეჯის ლავრას ჩამოერთვა ისტორიულ საკუთრებაში მყოფი საეკლესიო ყმები და მამულები, საიდანაც მონასტერი იღებდა შემოწირულებას და სარგებლობდა მისი შემოსავლებიდან. მაშინ გარეჯის მონასტრის მფლობელობაში 153 კომლი გლეხი შედიოდა. როგორც არქიმანდრიტი ტარასი (ალექსი-მესხიშვილი) წერდა: „გარდა ამ შემოწირულებისა, თათარნიცა-ყაზახ-ბორჩალოსანი, რომელნიცა აძოებდენ პირუტყუთა თვისთა გარემოს ადგილთა ამათ მონასტერთასა, კაცობრიობით და წყალობის ყოფით განღვიძებულნი პატივსცემდენ და მსახურებდენ მონასტერთა მათ ახლის თევზით, ყველით, ერბოთი, მატყლით და სანთლის ქონით შეძლებისა და ნებისაებრ თვისისა, ხოლო ძმანი ყოველნი, ამათ ყოველთა სახმართა თვის ზრუნუათაგან თავისუფალნი, შეყოფილ იყუნეს მხოლოდ ოდენ ეკლესიურსა ღვთის მსახურებასა, წიგნის კითხვისა, გალობისა, წერისა და ხელთ-საქმარსა სწავლულებასა, და მონასტრულსა მორჩილებასა, ღუაწლსა და შრომასა, და შუენიერსა მონაზონებითსა მოქალაქობასა“. ეს ყველაფერი სახელმწიფო ხაზინას გადაეცა საერთო სარგებლობაში, საიდანაც შემდეგ თითოეულ მონასტერს ფულადი სახით დაენიშნა წლიური შემოსავალი. გარეჯის წინამძღვარს დაენიშნა 300 მანეთი, მღვდელ-მონაზონს 70, ბერ-დიაკონს – 60, ხოლო ბერსა და მორჩილს – 50.

დავითგარეჯის ლავრის ძმობა. 1909 წელი. ცენტრში ზის წინამძღვარი, არქიმანდრიტი დოსითეოსი (ბერძენიშვილი)

1820 წ. თებერვალში არქიმანდრიტი ილარიონი ოსეთის სასულიერო კომისიიდან დაითხოვეს და იგი კვლავ დავითგარეჯის მონასტერში დაბრუნდა. 1823 წ. 1 ივნისს, თავისი თხოვნის საფუძველზე, ავადმყოფობის გამო ითხოვა წინამძღვრობიდან გათავისუფლება. იმავე წლის 7 სექტემბერს სინოდალურმა კანტორამ მისი თხოვნა დაამაყოფილა.

1823 წლის 13 ოქტომბერს საქართველოს ეგზარქოსმა იონამ (ვასილევსკი) სიონის საკათედრო ტაძრის დეკანოზი ალექსანდრე ფედოროვი ბერად აღკვეცა და სახელად ანტონი უწოდა. მეორე დღეს კი იგი დავითგარეჯის ლავრის წინამძღვრად დაინიშნა.

ეკლესიის ისტორიის მკვლევარი დეკანოზი წმ. პოლიევქტოს კარბელაშვილი არქიმანდრიტ ანტონზე წერდა: „საქართველოში ჩამოსულმა ეგზარქოსმა თეოფილაქტემ თან მოიყვანა მთელი რაზმი მოხელეებისა, მათ შორის დეკანოზი ალექსანდრე ფედოროვი, რომელსაც სიონის დეკანოზობა მისცა. ორი წლის განმავლობაში ამ დეკანოზს ცოლი და შვილი დაეხოცა. ხალხი ამბობდა – სიონის ღვთისმშობელს რუსი დეკანოზი არ ენახა და მაშ რა ხეირს დააყრიდაო.

1823 წლის 13/14 ოქტომბერს ეგზარქოსმა იონამ ბერობა შემოსა (ანტონი უწოდა), არხიმანდრიტად აკურთხა და დავითგარეჯის წინამძღვრობა უბოძა. მოხუცი ილარიონ ვაჩნაძე არხიმანდრიტი კი გააძევა“. იგი 1834 წლამდე მართავდა გარეჯის მონასტერს.

1834 წ. 28 ივლისს დავითგარეჯის მონასტრის მომდევნო წინამძღვრად ასევე სიონის საკათედრო ტაძრის დეკანოზი პეტრე გიორგის ძე ავალიანი გამოარჩიეს. იმავე წლის 7 სექტემბერს იგი ბერად აღკვეცეს, იოანე უწოდეს და ორი დღის შემდეგ არქიმანდრიტის პატივში აიყვანეს.

არქიმანდრიტ იოანეს დროს, 1851 წ. 18 ივლისს, გარეჯის მონასტერი ლეკებმა ააოხრეს. თავად წინამძღვარი ამ დროს თბილისში იმყოფებოდა. 1851 6. 25 ივლისს იგი სინოდალურ კანტორას სწერდა: „1851 წლის 18 ივლისს, საღამოს 6 საათზე, მონასტრის ერთ-ერთმა მოსწავლე ილია მჭედლიშვილმა ეზოში დაინახა რამდენიმე ადამიანი, შევიდა მონასტერში და მოახსენა, რომ იქ იდგნენ უცხო ადამიანები. რის გამოც მაშინვე ჩაკეტეს დიდი კარები. შეკითხვაზე, თუ ვინ იყვნენ, ლეკებმა უპასუხეს, რომ უნდოდათ წყლის დალევა. მონასტრის ხაზინადარმა გადააწოდა მათ წყალი დასალევად. ამავდროულად აღმოსავლეთი მხრიდან ლეკები მოადგნენ ერთ-ერთ კარებს, შეშინებული ხაზინადარი შევარდა თავის კელიაში. ერთ-ერთმა მოწაფემ აიღო იარაღი თავის დასაცავად, მაგრამ ლეკებმა სწრაფად დაჭრეს ის ფეხში, და ამის შემდეგ შეამტვრიეს ორივე კარი. ამ დროს მონასტერში იმყოფებოდნენ მონასტრის 9 წევრი და 7 მოსწავლე. აქედან ორი მოსწავლე ალექსი ყანდარელი და გიორგი დალბაშვილი, წასული იყვნენ წყლის მოსატანად, და როგორც კი დაინახეს ესეთი ამბავი, მაშინვე გაიქცნენ მაშველის დასაძახებლად ნათლისმცემლის მონასტერში. ორმა მოწაფემ, საბა გილაშვილმა და ილია მჭედლიშვილმა, მოასწრეს კიბის ქვეშ არსებულ ორმოში დამალვა, ხოლო დავით დოლმაზაშვილმა მოასწრო დამალვა დიდ ეკლესიაში. ტყვედ აიყვანეს: ხაზინადარი მღვდელ-მონაზონი მაკარი, მღვდელ-მონაზონი ისააკი (დოღონაძე), დიაკონი საბა გველესიანი, მიხეილ დოლმაზაშვილი, ვასილ მოსიაშვილი, ხოლო დანარჩენი – მღვდელ-მონაზონი სერაპიონი (ლომიძე), მღვდელ-მონაზონი გერასიმე (გერონტი ვაჩნაძე), ბერი გერმანე, მორჩილი ოთარ ელიოზიშვილი, ანაფორიანი მორჩილი ბესარიონი, მიხეილ ქართველიშვილი და მოსწავლე სვიმონ ლომიძე, დახოცეს. წმ. ნიკოლოზის ეკლესიის კარები შეამტვრიეს, ტრაპეზის მორთულობა, საეკლესიო შესამოსელი და ტაძრის ინვენტარი დაიტაცეს. აღსავლის კარები დაამტვრიეს“.

დავითგარეჯის ლავრის შიდა ეზო. 1851 წელს მოწამეობრივად აღსრულებული ბერების განსასვენებელი

მათი აღსასრულიდან 144 წლის შემდეგ, 1995 წ. 17-18 სექტემბერს, საქართველოს სამოციქულო ეკლესიის წმ. სინოდის გაფართოებულ სხდომაზე ეს წამებული კრებული წმიდათა დასში შეირაცხა.

1852 წლის 11 მარტს დავითგარეჯის მონასტრის წინამძღვრად არქიმანდრიტი თეოფანე (მაჩაბელი) დაინიშნა. იგი გარეჯის ლავრაში 1806 წლიდან ცხოვრობდა და მრავალი მოვლენისა და ისტორიული ფაქტის მომსწრე იყო. წინამძღვრობამდე იგი წლების მანძილზე ასრულებდა მონასტრის ხაზინადრისა და თანაშემწის მოვალეობას, იყო გამოცდილი და მოსაგრე ბერი.

1855 წ. 17 მარტს დავითგარეჯის მონასტრის წინამძღვრად ხირსის მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი გერონტი (პაპიტაშვილი) დაინიშნა. მისი მმართველობის პერიოდში, ლეკებმა სავანე კიდევ ერთხელ დაარბიეს, რომლის დროსაც მათ გაიტაცეს მადლის ქვა, ოღონდ არ იცოდნენ, რა მიჰქონდათ. ლეკებმა ტყვედ წაიყვანეს საძმოს წევრი, მღვდელ-მონაზონი მიტროფანე (ნაცვლიშვილი), რომელმაც გადაარჩინა ეს დიდი სიწმინდე. ეს მოხდა 1857 წ. 1 ოქტომბერს. ლეკებმა გაძარცვეს და ააოხრეს წმინდა სავანე. დაანგრიეს წმ. დავით გარეჯელის ლუსკუმა, წაიღეს საღმრთო ჭურჭელი, ძვირფასი ხატები და საკვირველმოქმედი ქვა, რომელიც წმინდა ტრაპეზის ქვეშ პატარა კოლოფში ინახებოდა.

1858 წ. 5 იანვრიდან 1858 წ. 6 ნოემბრამდე გარეჯის სავანეს არქიმანდრიტი წმ. გაბრიელი (ქიქოძე, შემდგომში იმერეთის ეპისკოპოსი) წინამძღვრობდა.

1859 წ. 17 აპრილიდან 1868 წ. 31 იანვრამდე გარეჯის მონასტრის წინამძღვარი იყო არქიმანდრიტი გრიგოლი (ბერძენიშვილი).

1868 წ. 31 იანვრიდან 1878 წ. 23 ნოემბრამდე გარეჯის მონასტრის წინამძღვარია არქიმანდრიტი სოფრონი (აბელიშვილი).

1879 წ. 28 ივლისს გარეჯის მონსტრის წინამძღვრად დაინიშნა არქიმანდრიტი გრიგოლი (დადიანი). 1880 წ. მისი თხოვნით გორის ეპისკოპოსი ალექსანდრე (ოქროპირრიძე) ჩავიდა გარეჯის მონასტერში და დაათვალიერა. მან ყურადღება მიაქცია მონასტრის კედლების მძიმე მდგომარეობას. კედლები ისე იყო დაზიანებული, რომ ძლიერი წვიმის დროს ეკლესიაში წყალი ჩადიოდა. რადგან მონასტერს არ ჰქონდა მისი შეკეთების საშუალება, ეპისკოპოსმა ალექსანდრემ თავად იკისრა მისი რესტავრაცია და იმავე წელს თავისი ხარჯებით შეაკეთა სავანის კედლები.

არქიმანდრიტ გრიგოლის წინამძღვრობის პერიოდში გარეჯის მონასტერში, მიუხედავად მრავალი დარბევისა და განადგურებისა, კიდევ მრავლად იყო შემორჩენილი ძველი ქართული ხელნაწერი წიგნები. ამას ადასტურებს გაზეთ „ივერიის“ კორესპონდენტი, რომელიც წერდა: „ჩვენ შევიტყეთ ნამდვილათ, რომ კახეთისაკენ დავით გარეჯის მონასტრის ბიბლიოთეკაში ოთხმოცამდინ ქართული ძველი ხელთნაწერი წიგნები მოიპოვება, მათს რიცხვში ბევრი ძალიან ძვირფასი წიგნებია, რომელნიც ჩვენს ლიტერატურაში კარგს ალაგს დაიკავებენ. იმ ბიბლიოთეკის კატალოგსა ჩვენ დავბეჭდავთ და გავაცნობთ ჩვენს მკითხველს“.

ცალკე უნდა აღინიშნოს მ. საბინინის მიერ გარეჯის მონასტრის მოვლა-მოწესრიგებისთვის გაწეული შრომა. მონასტერში მან ჩაიტანა შეწირული ფულით პეტერბურგსა და მოსკოვში შეძენილი ძვირფასი ნივთები, რომელთა შორის გამოირჩეოდა ამერიკული ნიგვზის მოოქრული და მომინანქრებული კანკელი, დავით გარეჯელის საფლავის საფარი-შესამოსელი, ჯვრები, სხვადასხვა საეკლესიო ჭურჭელი, საღებავი და სხვადასხვა ჯიშის ხეები ეზოში დასარგავად.

1881 წ. მარტში, ქართული ეკლესიის ისტორიკოსისა და დიდი მოამაგის, მიხეილ საბინინის (ბერი გობრონი) თაოსნობით, ლავრის ბერებმა დოდო გარეჯელის წმ. ნაწილები, დოდოსრქის მონასტრის სავალალო მდგომარეობის გამო, მცირეგუმბათიანი ეკლესიიდან დავითის ლავრის ფერისცვალების ეკლესიაში გადაასვენეს, რაც მას აღწერილი აქვს „საქართველოს სამოთხეში“ (გამოიცა 1882) დაბეჭდილ ერთ-ერთ თხზულებაში, რომლის სათაურია „უწყება ღირსისა მამისა ჩუენისა დოდოსთვის“. წმ. დოდოს საფლავისთვის ადგილის შეცვლის აუცილებლობა იმან განაპირობა, რომ იმ დროისთვის დოდორქის მონასტერი დიდი ხნის მიტოვებული იყო, ამიტომ გარეჯელი ბერები იქაურ სიწმიდეებს სათანადო ყურადღებას ვეღარ აქცევდნენ. ამასთანავე, წმ. დოდოს საფლავის ეკლესია, მისი სამხრეთ კედლის ჩამოქცევის გამო, მიუდგომელი გახდა. წმინდანის საფლავი მიწის სქელმა ფენამ დაფარა. საბინინი მიხვდა, რომ საფლავს დაკარგვის საფრთხე ემუქრებოდა და ღირსი დოდოს ნეშტის გადასვენება გადაწყვიტა, რაც განახორციელა კიდეც.

1885 წ. გარეჯის ლავრიდან ქ. სანქტ-პეტერბურგში წაიღეს (წაღების მიზეზი უცნობია) ძველი, ნაწილიანი ღვთისმშობლის ხატი და ჩუქურთმით გამოქანდაკებული ბზის ჯვარი. ორივე სიწმიდე ძალიან ძველი ნაკეთობა იყო, განსაკუთრებით ჯვარი, რომლის ჩუქურთმები გასაოცარი ხელოვნებით იყო შესრულებული. 1893 წ. ეს ორივე სიწმინდე გარეჯის მონასტერს დაუბრუნდა.

გარეჯის უდაბნოს მონასტრის ღვთისმშობლის ტაძრის მოხატულობა, ვეშაპის დაწვა (XI ს-ის დასაწყისი)

1886 წ. 4 თებერვალს, არქიმანდრიტ გრიგოლის წინამძღვრობის მიწურულს, გარეჯის მონასტერს სტუმრობდა მგალობელი, მწერალი და ისტორიკოსი, მღვდელი წმ. პოლიევქტოს (კარბელაშვილი), რომელმაც შეადგინა კატალოგი დავითგარეჯის უდაბნოს ძველი ხელნაწერებისა და ეს სია გამოაქვეყნა გაზ. „ივერიაში“. წერილის დასასრულს იგი წერდა: „ეს არის ხელნაწერთა კატალოგი. საეკლესიო დაბეჭდილ წიგნთა რიცხვი ორჯერ მეტი იქმნება. დღეს ეს მდიდარი ბიბლიოთეკა ერთი ათად მდიდარი იქმნებოდა, თუ არა ორჯერ ლეკთაგან უდაბნოს აკლება და მოსამსახურე პირთაგან გაზიდვა. მაგ. ისიხი ბერი 1860 წელს გადაუყვანიათ შუამთაში და თან წაუღია ერთი მაფრაშა ხელნაწერების წიგნებით სავსე, რომელიც დარჩომია ვიღაც ბერიშვილს საგარეჯოში, ისიხის სიკვდილისა გამო გზად. ტყავზედ ნაწერი სულ 22-ია. დანარჩენი ქაღალდზეა ნაწერი. მომეტებული ნაწილი ამა 110 წიგნისა სავსეა ისტორიულისა და ბიბლიოგრაფიულის მინაწერებით. მე მხოლოდ ტყავზედ ნაწერების „მინაწერები“ გადმოვსწერე, რომელთაც მოკლე ხანში გამოვგზავნი დასაბეჭდად. ეს „მინაწერნი, როგორც მკითხველი თვით დარწმუნდება, სავსეა ისტორიულის ინტერესით, რადგან „ქართლის ცხოვრების“ ცნობებს ამტკიცებენ და ქართულის სიტყვიერების აღორძინებას X-XI საუკუნეში აჭეშმარიტებენ. კარგი იქმნებოდა ქაღალდზე ნაწერთაგანაც „მინაწერების“ გადმოღება, მაგრამ დრო-ჟამი ხელს არ მიწყობდა. ამასაც ვუმადლი შემთხვევას, რომ მე უდაბნოს „აღწერის“ შედგენა მქონდა მონდობილი და ამ „მინაწერების“ გადმოწერა მაინც მოვასწარ“.

გარდა ამისა, გარეჯის მონასტერში დაცული იყო საღვთისმსახურო წიგნი „თვენი“, რომელიც ისტორიკოსმა დ. ბაქრაძემ 1888 წ. წამოიღო მონასტრიდან და თბილისის ახლად დაარსებულ მუზეუმში დააბინავა. მისი აზრით, ეს „თვენი“ XI ს-ში ათონზე იყო დაწერილი. მას ჰქონდა მინაწერები როგორც ბერძნულად, ისე ქართულად. ბერძნულად მოხსენიებული იყო იმ პერიოდის ცნობილი ათონელი მხატვარი პანსელინი, ხოლო ქართულად პირველ მინაწერში იხსენიებოდა ბერი ზაქარია, მეორეში – ზაქარია ვალაშკერტელი.

1886 წ. 7 მარტიდან 1898 წ. 20 მარტამდე გარეჯის მონასტერს წინამძღვრობდა გორის ეპ. წმ. ალექსანდრე (ოქროპირიძე).

1890 წ. დაზიანდა დავითგარეჯის ლავრის კლდეში გამოკვეთილი წმ. იოანე ღვთისმეტყველის ეკლესია.

1899 წ. დავითგარეჯის ლავრა, სადაც საუკუნის დასაწყისში 30-მდე შტატის ბერმონაზონი და ამდენივე უშტატო წევრი ცხოვრობდა, ხოლო XVI-XVII სს-ში ათასობით, უმძიმეს მდგომარეობაში იყო. უცნობი ავტორი, რომელიც 1899 წ. დაესწრო მონასტერში დავით გარეჯელის დღესასწაულს, ქართული პრესის ფურცლებზე წერდა: „სავანის წინამძღვარი ბრძანდება გორის ეპისკოპოსი ლეონიდე, რომელიც ორს თიბათვეს თბილისელი მგალობლებით გ. ზალიკანიანის ლოტბარობით მობრძანდა მონასტერში და ქართულად აღასრულა წირვა. წელს მლოცველები ორმოცი კაცი იქნებოდა. წირვის შემდეგ მათი მეუფება გადაბრძანდა იოანე ნათლისმცემლის უდაბნოში. სამწუხაროა, რომ ამ უდაბნოში ამ ჟამად ორი მღვდელ-მონაზონი არის და სამიოდე მორჩილი, სადაც ორი საუკუნის წინ ათასობით ცხოვრობდნენ“. თითქმის იგივე მდგომარეობა იყო ლავრაშიც, სადაც ასევე შემცირებული იყო საძმოს რიცხვი. სწორედ ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ ეპისკოპოსი ლეონიდე აქტიურად შეუდგა გარეჯის მონასტერში ბერმონაზვნური ცხოვრების აღორძინების საქმეს. ამ მიზნით მან რუსეთის უწმინდეს სინოდში აღძრა საქმე, რომ გარეჯის უდაბნო ზოგად საცხოვრებელ მონასტრად გადაკეთებულიყო. მალევე საკითხი დადებითად გადაიჭრა. ახლა საჭირო იყო ბერმონაზვნების გამრავლება, რომ საფუძველი ჩაყროდა ამ სტილის მონასტრულ ცხოვრებას. ეპისკოპოს ლეონიდეს ლოცვა-კურთხევით ათონის წმ. მთის ქართული სავანიდან ჩამოვიდა საეკლესიო მსახურებასა და ბერულ წესრიგში მტკიცედ განსწავლული ოთხი ქართველი ბერი. ისინი იანვარ-თებერვალში ხელდასხმულ იქმნენ დიაკვნისა და მღვდლის ხარისხში და ჩავიდნენ დავითგარეჯის ლავრაში. მისივე წარდგინებით 1900 წ. 30 მარტიდან მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა ათონის წმ. მთიდან ჩამოსული იღუმენი ბენედიქტე (ბარკალაია), რომელმაც აქტიურად დაიწყო სავანეში ათონური ბერმონაზვნური ტრადიციების დამკვიდრება და აღორძინება. ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ჯერ იყო და 1900 წ. 12 აგვისტოს ეპისკოპოსი ლეონიდე გადაიყვანეს იმერეთის კათედრაზე, ხოლო 1901 წ. ზაფხულში ერთ-ერთი ბერის ინტრიგის გამო (ეს ბერი იმ ოთხთაგან ერთ-ერთი იყო, რომლებიც ათონიდან ჩამოვიდნენ) 1901 წ. 8 აგვისტოს იღუმენი ბენედიქტე გაათავისუფლეს წინამძღვრობიდან და ეს კეთილი წამოწყება ჩაიშალა.

1902 წ. 23 იანვარს გარეჯის მონასტრის წინამძღვრის მოვალეობის შემსრულებლად მღვდელ-მონაზონი გაბრიელი (აბაშიძე) დაადგინეს. ახლად დანიშნულმა წინამძღვარმა განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია მონასტრის კუთვნილ მამულებს, რომელიც სოფელ საგარეჯოში მდებარეობდა და სავანის მკვიდრთ გარკვეულ მოსავალს აძლევდა.

1902 წ. 15 დეკემბერს დავითგარეჯის ლავრის წინამძღვრად მღვდელ-მონაზონი დიდიმე (მიქიაშვილი) დაინიშნა, რომელსაც 1903 წ. 28 თებერვალს იღუმენის პატივი მიანიჭეს. 1904 წ. 29 სექტემბერს იგი შესცვალა არქიმანდრიტმა დოსითეოსმა (ბერძნიშვილი), რომელიც 1909 წ. 4 ივნისამდე მართავდა მონასტერს. 1909 წ. 13 ივნისიდან 1915 წ. 10 დეკემბრამდე მონასტრის წინამძღვარია არქიმანდრიტი პიროსი (ოქროპირიძე), ხოლო 1915 წ. 14 დეკემბრიდან ისევ არქიმანდრიტი დოსითეოსი (ბერძნიშვილი), რომელიც იყო ეგზარქოსების პერიოდის გარეჯის მონასტრის უკანასკნელი წინამძღვარი.

1917 წ. 28 აგვისტოს საქართველოს დროებითმა საეკლესიო მმართველობამ გარეჯის ლავრის წინამძღვრის მოვალეობის შემსრულებლად მღვდელ-მონაზონი გერმოგენი (აბაშიძე) დანიშნა.

1918 წ. 10 იანვარს გარეჯის ლავრას დაეცნენ თათრების შეიარაღებული რაზმები, სასტიკად დაარბიეს და გაძარცვეს სავანე. ბერები გალახეს, ყარაულს უმოწყალოდ იარაღი აჰყარეს და სცემეს, დაამტვრიეს და მილეწ-მოლეწეს კანკელები, ტრაპეზები, ხატები. მამა გერმოგენი ცდილობს ეს ამბავი ქართველი საზოგადოების ყურამდე მიიტანოს და გარეჯის ლავრის მძიმე ბედს გაზეთ „საქართველოს“ ფურცლებზე გადმოგვცემს: „აი, ეს ძველის ძველი საუნჯე გასძარცვა ბრბომ. როგორც ამას წინად ვწერდი, წაიღეს დიდძალი ოქრო-ვერცხლის ნივთები, დიდძალი სპილენძეულობა რამდენიმე ათეული ფუთის წონისა. გადარჩა სულ რამდენიმე სახარება და ვერცხლის ჯვრები. თავის დროზე, როცა კანტიკუნტად გაჩნდა თათართაგან რბევა-გლეჯა და ავაზაკობა, განვუცხადე ჩვენს მთავრობას, წამოეღოთ და მუზეუმში დაეცვათ ეს სიმდიდრე, მაგრამ ამაოდ და, აი, დღეს ეს სიმდიდრე დატოვებული ჩვენთა წინაპართაგან, დაიკარგა იმ დროს, როდესაც ასე ძვირფასია ჩვენი ერისათვის ყოველივე ქონება. დღევანდელ ფასებში ის სიმდიდრე თითქმის ერთ მილიონ მანეთს უდრის და ეს სიმდიდრე თუნდა დღევანდელ საერო საბჭოს მოხმარებოდა, დიდი საქმე გაკეთდებოდა... ეს ადგილები ჩვენია, – გვიყვიროდნენ ისინი შეკითხვაზე, მთავრობამ ჩვენ გვაკუთნა, როგორც გვსურს, ისე მოვიხმართო; გვნებავს – დავანგრევთ, გვნებავს – დავწვამთო. მე მგონია, ქართველი ერი მოვალეა, ხმა ამოიღოს და მოსთხოვოს თათართა ეროვნულ საბჭოს, ალაგმონ თავისი ხალხი, ნუ იწვევენ უსიამოვნობის და გადახდის ჟინსა“.

1923 წ. 16 თებერვალს ნინოწმინდის ოლქის მთავარხუცესი, მღვდელი ალექსი გულისაშვილი საქართველოს ეკლესიის დროებით მმართველობას სწერდა: „დავით გარეჯის მონასტერი რევოლუციის დროს სრულიად გაიძარცვა თათრების შემოსევებით, რაც თავის დროზე ეუწყა სასულიერო მთავრობას. ამჟამად გარეჯის უდაბნოს ქონებას შეადგენს მარტო ოთხი სახარება, ხუთი ვერცხლის ჯვარი და სხვა არაფერი. სახარებები და ჯვრები დაცულია საგარეჯოს წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიაში. რაც შეეხება ს, იგი არ სჩანს, შენახულია სადმე თუ დაკარგულია. 1922 წ. მამა გერმოგენს ჩაუბარებია საქართველოს უნივერსიტეტის წარმომადგენლისათვის 100 ცალი ხელნაწერი და დაბეჭდილი წიგნები, მის ხელშია ამ ჟამად ზვარი (3 დესიატინა) და წისქვილი. იგი ცხოვრობს ზვარში და ამუშავებს. მასვე აუშენებია ორი დიდი ფარეხი – გომი მონასტრისათვის მინდვრებში იმ მიზნით, რომ ისევ გავლენა ჰქონდეს უდაბნოს მინდვრებზე და საქონლის პატრონებს დავალებული აქვთ ყური უგდონ დავითგარეჯის და იოანე ნათლისმცემლის მონასტრებს და საქონლის სიარულით არ წარყვნან წმინდა ადგილები“.

1925 წ. 15 იანვარს გაიმართა საქართველოს აღმასრულებელი კომიტეტის პრეზიდიუმის სხდომა მ. ცხაკაიას თავმჯდომარეობით, სადაც მე-7 საკითხად განიხილეს ს. კაკაბაძის მიერ შეტანილი მოხსენება დავითგარეჯის მონასტრის მდგომარეობის შესახებ და დაადგინეს: „ვინაიდან დავითგარეჯის უდაბნოების სიძველეთა კომპლექსებს (კლდეში გამოკვეთილ სენაკ-ეკლესიებს) მათი ისტორიული მხატვრობით და წარწერებით, აგრეთვე ციხე-კოშკების შენობებს, რომელნიც მოთავსებულია ყარაიაზის ველზე დაახლოვებით 20 კილომეტრის სიგრძეზე და 8 კილომეტრის სიგანეზე აქვს უდიდესი მეცნიერული მნიშვნელობა არამარტო საქართველოს, არამედ მსოფლიო მასშტაბითაც, ამიტომ საჭიროა მოეწყოს ამ სიძველეთა დაცვის საქმე. ხოლო, რადგანაც ხსენებულ სიძველეთა დაცვის საქმე უფრო მოსახერხებელია მოეწყოს ტფილისიდან და ამასთანავე უმეტესი ნაწილი ამ ტერიტორიებისა ირიცხება აზერბაიჯანის სსრ ტერიტორიის ფარგლებში, – აღიძრას შუამდგომლობა ა/კ ცაკის წინაშე, რათა ხსენებულ სიძველეთა კომპლექსების ტეროტორია კვლავ გადაეცეს საქართველოს სსრ რესპუბლიკას, მით უმეტეს, რომ ამ ტერიტორიაზე, რომელიც წარმოადგენს უწყლო-უდაბნო ადგილს არ არის არავითარი მოსახლეობა და თვით სიძველეები გადაქცეულია ბანდიტების თავშესაფრად“.

საბჭოთა ხელისუფლების დროს ისედაც გაპარტახებულ მონასტერში გაჩნდა უამრავი წარწერა, ამოკაწრული „ჭრილობა“ და ყველაფერი ეს – უმეტესად ფრესკებზე. სიძველეთა „მოყვარულებმა“ გაზიდეს უამრავი ფრესკული ფრაგმენტი. 1948 წ. შეიქმნა სამხედრო საწვრთნელი პოლიგონი. მიუხედავად იმისა, რომ 1972 წ., საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს კოლეგიამ გარეჯის მუზეუმის შექმნის გადაწყვეტილება მიიღო, ხოლო 1973 წ. „გარეჯის მუზეუმ-ნაკრძალი“ დაარსდა, იგი ფაქტობრივად, მწყემსების თავშესაფრად, ცხვარ-ძროხის სადგომად აქციეს.

გარეჯის ლავრაში სამონასტრო ცხოვრება საბჭოთა კავშირის დაშლის მიწურულს, 1989 წ. აღდგა, თუმცა თავად მონასტერი 1987 წ. იკურთხა ქუთათელ-გაენათელი ეპისკოპოს კალისტრატეს (მარგალიტაშვილი) მიერ. პირველი, ვინც იქ დაიწყო მოღვაწეობა, ამჟამინდელი აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი (მახარაძე) გახლდათ, რომელიც 1988 წ. 25 დეკემბერს სწორედ გარეჯის ლავრაში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მიერ მღვდლად იქნა ხელდასხმული. იგი 1992 წ. 15 მაისამდე წინამძღვრობდა ახლად აღდგენილ სავანეს. მას შემდეგ მონასტერმა რამდენიმე წინამძღვარი გამოიცვალა. 1992 წ. ივნისიდან გარეჯის მონასტერში მღვდელ-მონაზონი ეფრემი (კეზევაძე) დაინიშნა. 1995 წ. 15 ნოემბრიდან 1997 წ. 20 მაისამდე არქიმანდრიტი გრიგოლი (კობახიძე); 1997 წ. 23 მაისიდან 1998 წ. 8 ოქტომბრამდე არქიმანდრიტი ანდრია (გვაზავა, ამჟამად – გორისა და ატენის მიტროპოლიტი); 1998 წ. 8 ოქტომბრიდან 1998 წ. 23 ნოემბრამდე დროებით მღვდელ-მონაზონი ბარსანოფი (მაზმიშვილი, ამჟამად იღუმენი); 1898 წ. 23 ნოემბრიდან 2003 წ. 18 აგვისტომდე არქიმანდრიტი ლუკა (ლომიძე, ამჟამად საგარეჯოსა და ნინოწმინდის მთავარეპისკოპოსი).

2004 წ. 26 მაისიდან მონასტრის წინამძღვარია არქიმანდრიტი ილარიონი (ჭიღლაძე). მონასტრის საძმოში მსახურობენ: არქიმანდრიტი კირიონი (ონიანი), ბერ-დიაკონი პავლე (ფრიდონაშვილი), მორჩილები: ზაზა ტატუნაშვილი, გიორგი იოსელიანი და ზვიად გულბანი. 2007 წ. 24 ოქტომბრიდან დავითგარეჯი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაშია.

დიაკ. გ. მაჩურიშვილი

წყაროები და ლიტერატურა

  • სცსა, ფ. 488, აღწერა 1, საქმე №299; საქმე №2325; ფ. 489 აღწერა 1, საქმე №432; საქმე №433; საქმე №14131; საქმე №16593; საქმე №34997; საქმე №53165; საქმე №57648; სუიცა, ფ. 284, აღწერა 1, საქმე №208, გვ. 2 (აბ.);
  • საქართველოს საპატრიარქოს არქივი, აღწერა 1, საქმე №134; საქმე №1505, გვ. 33; გვ. 124;
  • ჟურნ. „საქართუელოს სასულიერო მახარებელი“, გამომც., დეკანოზი გიორგი ხელაძე, აგვისტო, 1864;
  • გაზ. „დროება“, 1877, №48; 1880, №134; 1881, №56;
  • გაზ. „ივერია“, 1886, №159; 1889, №223; 1890, №55; 1900, №27; 1902, №26;
  • გაზ. „ცნობის ფურცელი“, 1899, №836; 1902, №1833;
  • ჟურნ. „ჯვარი ვაზისა“, 1906, №6;
  • გაზ. „სახალხო ფურცელი", 1916, №586;
  • გაზ. „საქართველო“, 1917, №14; №1;
  • ჟურნ. „ალავერდი“ (ალავერდის ეპარქიის სეზონური გამოც მა), 2015, №5/8;
  • Жкрн. «Духовный Вестник Грузинского Экзapxara“, 1900, №11, 1903, №4.
  • ბედიაშვილი თ., საგარეჯოს რაიონში მოღვაწე სასულიერო პირები (XIX ს-ის ბოლო და XX დასაწყისი), თბ., 2002;
  • ბერძნიშვილი მ., მასალები XVIII-XIX საუკუნის პირველი ნახევრის ქართული საზოგადოებრიობის ისტორიისათვის, ტ. 2, თბ., 1980;
  • იოსელიანი პლ. „ცხოვრება გიორგი მეცამეტისა“, თბ., 1978;
  • კირიონი (საძაგლიშვილი) ამბავი დავით გარესჯის უდაბნოს საკვირველ-მომქმედის მადლის ქვისა, ტფ., 1899;
  • მჭედლიშვილი თ., ღირსი დოდო გარეჯელის ცხოვრება და ღვაწლი, თბ., 2015;
  • საქართველოს სამოთხე, გ. საბინინის გამოც., პეტერბ., 1882;
  • „წმიდა დავით გარესჯელის უდაბნო“ შედგენილი, მღუდელ-მონაზონის კალისტრატესაგან (ჩიჩუა), ტფ., 1884.

წყარო

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია:ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები