დევისი უილიამ მორისი
უილიამ მორის დევისი − (ინგლ. John Davis, 1850 – 1934 წ.წ.), აშშ-ის ცნობილი გეოლოგი, გეოგრაფი და მოგზაური.
მან ბევრი იმოგზაურა ჩრდილო ამერიკაში, ევროპაში და არგენტინაში. 1877-1878 წ.წ. მოახდინა დედამიწის ირგვლივი მოგზაურობა. 1899 წ. ის მუშაობდა ფიზიკური გეოგრაფიის პროფესორად ჰარვარდის უნივერსიტეტში. იმავე წელს იმოგზაურა ალპებში და 1903 წ. თურქესტანში. დევისი უმთავრესად მუშაობდა გეომორფოლოგიის დარგში, რომელშიაც მან შეიტანა ე. წ. გეოგრაფიულ ციკლთა მწყობრი თეორია. აშშ და ევროპის გეოგრაფთა და გეოლოგთა უმეტესობა ამ თეორიას ძირითადად იზიარებს. დევისის მეცნიერულ გამოკვლევათა უმთავრესი ობიექტი იყო საკითხი რელიეფის თანამედროვე ფორმათა გენეზისის შესახებ. პროფ. ი. ს. ედელშტეინის სამართლიანი შენიშვნით, „რელიეფის ფორმათა გენეზისის ახსნა-განმარტებაში, რომელიც დევისმა მოგვცა, დევისი მიზნად ისახავდა არა მარტო აღედგინა ყველა ის სტადია, რომლებიც განვლო ამა თუ იმ ფორმამ, ვიდრე ის მოაღწევდა თანამედროვე მდგომარეობამდე, არამედ გაერკვია კიდეც ის კანონზომიერებანი, რომლებიც საფუძვლად უდევს ერთ ფორმათა შეცვლას მეორე ფორმებით დროის მიხედვით. დევისის ეროზიული ციკლი სწორედ იმით ხასიათდება, რომ მისი (ცალკეული სტადიები ერთი მეორეს მისდევენ არა უწესრიგოდ და არა შემთხვევით, არამედ გარკვეული ორგანული თანმიმდევრობით. მაგრამ, თუ ეროზიული ციკლის განმავლობაში რელიეფის ფორმათა განვითარების ერთი სტადია მეორეს მისდევს გარკვეული თანმიმდევრობით, ბუნებრივია დაგვებადოს აზრი, რომ აღინიშნოს თითოეული ამ სტადიათაგანი რომელიმე დამახასიათებელი მეცნიერული ტერმინით. მთელი რიგი ასეთი ტერმინებისა შემოიღო დევისმა და ამ ტერმინებმა შემდეგ ფართო გავრცელება პოვა მეცნიერებაში მიუხედავად იმისა რომ პირველ ხანებში ბევრი კრიტიკულად და უარყოფითად შეხვდა მათ“ (ი. ს. ედელშტეინი – „უილიამ მორის დევისი", სტატია, მოთავსებული „ფიზიკური გეოგრაფიის პრობლემებში", II), 1935წ., სსრკ მეცნ. აკად. გამოცემა, მ.ლ., გვ. 46).
იმის გათვალისწინებით, თუ რომელი გეოგრაფიული ფაქტორი წარმოადგენს რელიეფის ცვლილების დროს მთავარ აგენტს, დევისის მიხედვით, უნდა გავარჩიოთ შემდეგი გეოგრაფიული ციკლები: 1) ნორმალური ან წყლის-ეროზიული; 2) გლაციალური; 3) ზღვის; 4) არიდული ან ეოლური და 5) კარსტული;
თითოეულ ციკლში განვითარების განსაზღვრული სტადიები განირჩევა; ადრეულ სტადიებს დევისი უწოდებს სინორჩის სტადიებს, საშუალოს – მომწიფების სტადიებს და საბოლოოს – რელიეფის სიბერის სტადიებს. „გეოგრაფიული ციკლი სხვადასხვანაირად მიმდინარეობს მოცემული ადგილის გეოლოგიურ აგებულებასა, ამ უკანასკნელის ტექტონიკასა და ქანების შემადგენლობაზე დამოკიდებით. რელიეფის ნორმალური ბუნებრივ-თანმიმდევრული განვითარების სვლა შეიძლება დაირღვეს ყოველ სტადიაში დედამიწის ქერქის ახალი მოძრაობით, რომელიც ქმნის პირობებს ახალი ეროზიული ციკლისათვის (ე. წ. ეროზიის გამოცოცხლება)“.
დევისის თეორიის ერთგული მიმდევარი შეიქნა ვალტერ პენკი (მისი ნაშრომი „Die geomorphologische Analyse“ –„გეომორფოლოგიური ანალიზი").