ალექსიძე დოდო
დიმიტრი (დოდო) ალექსიძე − (23 თებერვალი 1910, თბილისი − 4 დეკემბერი 1984, იქვე), რეჟისორი, საქართველოს სსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, საქართველოს სსრ და უკრაინის სსრ, აგრეთვე სსრ კავშირის სახალხო არტისტი, პროფესორი, თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის რექტორი (1950-1952), საქართველოს თეატრის მოღვაწეთა კავშირის პრეზიდიუმის თავმჯდომარე (1973-1984), ლენინის ორდენისა და სხვა ორდენების კავალერი, უკრაინის სსრ შევჩენკოს სახელობის სახელმწიფო პრემიის (1970) და შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1985).
დაიბადა თბილისში 1910 წლის 23 თებერვალს ცნობილი პოეტი ქალის მარიჯანისა და ექიმ ალექსანდრე ალექსიძის ოჯახში; სკოლის ასაკშივე გატაცებული იყო მწერლობითა და თეატრით; წერდა ლექსებს, მოთხრობებს და პიესებს, აქვეყნებდა მარიჯანიძის ფსევდონიმით; სკოლაშივე დადგა სპექტაკლები: კარლო კალაძის „როგორ“ და ბორის ლავრენიევის „რღვევა“.
რეპინის საბალეტო სტუდიის დამთავრების და ერთ ხანს მოსკოვის სათეატრო ტექნიკუმში სწავლის შემდეგ, დოდო ალექსიძე 1931 წელს მოსკოვის ა. ლუნაჩარსკის სახელობის ახალგახსნილი სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტზე შევიდა, რომელიც 1934 წელს დაამთავრა და სამშობლოში დაბრუნდა.
რუსთაველის თეატრში თავისი მოღვაწეობა დოდო ალექსიძემ თეატრთან არსებულ აჭარულ და აფხაზურ სექციებთან მუშაობით დაიწყო. 1937 წლის 18 მარტს ალექსიძის მიერ დადგმული კ. გოლდონის „სასტუმროს დიასახლისით“ პირველად აიხადა აჭარის სახელმწიფო თეატრის ფარდა; ამას მოჰყვა რუსთაველის თეატრის სცენაზე გიორგი მდივნის „ალკაზარისა“ და „ბატალიონი მიდის დასავლეთისაკენ“, აგრეთვე სანდრო შანშიაშვილის „კრწანისის გმირების“, სერგო კლდიაშვილის „გრაფის ქვრივის“, ლოპე დე ვეგას „თავისთვის ჭკვიანის, სხვისთვის სულელის“ დადგმები.
ომის შემდეგ დოდო ალექსიძემ შექმნა ისეთი მნიშვნელოვანი სპექტაკლები, როგორიც იყო „პეპო“ და „დონ სეზარ დე ბაზანი“. 1956 წელს რუსთაველის თეატრში სოფოკლეს „ოიდიპოს მეფის“ დადგმას საეტაპო მნიშვნელობა ჰქონდა რეჟისორის შემოქმედებაში. ამ სპექტაკლს ტრიუმფული წარმატება ხვდა ქართული ლიტერატურისა და ხელოვნების დეკადაზე მოსკოვში 1958 წელს. 50-იანი წლების მიწურულს რეჟისორი დგამს ვაჟა-ფშაველას „ბახტრიონს“, გ. ნახუცრიშვილის „ფიროსმანს“, ო. იოსელიანის „ადამიანი იბადება ერთხელ“, ო. თაქთაქიშვილის „მინდიას“… თეატრმცოდნეთა აზრით დიმიტრი ალექსიძის „ბახტრიონი“ და „ოდიპოს მეფე“ მხარში ამოუდგა მარჯანიშვილისა და ახმეტელის საუკეთესო სპექტაკლებს.
დოდო ალექსიძე დიდად ნაყოფიერი შემოქმედია, 60-იან და 70-იან წლებში არაერთ საინტერესო სპექტაკლს დგამს იგი როგორც საქართველოში, ასევე მოსკოვსა და კიევში… სწორედ კიევიდან ახალდაბრუნებულს კვლავ კიევში მოუხდა გამგზავრება არა საგასტროლოდ, არამედ მრავალ წელიწადს სამოღვაწეოდ (1964-1970); 1965 წელს კიევის ი. ფრანკოს სახელობის თეატრში დადგა სოფოკლეს „ანტიგონე“ (1972 წელს მისი დადგმა გაიმეორა უკვე მარჯანიშვილის თეატრში). სიცოცხლის უკანასკნელ წლებში, სულ რაღაც ოთხიოდე წელიწადში, ზედიზედ დადგა შექსპირის „ოტელო“ თბილისის ოპერისა და ბალეტი თეატრში (1980), ჟან ანუის „ჩიტუნიები“ მოსკოვის გოგოლის სახელობის თეატრში (1981), დავით თორაძის „ჩრდილოეთის პატარძალი“ ქუთაისის თეატრში (1983), შექსპირის „ვენეციელი ვაჭარი“ კ. გამსახურდიას სახელობის სოხუმის თეატრში (1984).
დოდო ალექსიძე წლების მანძილზე ედგა სათავეში საქართველოს თეატრის მოღვაწეთა საზოგადოების პრეზიდიუმს, იყო თეატრალური ინსტიტუტის პროფესორი და რექტორიც, მის კალამს ეკუთვნის წიგნები „მსახიობის აღზრდის საკითხისათვის“ და „რეჟისორის მუშაობა სპექტაკლზე“. განუზომელია მისი ღვაწლი როგორც რეჟისორისა და მსახიობთა თაობების აღმზრდელის. დღეს მის სახელს ატარებს რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სასწავლო თეატრი. ეს მისი ღვაწლის აღიარება და დაფასებაა.
1980 წელს ქართველმა ხალხმა სიყვარულით აღნიშნა დოდო ალექსიძის დაბადების 70 წლისთავი.
1985 წელს (სიკვდილის შემდეგ) დიმიტრი (დოდო) ალექსიძეს, უკანასკნელ წლებში ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო ქართულ დრამატულ თეატრში შექსპირის „ვენეციელი ვაჭრის“ დადგმისათვის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია მიენიჭა.
დოდო ალექსიძე გარდაიცვალა 1984 წელს, დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
წყარო
- რეჟისორები
- ქართველი რეჟისორები
- საბჭოთა რეჟისორები
- თეატრის რეჟისორები
- საქართველოს სსრ სახალხო არტისტები
- საქართველოს სსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწეები
- უკრაინის სახალხო არტისტები
- საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტები
- საქართველოს თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარეები
- თეატრალური ინსტიტუტის რექტორები
- ლენინის ორდენის კავალრები
- რუსთაველის პრემიის ლაურეატები
- შევჩენკოს სახელობის პრემიის ლაურეატები
- ალექსიძეები