დრისის ჯავახაანთ ციხის კომპლექსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დრისის ციხე

დრისის ჯავახაანთ ციხის კომპლექსი - არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს, საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭყოპიანის დასავლეთით 400 მეტრზე. მდინარე თეძამის მარცხენა ნაპირზე, კლდის თავზე. კომპლექსი შედგება ციხე-გალავნის, ეკლესიის, კოშკის და სასახლისაგან. თარიღდება განვითარებული ფეოდალური ხანით.

სარჩევი

ციხე-გალავანი

კომპლექსს შემოვლებული ჰქონდა რთული მოხაზულობის გალავანი. მშენებლებს კლდოვანი კონცხის ყველა ადგილი გამოუყენებიათ, გალავანი და მის ტერიტორიაზე მდგარი სხვა ნაგებობები, ეკლესიის გარდა, ნაგები იყო ქვიშაქვითა და რიყის ქვით. ციხე-გალავანი ორიარუსიანია. ზედა იარუსზე, ჩრდილოეთით კოშკი დგას, სამხრ-ით – მცირე ეკლესია. ზედა იარუსის გალავნის კედლებში ვიწრო სათოფურებია. ქვედა იარუსზე სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობები ყოფილა.

სასახლე

სამხრეთით მდგარა ორსართულიანი სასახლე, რომელსაც ჩრდილოეთით ეკვროდა სამეურნეო დანიშნულების შენობა (ყველა დანგრეულია).

ეკლესია

ეკლესია დარბაზულია (6,35 X4,65 მ), ნაგებია კარგად გათლილი მწვანე ტუფის კვადრებით. დაზიანებულია: დარღვეულია იატაკის დონე, გაბზარულია კამარა, ფასადებზე საპირე ქვები ბევრ ადგილას ამოცვენილია. შესასვლელი დასავლეთ კედლის ცენტრშია. იგი შიგნიდან თაღოვანია, გარედან გადახურულია არქიტრავის ქვით, რომელზედაც გამოყვანილია არქივოლტით შემოსაზღვრული ნახევარწრიული ტიმპანი. შვერილი, ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე ერთი შეისრული სარკმელია, მის მარცხენა მხარეს – ვიწრო სალოდე, საკურთხევლის იატაკში ამოჭრილია წრიული ფორმის საკმაოდ ღრმა, ჭურისებრი სათავსი. საკურთხევლის ჩრდილოეთ კედელში ქვემოთკენ დახრილი ვიწრო სათოფურია. ერთი სწორკუთხა სარკმელი გაჭრილია სამხრეთ კედელში, ხოლო ორი თაღოვანი – დასავლეთ კედელში. დარბაზი გადახურულია შეისრული კამარით, რომელიც ქვის კრონშტეინებზე გადაყვანილ სატრიუმფო თაღსა და დასავლეთ კედელს ეყრდნობა, სამხრეთ ფასადზე, კედელში ჩასმულ ფილაზე ამოკვეთილია მცენარეული ორნამენტი.

კოშკი

ციხის სამხრეთ ნაწილში დგას ოთხსართულიანი, გეგმით სწორკუთხა კოშკი (5,8X3,9 მ). ნაგებია ნატეხი ქვიშაქვით. ძლიერ დაზიანებულია: ჩამონგრეულია ზედა ნაწილები და სართულშუა გადახურვები. შესასვლელი მესამე სართულის ჩრდილოეთ კედელშია, პირველი სართულის ოთხივე კედელზე საპირე ქეები ამოცვენილია. სამხრეთ კედელში სწორკუთხა სათოფურია. მეორე სართული დაბალია, შესაძლოა სამეურნეო დანიშნულებისა იყო. მესამე სართულის კედლები შედარებით განიერია, გადახურულია ოდნავ შეისრული კამარით. აქ, აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ კედლებში თითო სწორკუთხა სათოფურია. ამავე სართულზე, ჩრდილოეთით, იატაკში ამოჭრილია სწორკუთხა ჩასასვლელი. მსგავსი ხვრელობი კამარაზეც არის, ზედა სართულში ასაძრომად. მეოთხე სართულის კედლები მცირე სიმაღლეზეა შემორჩენილი, სათოფურების კვალი არ შეიმჩნევა.

წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები