დუმბაძე ნოდარ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნოდარ დუმბაძე

დუმბაძე ნოდარ – (დ. 14 ივლისი, 1928, თბილისი − გ. 14 სექტემბერი, 1984, თბილისი), ქართველი პროზაიკოსი და პოეტი, საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარე და სსრ კავშირის მწერალთა კავშირის მდივანი (1981-1984), სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს ორი მოწვევის დეპუტატი, ოქტომბრის რევოლუციის, შრომის წითელი დროშისა და „საპატიო ნიშნის“ ორდენების კავალერი, ლენინური პრემიის ლაურეატი, ლენინური კომკავშირის პრემიის ლაურეატი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1975).

დაიბადა 1928 წელს თბილისში, აღიზარდა რეპრესირებულ ოჯახში: დედა — პედაგოგი, მამა — პოლიტპატიმარი; 1950 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი; ამავე წლიდან ნოდარ დუმბაძის ლექსები და იუმორისტული მოთხრობები სისტემატურად იბეჭდება პერიოდულ პრესაში.

ნოდარ დუმბაძეს პირველივე რომანმა მოუტანა პოპულარობა, შეიძლება ითქვას, რომ „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ მისი მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწარმოებია (1960); ამას მოყვა „მე ვხედავ მზეს“ (1962), ორივე რომანი 1966 წელს საკავშირო ლენინური კომკავშირის პრემიით აღინიშნა. მწერლის მნიშვნელოვან ნაწარმოებთა რიცხვს ეკუთვნის აგრეთვე რომანები: „მზიანი ღამე“ (1967), „ნუ გეშინია დედა“ (1971), „თეთრი ბაირაღები“ (1979) და მოთხრობების მთელი ციკლი „დიდრო“, „კორიდა“, „ძაღლი“, „უმადური“, „კუკარაჩა“...

ერთის მხრივ თხრობის ლირიზმმა და მეორე მხრივ ცოცხალმა ხალხურმა იუმორმა მოხიბლა მკითხველი და ხელი შეუწყო ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებთა პოპულარობას. როგორც სამშობლოსა და ყოფილ საბჭოთა კვშირის რესპუბლიკებში, ასევე მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში. მწერლის თხზულებები თარგმნილია მრავალ ენაზე, გადაკეთებულია პიესებად და სცენარებად, დადგმულია სპექტაკლები და გადაღებულია ფილმები საქართველოსა თუ უცხოეთში.

1980 წელს რომანისათვის „მარადისობის კანონი“ მწერალს ლენინური პრემია მიენიჭა.

1975 წელს ნოდარ დუმბაძეს, 1973-1974 წლებში გამოქვეყნებული რომანისათვის „თეთრი ბაირაღები“ და მოთხრობებისათვის - „დიდრო“, „კორიდა“, „ძაღლი“, „უმადური“ — შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია მიენიჭა.

ახალგაზრდობაში ნოდარ დუმბაძე წერდა, აგრეთვე, ლირიკულსა და საყმაწვილო ლექსებსაც.

ნოდარ დუმბაძის თხზულებათა მთავარი გამოცემაა — რჩეული ნაწერები სამ ტომად (გამომცემლობა „მერანი“, ტომი I — 1981, ტომი II — 1983, ტომი III — 1984).

ნოდარ დუმბაძე გარდაიცვალა 1984 წელს, დაკრძალულია საყმაწვილო ქალაქ „მზიურში“, რომელიც მისი ინიციატივით იყო დაარსებული.



წყარო

რუსთაველის პრემიის ლაურეატები‏‎

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები