დუნაევსკი ისააკ
დუნაევსკი ისააკ ოსიპის მე - (რუს. Исаа́к О́сипович Дунае́вски, 18. I. 1900, ლოხვიცა, ახლანდელი პოლტავის ოლქი, – 25. VII. 1955, მოსკოვი), რუსი კომპოზიტორი, რსფსრ სახალხო არტისტი. სსრკ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.
1919 დუნაევსკიმ დაამთავრა ხარკოვის კონსერვატორია (ი. ახრონის ვიოლინოს კლასი; კომპოზიციას ასწავლიდა ს. ბოგატირევი). 1924-იდან მოსკოვის სატირის თეატრის მუსიკალური ნაწილის გამგე იყო. 1929-34 ლენინგრადის მიუზიკჰოლის მთავარი დირიჟორი. დუნაევსკი ავტორია 12 ოპერეტისა, რომელთაგან აღსანიშნავია: „სასიძოები“ (1927), „ოქროს ველი“ (1937), „ლაღი ქარი“ (1947), „კლოუნის ვაჟი“ (1950), „თეთრი აკაცია“ (1955) და სხვ.
დუნაევსკი რუსული მუსიკალური კინოკომედიის ერთ-ერთ ფუძემდებლად ითვლება. განსაკუთრებით პოპულარულია მის მიერ შექმნილი მუსიკა კინოფილმებისათვის: „მხიარული ახალგაზრდობა“ (1934), „სამი მეგობარი“ (1935), „მეკარე“ (1936), „ცირკი“ (1936), „კაპიტან გრანტის შვილები“ (1936), „ვოლგა-ვოლგა“ (1938) და სხვ.
დუნაევსკიმ შექმნა მასობრივი სიმღერის ახალი ნაირსახეობა სიმღერა – მარში („მხიარული ახალგაზრდობის მარში“, „სიმღერა კახოვკაზე“, „სპორტული მარში“, „სიმღერა მხიარულ ქარზე“, „ენთუზიასტების მარში“ და სხვ.). დუნაევსკს ეკუთვნის ლირიკული სიმღერები, სიმღერა-ვალსები („სასკოლო ვალსი“, „იფრინეთ მტრედებო“ და სხვ.). ძალზე პოპულარული იყო მისი „სიმღერა სამშობლოზე“. იგი ბალეტების, აგრეთვე დრამატული სპექტაკლების მუსიკის ავტორიცაა. დუნაევსკიმ გავლენა მოახდინა ბევრ საბჭოთა კომპოზიტორის შემოქმედებაზე.