დურაჯი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დურაჯი

დურაჯი (ლათ. Francolinus francolinus Linnaeus, 1766) – ფრინველთა გვარი ხოხბისებრთა ოჯახისა ქათმისნაირთა რიგიდან. ამ გვარიდან საქართველოში მოიპოვება ერთი სახეობა − დურაჯი

დურაჯი საშუალო სიდიდის ფრინველია, ფრთა 145-180 მმ-ია, კუდი – 100-105 მმ, წონა – 400-500 გ. მამალი შესამჩნევად დიდია დედალზე. სქესობრივი დიმორფიზმი კარგადაა გამოხატული შეფერილობაშიც. დედალი სადა ჩალისფერია, მოყავისფრო კოპლებით. მამალი თავზე მუქი მურაა, ჟანგისფერის ნარევით. შუბლი, ზოლი თვალის ზემოთ და ყელი მთლიანად შავია. ამ შავ არეში მოქცეულია ყურების მფარავები, რომლებიც კარგად შესამჩნევ მოზრდილ თეთრ ლაქას ქმნიან. კისერზე ჟანგისფერ-მოყავისფრო საყელო აქვს. სხეულის უმეტესი ნაწილი – ზურგის წინა მხარე, ფრთების მფარავები და ფრთისქვეშა კონტურული ბუმბულები შავია, მოზრდილი მრგვალი, ზოგან ოვალური კოპლებით, რაც ფრინველის შეფერილობის საერთო იერს განაპირობებს.

ცნობილია დურაჯის 6 ქვესახეობა. საქართველოში გვხვდება ევროპული დურაჯი – F. f. francolinus Linn., 1766.

სარჩევი

გავრცელება

სახეობის არეალი ვრცელი არაა. არეალის ფარგლებშიც გავრცელება სპორადულია. წინათ მოიპოვებოდა სამხრეთ-აღმოსავლეთ ესპანეთში, სიცილიაზე და ეგეოსის ზღვის ზოგიერთ კუნძულზე. ამჟამად არის მხოლოდ ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთით მცირე აზიაში, აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში, სამხრეთ-დასავლეთ თურქმენეთში, ირანში, ერაყში, სირიასა და ინდოეთში. ყველგან მობინადრეა. საქართველოში მოიპოვება მხოლოდ ივრის დაბლობზე, საგარეჯოს რაიონის ყორუღის სამონადირეო მეურნეობის აღმოსავლეთით. მობინადრეა.

ბიოტოპი

ბინადრობს ტბებისა და მდინარეების სანაპირო ჭალებში, დაბლობ მშრალ სუბტროპიკებში, სადაც თოვლის საფარი მცირე და იშვიათია. ტიპობრივი ადგილსამყოფელია არახშირი, ბალახნარიანი ქსეროფილური ბუჩქნარები, ისლის, ზოგჯერ ლელის მშრალი ნაკვეთები, რომელიც მარცვლოვანების ან ბოსტან-ბაღის კულტურულ ნაკვეთებთან მონაცვლეობს.

გამრავლება

მონოგამიური ფრინველია. დაწყვილება მიმდინარეობს მარტში. დედალი მიწაზე აწყობს ბუდეს, ამოფენილს ხმელი ბალახით და ფოთლებით. აპრილის ბოლომდე დებს 10-15, ზოგჯერ 18 კვერცხს. კრუხად ჯდება მხოლოდ დედალი, მაგრამ მამალი არ ტოვებს მას და იმყოფება ბუდის მახლობლად. საინკუბაციო პერიოდის ხანგრძლივობა დადგენილი არაა. არაპირდაპირი მონაცემებით იგი 20-21 დღეს უნდა უდრიდეს. ადრეული ნაჩეკი მაისის შუა რიცხვებში არსებობს, ხოლო მოგვიანებული – ივლისის მეორე ნახევარში. აგვისტოს ბოლოს ადრეული ნაჩეკი თითქმის მოზრდილების ტოლია და კარგად ჩანს სქესთა შორის სხვაობა.

კვება

საკვების შედგენილობა ცვალებადობს წლის სეზონების მიხედვით. ზაფხულში ძირითადია მწერები, მათ შორის ხოჭოები, აგრეთვე კალიები, მახრა, ბაღლინჯოები, ჭიანჭველები, მათი მატლები და ჭუპრები. იკვებება ნაირგვარი ველური და კულტურული ბალახოვანი მცენარეების ნორჩი მწვანე ნაწილებითაც. შემოდგომით უმთავრესია მარცვლები, თესლები, კენკრა. ზამთრის საკვები თითქმის მარტო მცენარეულია.

მნიშვნელობა

დურაჯი მრავალმხრივ ძვირფასი ფრინველია. სარეწაო მნიშვნელობა არა აქვს საერთო მცირერიცხოვნობის გამო, მაგრამ სპორტული ნადირობისათვის შესანიშნავია. ესთეტიკური თვალსაზრისით, ხოხბის შემდეგ პირველი ადგილი უჭირავს. კვების თავისებურებით სასარგებლოა სოფლის მეურნეობისათვის. დურაჯი ცნობილია ბუნების ცოცხალი ძეგლის სახელწოდებითაც.


წყრო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები