ევტროპიუსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ევტროპიუსი – (ლათ. Eutropius), რომაელი ისტორიკოსი.

ცნობები IV საუკუნის რომაელი ისტორიკოსის ევტროპიუსის შესახებ ფრაგმენტების სახითაა მოღწეული. მისი დაბადებისა და გარდაცვალების წელი და ადგილი უცნობია. სამაგიეროდ, თავის თხზულებაში მრავალი საგულისხმო ფაქტი აქვს დაცული პირადი ცხოვრებისა და მოღვაწეობის გარშემო. ევტროპიუსს მონაწილეობა მიუღია რომის იმპერატორის იულიანე განდგომილის (აპოსტატის) მიერ 363 წელს სპარსეთის წინააღმდეგ მოწყობილ ლაშქრობაში, რომლის შესახებ თვითონვე გვაუწყებს. იმპერატორების ვალენტინიანესა (364-375 წ.წ) და ვალენტის (364-378 წწ.) დროს ევტროპიუსს საკმაოდ მაღალი მდგომარეობისათვის მიუღწევია, იგი ასრულებდა იმპერატორ ვალენტის პირადი მდივნის თანამდებობას, ვალენტის ბრძანებით, დაახლოებით 367 წელს, ევტროპიუსმა დაწერა ისტორიული ხასიათის თხზულება „რომის მოკლე ისტორია“ 10 წიგნად. შრომა მიძღვნილია იმპერატორისადმი.

შემოქმედება

ნაშრომში მოკლედაა გადმოცემული (75 გვერდზე) რომის მთელი ისტორია რომულუსის დაბადებიდან იმპერატორ იოვიანეს გარდაცვალებამდე (364 წლის 16 თებერვალი). შრომის დამკვეთი იმპერატორის ვალენტისა და მისი ძმის იმპერატორ ვალენტინიანეს მოღვაწეობაზე ევტროპიუსის „რომის მოკლე ისტორიაში“ არაფერია ნათქვამი. თუ რატომ არ აღწერს მათ ეპოქას, თვითონვე განმარტავს. მისი სიტყვებით, ამ დროის მოვლენების გამოტოვებას კი არ ცდილობს, არამედ თავს ვერ გრძნობს სათანადოდ მომზადებულად, ვინაიდან მათ შესახებ წერისას უფრო მაღალი სტილია საჭირო. სინამდვილეში, ეტყობა, იმპერატორთა სამსახურში მყოფ ავტორს აფიქრებდა ცოცხალ იმპერატორებზე მცირეოდენ შეცდომისათვის რისხვა არ დაემსახურებინა. თავის მფარველებს მაინც ასიამოვნა და ნაშრომის ბოლოს აღნიშნა, რომ არ შეუძლია მათ შესახებ წერა ისე, როგორც სხვებზე წერს. ამით ევტროპიუსმა მოიხადა ვალი იმპერატორთა წინაშე და პასუხისმგებლობა მოხერხებულად აიცდინა.

IV საუკუნის რომაული საისტორიო მწერლობისათვის დამახასიათებელი იყო რომის ისტორიის გადმოცემა შემოკლებული სახით. მათ შორის გამოირჩეოდა და თანამედროვეთაგან განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა ევტროპიუსის თხზულება.

ევტროპიუსის შრომა კომპილაციას წარმოადგენს. მისთვის, როგორც იმპერატორის პირადი მდივნისათვის, ხელმისაწვდომი იქნებოდა ყველა საიდუმლო დოკუმენტი და არქივი, იყენებს მრავალი ავტორის ნაშრომს. მიუთითებენ, რომ რესპუბლიკის პერიოდის შესახებ მის მთავარ წყაროს წარმოადგენდა ტიტუს ლივიუსი, ცეზარისა და ავგუსტუსის ეპოქაზე – სვეტონიუსი.

ევტროპიუსის თხრობის სტილი მარტივია. მისთვის უცხოა ყოველგვარი რიტორიკული მრავალსიტყვაობა. ენა ახლოსაა კლასიკური პერიოდის ენასთან, თუმცა უხვადაა წარმოდგენილი ამ ეპოქის ლათინურისთვის დამახასიათებელი ცვლილებებიც. როგორც ლიტერატურული ნაწარმოები, სანიმუშოა და გამოირჩევა მხატვრული ღირსებებით ეპოქის საისტორიო თხზულებებს შორის.

ევტრთპიუსის ნაშრომის უპირველეს მიზანს რომის საგარეო მოვლენების გადმოცემა წარმოადგენს. მოკლედ, კონსპექტის სახით აღწერილია ის ომები, რასაც რომი უძველესი დროიდან ას. წ. IV საუკუნის 60-იან წლებამდე აწარმოებდა, აქედან რესპუბლიკის პერიოდის დახასიათება მოკლე და ლაკონიური, ხოლო იმპერიისა – უფრო ვრცელი. რამდენადაც IV საუკუნესთან ახლოვდება ამბები, მათი აღწერაც უფრო მრავალმხრივი და ნათელი ხდება.

ევტროპიუსის მწერლობის სტილის ნიმუშად მოვიყვანთ მის ცნობებს საქართველოს შესახებ. ამიერკავკასიაში, კერძოდ, საქართველოში პომპეუსის ლაშქრობა მას რამდენიმე წინადადებით აქვს გადმოცემული. მაგრამ ამ მცირე ფრაგმენტითაც მრავალი ფაქტის დაზუსტება ხერხდება და ამაგრებს სხვა ავტორთა ჩვენებას, ძველი საქართველოს იმდროინდელ ამბებთან დაკავშირებით, ევტროპიუსის მიხედვით, ერთხელ კიდევ ვრწმუნდებით, რომ იბერიის მეფე არტაგი დამარცხების შემდეგ რომაელებს შეურიგდა, ხოლო კოლხეთის მეფობა პომპეუსმა არისტარქეს უბოძა. ამ ფაქტს სხვა ავტორებიც მსგავსადვე გადმოგვცემენ, ოღონდ უფრო ვრცლად. ევტროპიუსის შრომა ამ შემთხვევაში გვეხმარება, როგორც კარგად შედგენილი ცნობარი.

ასე მოკლედ ეხება ევტროპიუსი აზიის, ევროპისა და აფრიკის ხალხების ისტორიასაც.

ევტროპიუსის „რომის ისტორია“ წარმოადგენს რომის საგარეო პოლიტიკის შესახებ მოკლე საცნობარო ხასიათის შრომას. სიმოკლის გამო, ნაშრომი იხმარებოდა როგორც სახელმძღვანელო რომის ისტორიაში.

მცირე მოცულობისა და მხატვრული, ცოცხალი ენის წყალობით, ევტროპიუსის ნაშრომი ავტორის სიცოცხლეშივე დიდი პოპულარობით სარგებლობდა. ახალ ეპოქაში ევტროპიუსის შრომა ორმაგად ფასდება, პირველი, როგორც სახელმძღვანელო, დასაწყის ეტაპზე ლათინური ენის შესწავლის გაადვილების საქმეში, სტილის სიმსუბუქის გამო, და მეორე, როგორც მოკლე სახელმძღვანელო რომის ისტორიაში. ამ ღირსებისათვის მრავალჯერ გამოცემულა ლათინურად სასკოლო დანიშნულებისათვის, კომენტარებითა და ლექსიკონით.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები