ეკლესია უმზეური
ეკლესია უმზეური - არქიტექტურული ძეგლი დგას აღმოსავლეთ საქართველოში, სოფელ ზემო ნიჩბისის ჩრდილოეთით 1,5 კილომეტრზე, ტყეში. 1975 წელს ძეგლი შეუკეთებიათ და მისთვის პირვანდელი სახე შეუცვლიათ.
ეკლესია დარბაზულია (7,7X4,9 მ), ნაგებია საშუალო ზომის ქვიშაქვით. შესასვლელი სამხრეთიდანაა. აღმოსავლეთის ნახევარწრიულ აფსიდში ერთი სარკმელია. ოდნავ შემაღლებული საკურთხეველი დარბაზისგან გამოყოფილია ქვის კანკელით. ეკლესია გადახურულია ნახევარწრიული კამარით, რომელიც შეკიდულ კაპიტელებზე დაყრდნობილ საბჯენ თაღს ემყარება. დასავლეთის კედელში ერთი თაღოვანი სარკმელია. ინტერიერი და ფასადები შეთეთრებულია. ეკლესიაზე სამხრით და ჩრდილოეთით სწორკუთხა სათავსებია მიშენებული. ჩრდილოეთის მინაშენი დანგრეულია. სამხრეთ მინაშენს კარი სამხრეთითა აქვს, ხოლო ჩრდილოეთ მინაშენში შესასვლელი ეკლესიის ჩრდილო კედელშია გაჭრილი.