ელექტრონული ატლასი
ელექტრონული ატლასი – (electronic atlas), ელექტრონული რუკების ვიზუალიზაციის სისტემა, ქაღალდის ატლასის კომპიუტერული ალტერნატივა. გაჩნდა XX საუკუნის მეორე ნახევარში. კლასიფიკაცია ხდება ტრადიციული ატლასების მსგავსად: შინაარსის, სივრცის მომცველობის და დანიშნულების მიხედვით.
ელექტრონული ატლასების ტიპებია:
მიმოხილვითი (გადასაფურცლი და დასათვალიერებელი);
ინტერაქტიული (თითოეული რუკის მონაცემთა ბაზის მართვის შესაძლებლობა);
ანალიტიკური (რუკის ანალიზი და შეფასება სივრცითი ფორმების შეთავსების და კორელაციის გზით);
ინტერნეტ-ატლასები (ნავიგაცია ანუ ქსელში გადაადგილება სხვა რუკების მოსაძებნად).
ელექტრონული ატლასების უპირატესობა ქაღალდის ატლასებთან შედარებით შემდეგია: გეომეტრიული ინფორმაციის სწრაფად მიღების შესაძლებლობა (მანძილები, სიგრძეები, ფართობები); მასშტაბების შეცვლა; წარწერების რაოდენობის შეზღუდვა, რადგან არსებობს ნებისმიერი პუნქტის მოძებნის მექანიზმი; მულტიმედიურობა (გახმოვანება, ანიმაციები, ვიდეოკლიპები). კარტოგრაფიულ გამოსახულებასთან ერთად ათავსებენ ტექსტს, ფოტოსურათებს, ცხრილებს, იწერება კომპაქტ-დისკზე. იქმნება საცნობარო, საინფორმაციო და ზოგადსაგანმანათლებლო მიზნით.
ელექტრონულიეროვნული ატლასები აქვს კანადას, შვედეთს, ფინეთს, აშშ-ს, ნიდერლანდებს, საფრანგეთს, გერმანიას, შვეიცარიას, ჩინეთს, რუსეთს, უკრაინას. არის დარგობრივი ელექტრონული ატლასები, მაგ.: რუსეთის რკინიგზების და საავტომობილო გზების ატლასები. ელექტრონული ატლასის ნაირსახეობაა „ჰიბრიდული ატლასი“, რომლის შექმნა გამოიწვია იმან, რომ გრაფიკული ინფორმაცია ნელა მოძრაობს „ინფორმაციულ მაგისტრალებზე“, ხშირად იქმნება „ინფორმაციული საცობები“. ვითარების გასაუმჯობესებლად საბაზო რუკა ინახება კომპიუტერის მეხსიერებაში, ხოლო სწრაფად ცვალებადი გამოსახულებების განახლება ხდება ინტერნეტით. ჰიბრიდული ატლასის საინფორმაციო სისტემა შედგენილია ნიდერლანდებში.