ელიფსისი
ელიფსისი – (ბერძ. elleipsis – გამოტოვება), მეტყველების პროცესში ან წერილობით ტექსტში დაკლება სიტყვის ან სიტყვებისა, რომლებიც ადვილად საგულისხმებელია კონტექსტით ან სამეტყველო სიტუაციით. ელიფსისის შედეგად მიიღება არასრული წინადადებები, ნაკლული კონსტრუქციები, მაგრამ ინფორმაციის სიზუსტე დაცულია. ელიფსისი ჩვეულებრივია დიალოგებში („მამა გყავს?“ – „არა, შენი ჭირიმე“. – „დედა?“ – „გახლავთ“. – „ვინ ინახავს?“ – „მე, შენი ჭირიმე“, ი. ჭავჭ.). „ნაკლულია“ ზოგი ბრძანებითი წინადადებაც („აბა, ცხენები!"), რთულ წინადადებებში ხშირად გამოტოვებულია განმეორებული ზმნა („შენ პირუტყვი ხარ და მე – მეტყველი“, ი. ჭავჭ.; „ცა გაფურჩქვნილ ვენახს ჰგავდა, ვარსკვლავები – ოქროს გვრიტებს“, გ. ლეონ), ელიფსისის შედეგია შესიტყვებათა შეკუმშვაც: კაცი წვერით < წვერით მოსილი კაცი; დევივით კაცი < დევივით დიდი კაცი: ცეცხლივით თვალები < ცეცხლივით ანთებული თვალები. ელიფსისის შედეგად მიიღება აგრეთვე ნაჰიპოტაქსარი მარტივი წინადადება. სახელდობრ, ზოგჯერ რთული ქვეწყობილი წინადადების გამარტივებისას იკვეცება მთავარი წინადადება და უერთდება დამოკიდებულს („თუ გამოაღვიძა, მისმა ფეხის ხმამ გამოაღვიძა მერცხალი“ → „მისმა ფეხის ხმამ თუ გამოაღვიძა მერცხალი“, რ. ინან.); ასევე, ზოგჯერ იკვეცება დამოკიდებული წინადადება და უერთდება მთავარს, (ქართველი კაცი, ალბათ, თავს მოიკლავდა, მის ადგილას რომ ყოფილიყო“ –> „ქართველი კაცი, ალბათ, თავს მოიკლავდა მის ადგილას“, გ. რჩეულ).
ელიფსისი აუცილებელი ჩანს ზეპირი მეტყველებისათვის, სადაც გამოტოვებული სიტყვები, გამოთქმები ადვილად ივსება პარალინგვისტური (სამეტყველო ერთეულების შემცვლელი არავერბალური) საშუალებებით – ჟესტებით, მიმიკით, პოზით. ელიფსისის გაჩენის საფუძველი შეიძლება იყოს როგორც ინფორმაციის ცალსახეობის მიღწევა, ისე მეტყველების აღქმის (მეხსიერების) ხასიათი. როგორც სტილისტიკურ ხერხს, ელიფსისს ფართოდ იყენებენ ორატორულ ხელოვნებაში, მხატვრულ ლიტერატურაში.
ლ. კვანტალიანი