ეპაგომენები
ეპაგომენები (ეპაგომენალური დღეები) – ეგვიპტელებს უძველესი დროიდან მთვარის კალენდარი ჰქონდათ, რომელიც სასოფლო-სამეურნეო მიზნებისათვის შეიქმნა და ნილოსის ადიდების ციკლთან იყო დაკავშირებული, მაგრამ ეგვიპტის ერთიან ცენტრალიზებულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების შემდეგ მთვარის კალენდარი, რომელიც მუდმივ ასტრონომიულ დაკვირვებას საჭიროებდა და ორი-სამი წლის გამოშვებით ხან თორმეტ, ხან კი ცამეტ თვეს შეიცავდა, ვერ დააკმაყოფილებდა ქვეყნის ბიუროკრატიულ და ფისკალურ მოთხოვნებს. სწორედ ამ მოთხოვნებისათვის შეიქმნა საერო კალენდარი, რომელიც თორმეტი ოცდაათდღიანი თვისაგან შედგებოდა. რადგან წელიწადში 365 დღეა, ეგვიპტელებმა თორმეტ თვეს 5 „ეპაგომენალური“ დღე დაამატეს. ამიტომ ეგვიპტურ საერო წელს „წელიწადი და ხუთი დღე“ ერქვა. ეპაგომენალური დღეები, რომლებიც საერო წელიწადს ასრულებდა, ეგვიპტის დიდი ღმერთების – ოსირისის, უფროსი ხორის (ხაროერისის), სეტხის, ისიდას და ნეფტიდას დაბადების დღეებად ითვლებოდა და საზეიმო დღეები იყო. ეპაგომენალურ დღეებთან მითიც იყო დაკავშირებული, რომლის თანახმად რამ აუკრძალა თავის დედას ნუტს (ზეცას) შვილების გაჩენა რომელიმე თვეში. თოტმა, რომელიც თავისი ჭკუით და ეშმაკობით იყო განთქმული, ეთამაშა მთვარეს დაფის თამაში. ფსონზე თითო მოგებაზე დღის ერთი სამოცდამეათედი ნაწილი იყო. ბრძენმა თოტმა ხუთი დღის სამყოფი დრო მოიგო. სწორედ ამ დღეებში გააჩინა ნუტმა ხუთი ღმერთი.