ეფოროს კვიმელი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ეფორე-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ეფოროს კვიმელი – (ძვ. ბერძნ. Ἔφορος ὁ Κυμαῖος ; დ. დაახლ. ძვ. წ. 405 — გ. ძვ. წ. 330) — ბერძენი ისტორიკოსი. იგი ეოლიდის (მცირე აზიის) ქ. კუმედან იყო.

ეფოროსს თემად აუღია „საბერძნეთის საერთო ისტორია“ დორიელთა გადმოსახლებიდან ფილიპე მაკედონელის მიერ პროპონტიდის ქალაქ პერინთის გარემოცვამდე (ძვ. წ. 340). ნაშრომი წარმოადგენს არა მხოლოდ რომელიმე გარკვეული ეპოქის, თუ ცალკეული ბერძენი ტომის ცხოვრების გაშუქებას, არამედ მთელი ბერძნული სამყაროს როგორც მეტროპოლიების, ისე ახალშენების თავგადასავლის გადმოცემას და ამიტომაც თავისებურად უნივერსალური ხასიათი აქვს;

ნაშრომი დაყოფილი იყო 30 წიგნად და თითოეულს თავისი შესავალი ჰქონდა. მის თხზულებას როგორც თანამედროვე, ისე შემდგომი თაობები დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ და საბერძნეთის ისტორიის ერთ-ერთ მთავარ წყაროდ თვლიდნენ. ამბების გადმოცემისას ეფოროს კვიმელი სარგებლობდა როგორც წინამორბედთა ნაშრომებით, ისე ეპიგრაფიკული მასალით და უკვე განმასხვავებელი ხაზი გაჰყავდა ლეგენდარულსა და ისტორიულ პერიოდებს შორის. იგი ავლენს რაციონალისტურ მიდგომას მითების განმარტებისადმი, თუმცა მათ სრულ უკუგდებას ვერ ახერხებს. ეფოროს კვიმელი, როგორც ისტორიკოსი, ათენისადმი კეთილგანწყობილია, საყურადღებოა, რომ. იგი ისტორიული კრიტიკის დარგში თითქოს სწორ თეორიულ მსჯელობას ავითარებს, მაგრამ ხშირად ამას ვერ იცავს. მეტისმეტად დიდ როლს ანიჭებს წვრილმან პირადულ მიზეზებს, მაგალითად, პელოპონესის ომის წარმოქმნას იმით განმარტავს, თითქოს პერიკლე გაურბოდა გაწეული ხარჯების ანგარიშის ჩაბარებას და თავისი მეგობრების დაცვას ცდილობდა. ეფოროსი არ იყო პრაქტიკული სახელმწიფო თუ სამხედრო მოღვაწე. იგი იყო თვალსაჩინო სწავლული. ეფოროსმა ბერძნულ ისტორიოგრაფიაში მნიშვნელოვანი კვალი დატოვა და გავლენა იქონია შემდგომი დროის ისტორიკოსების შემოქმედებაზე.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები