ექსპანსიონისტური ნაციონალიზმი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ექსპანსიონისტური ნაციონალიზმი − ნაციონალიზმის ამ ნაირსახეობას აგრესიული, მილიტარისტული და ექსპანსიონისტური ბუნება ახასიათებს. იგი ფაქტობრივად, თანასწორი უფლებებისა და თვითგამორკვევის პრინციპების უარყოფაა და ლიბერალური ნაციონალიზმის ანტითეზა. ნაციონალიზმის აგრესიულმა ბუნებამ პირველად XIX საუკ. მიწურულს იჩინა თავი, როცა ევროპულმა სახელმწიფოებმა, ეროვნული დიდების მოსახვეჭად და „მზის ქვეშ“ ადგილის მოსაპოვებლად, აფრიკის გასაყოფად დაერივნენ ერთმანეთს. იმ დროის ევროპული იმპერიალიზმი იმით განსხვავდებოდა უფრო ადრინდელი, კოლონიური დაპყრობებისაგან, რომ სახალხო ნაციონალიზმის აღტკინებას აყოლილი, იგი ეროვნულ ღირსებას იმპერიალისტურ მისწრაფებებთან აიგივებდა და ყოველი ახალი კოლონიის დაპყრობას საერთო-სახალხო დღესასწაულად — ჯინგოიზმად გადააქცევდა ხოლმე. საბოლოო ჯამში, ორივე მსოფლიო ომი ნაციონალიზმის ამ ექსპანსიონისტური ფორმის შედეგი გახლდათ. როდესაც 1914 წ. აგვისტოში, გამალებული შეიარაღებისა და საერთაშორისო კრიზისების მთელი სერიის შემდეგ, I მსოფლიო ომი დაიწყო, ახალი მიწების დაპყრობისა და სამხედრო ძლევამოსილების პერსპექტივებმა ევროპის ყველა მთავარ დედაქალაქში ერთდროული სახალხო აღტკინება გამოიწვია. II მსოფლიო ომი ძირითადად, იაპონიის, იტალიისა და გერმანიის ნაციონალიზმით შთაგონებული, იმპერიალისტური მისწრაფებების გამოხატულება იყო. ნაციონალიზმის ამ ფორმის ყველაზე დამანგრეველი თანამედროვე მაგალითი ევროპაში, სერბების მისწრაფება აღმოჩნდა „დიადი სერბეთი“ს შესაქმნელად.

უკიდურესი გამოვლინებით, მსგავსი ნაციონალიზმი ისტერიული ეროვნული აღტკინების ფონზე ჩნდება, რასაც ზოგჯერ ინტეგრალურ ნაციონალიზმადაც იხსენიებენ. ამ ტერმინის დამკვიდრებას ფრანგ ნაციონალისტს, ფრანგული წინააღმდეგობის მემარჯვენე ფრთის წინამძღოლს, შარლ მორას (1868-1952) მიაწერენ — რომლის მთავარი დებულება ერის უზენაესი მნიშვნელობის აღიარებაში მდგომარეობდა. მისი თქმით, „ერი — ყველაფერია, პიროვნება ― არაფერი“, ანუ, ერი არსებობს და მარადიულ მნიშვნელობას ინარჩუნებს ნებისმიერი ცალკეული პიროვნების სიკვდილის შემდეგაც; პიროვნების არსებობას კი მხოლოდ მაშინ აქვს მნიშვნელობა, როცა ის ერის ერთიანობასა და კეთილდღეობას ემსახურება. ამგვარ ფანატიზმამდე მისული პატრიოტიზმი განსაკუთრებით ძლიერ ზეგავლენას ახდენს მიუსაფარ, გარიყულ, უძლურ ადამიანებზე, ვისთვისაც ნაციონალიზმი საკუთარი სიამაყისა საკუთარი თავისადმი დაკარგული პატივისცემის აღდგენის საშუალებად იქცევა ხოლმე. თუმცა, ინტეგრალური ნაციონალიზმი დემოკრატიასა და ნაციონალიზმს შორის გადებულ ხიდს ამსხვრევს: „ინტეგრალური ერი“ საკუთარ ნაჭუჭში გამოკეტილი ეთნიკური წარმონაქმნია, სადაც ადამიანები წარღვნამდელი წეს-ურთიერთობებით არიან შეკავშირებულნი და არა ნებაყოფლობითი პოლიტიკური ერთობით. მისთვის უცხოა თავისუფალი დებატები და ღია, კონკურენტული ბრძოლა ძალაუფლებისათვის — ის მხოლოდ დისციპლინას და ერთი, უზენაესი ბელადისადმი მორჩილებას მოითხოვს. ეტყობა, ამიტომაც მიაჩნდა მორას დემოკრატია სისუსტისა და კორუფციის წყაროდ და მონარქიული აბსოლუტიზმის აღდგენას მოითხოვდა.

ნაციონალიზმის ეს მილიტარისტული და აგრესიული ფორმა აშკარა მსგავსებას ავლენს შოვინისტურ მრწამსთან და შეხედულებებთან. ნაპოლეონისა და „ფრანგული საქმის“ თავგადაკლული ჯარისკაცის, ნიკოლა შოვინის გვარიდან მომდინარე ეს ცნება (შოვინიზმი) საკუთარი გვარ-ტომის უზენაესობისადმი გაუაზრებელი რწმენას გულისხმობს. ამდენად, ეროვნული შოვინიზმი უკვე უარყოფს ერების თანასწორობის იდეას და ერების განსხვავებულ ხასიათსა და თვისებებს, შესაბამისად, მათ განსაკუთრებულ „მისიას“ აღიარებს; აქედან გამომდინარე, ზოგი ერი თურმე მმართველად იბადება, ზოგი კი — სამართავად. მსგავსი შეხედულებები, როგორც წესი, ეთნიკური თუ რასობრივი უზენაესობის თეორიებად ყალიბდება ხოლმე და შესაბამისად, ნაციონალიზმის რასიზმად ქცევას უწყობს ხელს. შოვინისტისათვის საკუთარი ერი ერთადერთი და განუმეორებელია, გარკვეული თვალსაზრისით, რჩეულიც კი. მაგალითად, ფიხტესა და იანისათვის, პირველი გერმანელი ნაციონალისტებისთვის, ჭეშმარიტ „ხალხად“ მხოლოდ გერმანელები მოიაზრებოდნენ — აქაოდა, მხოლოდ მათ მოახერხეს წმინდა სისხლის შეურყვნელად შენარჩუნება და ენის სიწმინდის დაცვაო. მორასათვის კი, საფრანგეთი — შეუწონავი სასწაული გახლდათ, ყოველი ქრისტიანული თუ ანტიკური სიქველის განსახიერება.

ამ ტიპის ნაციონალიზმისათვის არანაკლებ მნიშვნელოვანია განსხვავებული ერისა თუ რასის მტრის ხატად დასმა: მტრის წინააღმდეგ ერი ერთ მუშტად იკვრება და საკუთარი მეობისა და მნიშვნელობის განცდით დამუხტული, ერთგვარი „უარყოფითი ერთსულოვნების“ თვისებას იძენს. აუცილებელია მავანი „უცხოს“ სიძულვილი, რათა გამოიკვეთოს „ჩემიანის“ განცდა. შესაბამისად, მსოფლიოც დაყოფილია: ჩვეულებრივ, რასობრივი კატეგორიების მიხედვით — „შინაურებად“ და „გადამთიელებად“. შინაურთა ყველა უბედურება და გასაჭირი გადამთიელებს ბრალდება და ამის ყველაზე ნათელი დადასტურება გერმანული ნაციზმის თავი და თავი − შეურიგებელი ანტისემიტიზმი გახლდათ. ჰიტლერის „ჩემს ბრძოლაში“ (1925) ისტორია წარმოდგენილია როგორც მანიქეველური ბრძოლა არიელებსა და ებრაელებს შორის, რომლებიც, შესაბამისად, სინათლისა და სიბნელის, სიკეთისა და ბოროტების ძალებს განასახიერებენ.

ექსპანსიონისტური ნაციონალიზმის უცვლელი თემა ეროვნული აღორძინება, ანუ ერის „ახლად დაბადებაა“. ნაციონალიზმის ეს ფორმა ზოგადად წარსული დიდების და ეროვნული სიდიადის მითებით საზრდოობს. მუსოლინი და იტალიელი ფაშისტები ერთთავად რომის იმპერიის დღეებს იხსენებდნენ ხოლმე. გერმანელმა ნაცისტებმაც, როცა საკუთარ რეჟიმს „მესამე რაიხი“ უწოდეს, მემკვიდრეობის უწყვეტობას გაუსვეს ხაზი — ბისმარკის მეორე და კარლოს დიდის დროინდელ „რომის საღვთო იმპერიის“ პირველ რაიხებთან. წარსულში ამგვარი ჩაღრმავება სამომავლო მიზნებსაც ისახავს და ერის დანიშნულებაზე მიუთითებს. თუკი ნაციონალიზმი დიდების დაბრუნებისა და ეროვნული სიდიადის აღდგენის იარაღი ხდება, იგი უცილობლად. იძენს მილიტარისტულ და დაპყრობით ხასიათს. მოკლედ, ერისთვის საჯილდაო ქვა ომი ხდება. ინტეგრალური ნაციონალიზმის გულისგულში ხშირად იმპერიული ზრახვები დევს ხოლმე − მიწების გაფართოებისა თუ ახალი კოლონიების დაპყრობის ჟინი. სწორედ ამის გამოხატულებაა პან-ნაციონალიზმიც, რომლის საუკეთესო მაგალითიც კვლავ და კვლავ ნაცისტური გერმანიაა. ჰიტლერის ნაშრომებში ჩამოყალიბებულია სამსაფეხუროვანი დაპყრობითი პროგრამა: პირველ ეტაპზე ნაცისტებს სურდათ შეექმნათ „დიდი გერმანია“ და გაფართოებული რაიხის ფარგლებში ავსტრიის, ჩეხოსლოვაკიისა და პოლონეთის ეთნიკურად გერმანელებით დასახლებული რეგიონები მოექციათ; შემდგომ აპირებდნენ უკვე საკუთრივ გერმანულენოვანი იმპერიის შექმნას — თვით რუსეთის ტერიტორიის ჩათვლით. და ბოლოს, ჰიტლერი მთელს სამყაროზე არიული რასის გაბატონებას ესწრაფოდა.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები