ვაზომოტორული რინიტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვაზომოტორული რინიტი — ვაზომოტორული რინიტები ხშირად არის ასოცირებული ალერგიულ რინიტთან. ამის მიუხედავად, უმრავლეს შემთხვევაში, ალერგიული ფაქტორი აქ არაფერ შუაშია. საერთოდ, ტერმინი – ვაზომოტორული რინიტი, საკმაოდ ზოგადია.

სარჩევი

ვაზომოტორული რინიტის გამაერთიანებელი სიმპტომები

ეს სიმპტომებია:

— უეცარი დაწყება;
— კლინიკური ტრიადა:
  • ცხვირის გაჭედვა, ზოგ შემთხვევაში ანოსმია;
  • სერიოზული რინორეა, იმდენად ჭარბი, რომ პაციენტს წყალივით მოსდის გამონადენი;
  • ცემინების შეტევები;

ლორწოვანი გარსის მდგომარეობა: შეშუპებული, ციანოზური, დახორკლილი, თუ ვაზოკონსტრიქტორების ხშირ გამოყენებასთან გვაქვს საქმე.

ლორწოვანი გარსი არ არის ინფორმაციული და ალერგიულ რინიტს წააგავს.

გამწვავების დროს, რენტგენოლოგიურ სურათზე, სინუსებში ჩანს ლორწოვნის ჰიპერტროფია.

ჩვენი აზრით, ვაზო-მოტორული რინიტი არის ალერგიის, ბეტა რეცეპტორების დისფუნქციის ან ნეირო-ვეგეტატიური სისტემის მოშლის ჯამური ან მონო ეფექტი.

ალერგიული რინიტი

ამ პათოლოგიას რამდენიმე გარემოების დამთხვევა იწვევს, მაგალითად:

— ორგანიზმის განსაკუთრებული მიდრეკილება სპეციფიკური IgE-ის ანომალური გამომუშავებისადმი, ამა თუ იმ ბუნებრივ ალერგენთან ბუნებრივი გზით კონტაქტის საპასუხოდ;
— ცხვირის ლორწოვანის ჰიპერაქტიურობა;
— გეოგრაფიული და სეზონური ფაქტორები;

დიდი რაოდენობით გამომუშავებული IgE, ქსოვილოვანი მასტოციტების და ბაზოფილების მემბრანაზე ფიქსირდება და ამგვარად, ამ უჯრედების დეგრანულაციის გამო, გამოიყოფა უამრავი მედიატორი: ჰისტამინი, ლეიკოტრიენები, პროსტაგლანდინები.

პირველადი რეაქციის შემდეგ, მოსალოდნელია შემდგომი, დაგვიანებული რეაქცია, რომელიც პროცესის ქრონიკულისკენ წასვლის მანიშნებელია. ეს რინიტები უკვე პირველი ტიპის IgE gell და coombs-ის ჰიპერსენსიბილურობას მიეკუთვნება.

არცთუ ისე იშვიათია ატოპიური რეაქციები, როდესაც ვერ ვპოულობთ პასუხისმგებელ ანტიგენს და რინორეა „უმიზეზოდ“ იწყება. ალერგიული ტესტები კანზე, უარყოფითია.

არაალერგიული, ვაზომოტორული რინიტი

ამ ტიპის სურდოს ჩამრთველი ფაქტორები შეიძლება იყოს ფარმაკოლოგიური, ფიზიოლოგიური ან ფსიქოლოგიური. პროცესი ცხვირის ქოლინერგულ ჰიპერაქტივობაში ვლინდება.

ამ დროს ისევ ის მედიატორები, რომლებიც მოქმედებენ ალერგიული რინიტის დროს, იწვევენ პათოლოგიურ პროცესებს და ხელს უწყობენ მათ ქრონიკულში გადასვლასაც. აღსანიშნავია, რომ 9-10 წელიწადში მათ, შესაძლოა, ცხვირის ალერგიული პოლიპოზი გამოიწვიონ.

ვაზომოტორული რინიტი, ზოგ შემთხვევაში, შეიძლება წინ უსწრებდეს ე. წ. ასპირინის დაავადებას.

NOTA BENE
  • ცხვირის ციანოზური ლორწოვანი ვაზომოტორული რინიტის დროს, დადებითი ალერგიული ტესტები კანზე არ არის აუცილებელი იყოს ალერგიული რეაქციის შედეგი.


ალერგენის გამოვლენა

ალერგენის გამოვლენა მრავალეტაპიანი პროცესია. აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ:

— ოჯახის ანამნეზი, განსაკუთრებით ასთმის არსებობა;
— ცხოვრების პირობები და განსაკუთრებით, პირობების შეცვლა და რეაქციის დაწყების დრო;
— დაწყების ასაკი. როგორც წესი, ალერგიული რეაქცია უფრო ახალგაზრდა ასაკში ვლინდება, განსხვავებით ვაზომოტორული არაალერგიული რეაქციებისაგან;
— საერთო – IgE ის არც დიდი და არც მცირე ტიტრი არ არის ალერგიის არსებობა – არარსებობის პირდაპირი ნიშანი. უფრო მიზანშეწონილია სპეციფიკური IgE-ის განსაზღვრა;
— კანის ან სხვა ორგანოს ტესტირება ალერგიაზე ალერგოლოგის რეკომენდაციით უნდა განხორციელდეს;

სეზონური რინიტი

სეზონური რინიტი შესაძლოა გამოვლინდეს ყველა ასაკობრივ კატეგორიაში. მისი დაწყება ყოველთვის ერთსა და იმავე დროს ხდება და ხშირად დამოკიდებულია ამ თუ იმ მცენარის ყვავილობაზე. ხანგრძლივობა 10-20 დღე. კლინიკურად აღინიშნება რინორეა, ცემინება, ცრემლდენა და ბრონქო-ტრაქეიტი.

მკურნალობა სიმპტომურია და კლინიკური ნიშნების სიღრმეზეა დამოკიდებული. შესაძლოა 10 დღიდან რამდენიმე თვემდე გაგრძელდეს.

ალერგიულ რეაქციაზე მკურნალობა შემოიფარგლება ადგილობრივი ან/და სისტემური პრეპარატებით:

— ანტიქოლინერგული აპლიკაცია: Atrovent, Tersigat;
— აპლიკაციური სტეროიდები: Etacid, Dymista.
— სისტემური, per os პრეპარატები: ზადიტენი;
— ანტიჰისტამინები: ზირტეკი, კლარიტინი;
— აპლიკაციური ანტიჰისტამინური პრაპარატები: Palada;

უშედეგო მკურნალობის შემთხვევაში, საჭირო ხდება ალერგო- ლოგის მიერ სპეციალური მკურნალობის ჩატარება, დესენსიბილიზაცია.

ვაზომოტორული, არაალერგიული რინიტები. შეშუპებითი რინიტები

არაალერგიული ცხვირის ჰიპერაქტივობა

ასეთ რინიტებს მიეკუთვნება ისეთი პათოლოგიური რეაქციები, როგორიცაა:

— რეაქცია პოლუციაზე;
— რეაქცია მეტეოროლოგიურ ფაქტორებზე;
— რეაქცია ტემპერატურულ ცვალებადობაზე;
— რეაქცია ფიზიკურ დატვირთვაზე;
— რეაქცია ფსიქოლოგიურ ფაქტორზე;

ამ რინიტების მკურნალობა წარმატებულია ანტიჰისტამინური საშუალებებით. (ცეტირიზინი, ლევოცეტირიზინი).

ეოზინოფილური არაალერგიული რინიტები

ამ რინიტების დროს არც ალერგია და არც მედიკამენტოზური აუტანლობა არ ვლინდება. მხოლოდ აღინიშნება ლორწოვანზე დიდი რაოდენობით ეოზინოფილები და მისი მკურნალობა ადგილობრივი სტეროიდების გამოყენებით ხდება.

შეშუპებითი რინო-სინუსიტი

კლინიკურად არის გამოხატული ცხვირის ლორწოვანის ტოტალურ ედემა, ანოსმია, ხშირია ასთმური შეტევები. პათოლოგიური პროცესი პერმანენტულ ხასიათს ატარებს. ხშირია მისი პოლიპოზით გართულება.

მკურნალობა – ადგილობრივი სტეროიდებით Etacid, Dymista. ანტიჰისტამინები – Palada. ოპერაციული მკურნალობა არ არის რეკომენდებული.

ხანშიშესული ადამიანის რინიტი

მისი კლინიკური მახასიათებელია ჭარბი რინორეა, განსაკუთრებით ჭამის დროს. მკურნალობა ხდება Atrovent-ის გამოყენებით.

ჰორმონალური რინიტი

ორსულობის დროს დაწყებული რინიტი. იგი, ძირითადად, ბოლო ტრიმესტრში ვლინდება. შეიძლება თან სდევდეს სისხლდენები.

პროფესიული რინიტი

პროფესიული ალერგენების გამო ჩამოყაიბებულ რინიტს-პროფესიულ რინიტს უწოდებენ.


NOTA BENE
  • ამ რინიტების დროს, არ არის მიზანშეწონილი ვაზოკონსტრიქტორების დანიშვნა;
  • ასევე, არ არის გამართლებული ალერგიული ტესტების გარეშე, სისტემური კორტიკოსტეროიდების დანიშვნა;
  • დესენსიბილიზაციის დაგეგმვა ყელ-ყურ-ცხვირის გამოკვლევის გარეშე არ არის გამართლებული, რადგანაც შესაძლოა, რინიტი ინფექციური ფონის გამო არის განვითარებული;

წყარო

ოტო-რინო-ლარინგოლოგია და თავ-კისრის პათოლოგიები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები