ვალერიუს მაქსიმუსი
ვალერიუს მაქსიმუსი – (ლათ. Valerius Maximus, I საუკუნე) რომაელი ისტორიკოსი.
ვალერიუსი ისტორიკოსის ნამდვილი გვარია, მაქსიმუსი – შერქმეული მეტსახელი. მას უცხოვრია ახ. წ. I საუკუნის I ნახევარში და დაახლოებით 30-იან წლებში 9 წიგნად დაუწერია თხზულება − „მნიშვნელოვან გამონათქვამთა და ქმედობათა შესახებ“. ვალერიუს მაქსიმუსის ამ თხზულებამ, აგრეთვე იულიუს პარიდუსის (IV ს.) და იანუარიუს ნეპოტიანუსის (VI ს.) მიერ მისგან გადმოღებულმა ეპიტომებმა ჩვენამდე მოაღწიეს.
როგორც თვით ვალერიუს მაქსიმუსის თხზულებიდან ჩანს, ავტორს გამოუყენებია: ციცერონის, ლივიუსის, სალუსტიუსის, პომპეუს ტროგუსის და სხვათა ნაშრომები, მაგრამ მისი ძირითადი ნაწილი მაინც შედგება ცალკეულ ორატორთა სიტყვებისა და გამოჩენილ ადამიანთა გამონათქვამებისაგან, რომელთაგან ზოგი ანეგდოტური ხასიათისაა. ამის გამო, თხზულების დიდი ნაწილი ერთმანეთთან დაუკავშირებელი ცნობების კრებულის ხასიათს ატარებს. ყველაფერი ეს აძნელებს ავტორის მიზანდასახულობისა და მსოფლმხედველობის ნათლად წარმოდგენას, თხზულება ვერც ენობრივი თვალსაზრისით დგას შესაფერის სიმაღლეზე.
მიუხედავად ამისა, ბევრი მასალა თხზულებაში საინტერესოა მასში მოიპოვება ისეთი ცნობებიც, რომელიც ჩვენ სხვა ავტორებთან არ გვხვდება, მაგალითად, საინტერესოა ცნობა, რომლის მიხედვითაც, ერთ მონას ბრალი დასდეს მკვლელობაში. წამების დროს მონამ ეს ბრალდება დაადასტურა და იგი სიკვდილით დასაჯეს. მაგრამ მონის სიკვდილით დასჯიდან რამდენიმე ხნის შემდეგ შინ მშვიდობით დაბრუნდა ამ მონის მიერ „მოკლული“ კაცი.
საინტერესოა ცნობა იმაზე, რომ პირველად გლადიატორთა ბრძოლა დაკავშირებული იყო საკრალურ ამბებთან, კერძოდ, მიცვალებულთა კულტთან. ძვ. წ. 264 წელს აპ. კლავდიუსის და მ. ფულვიუსის კონსულობის დროს, წერს ვალერიუს მაქსიმუსი, ბრუტუსის შვილებმა გარდაცვლილი მამის პატივსაცემად დაკრძალვის დროს მის საფლავზე გლადიატორთა ბრძოლა მოაწყვესო. შემდეგ ხანებში, როგორც ვიცით, გლადიატორთა ბრძოლამ საკრალური ხასიათი დაკარგა და ანტიკური სანახაობითი ხელოვნების ერთ-ერთ დარგად იქცა.
ვალერიუს მაქსიმუსის თხზულება, მიუხედავად მისი კონგლომერატული ხასიათისა, ინტერესით იკითხება, რასაც ისიც ამტკიცებს, რომ მისგან რამდენიმე ეპიტომა შეუდგენიათ.